ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური გაიმართა. საგულისხმოა, რომ ყველა მატჩში ფავორიტმა მოიგო. განსაკუთრებით აღსანიშნავია დინამო თბილისის მოგება, რომელმაც სამტრედია 5:1 დაამარცხა.
კახა ცხადაძის გუნდმა სამტრედია მიიღო და როგორც უკვე გითხარით, 5:1 მოიგო. თითქმის მთელი შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. მე-17 წუთზე ანგარიში ზორან მარუშიჩმა გახსნა, 5 წუთში გიორგი არაბიძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა და ტაიმი 1:1 მორჩა. მეორე ნახევარი სამტრედიელთათვის ცუდად დაიწყო. გიგი მჭედლიშვილმა 47-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწია. მალევე სტუმრები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, საბა ხვადაგიანს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, ეს ისეთი ეპიზოდი იყო როგორც იტყვიან მსაჯის გადასაწყვეტიაო და ხერხაძემაც პენალტის დანიშვნისგან თავი შეიკავა. ამის შემდეგ დინამომ სრული უპირატესობა იგდო ხელთ და 4 გოლი გაიტანა. 57-ე წუთზე დავით სხირტლაძემ ბრწყინვალე ბურთი შეაგდო, სხირტლაძე უდაოდ საუკეთესო გახლდათ და მისი დაბრუნება დინამოს აშკარად ადგება. 2 წუთში საიმონ ბენიომ გაიტანა, 72-ზე რადინმა აიღო ქურდაძის კარი, მატჩს კი წერტილი გიორგი მოისწრაფიშვილმა დაუსვა, რომელმაც ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. დინამო 51 ქულით მეორე ადგილზე, სამტრედია კი 16 ქულით ცხრილის ფსკერზე გახლავთ.
მორიგი 3 ქულა აიღო დინამო ბათუმმა, რომელმაც თელავს უმასპინძლა. გეგუჩაძის გუნდმა მშვენიერი მატჩი ჩაატარა და ფავორიტის სტატუსი გაამართლა. გოლები გუნდის ლიდერებმა ჯაბა ჯიღაურმა, სანდრო ალთუნაშვილმა და ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანეს. ბათუმელები 56 ქულით ჩემპიონატს ლიდერობენ, თელავი კი 25 ქულით მე-8 ადგილზეა.
ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ლოკომოტივი ტორპედოს ესტუმრა და 3 ქულა აიღო. რკინიგზელებმა ქუთათურები 1:0 დაამარცხეს, გამარჯვების მომტანი გოლი ირაკლი სიხარულიძის ანგარიშზეა. მატჩში ბევრი მომენტი არ შექმნილა, ნაკლებად იყო სანახაობა, 1:0 და ლოკომოტივმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ჭიაბრიშვილის გუნდი 40 ქულით მე-5 ადგილზეა, ტორპედო კი 25 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.
გორის დილა თელავს ესტუმრა და ფავორიტის სტატუსი ამ შეხვედრაშიც გამართლდა. შიდა ქართლელებმა კომფორტული სხვაობით 2:0 მოიგეს და პოზიციები გაიმყარეს. დემჩენკოს გუნდმა ცოტნე მოსიაშვილის და უსმანე კამარას გოლებით გაიმარჯვა და სამეულისთვის ბრძოლას აგრძელებს. დილა 43 ქულით მე-4 ადგილზეა, თელავი კი 25 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.
ტურის ბოლო მატჩში, საბურთალომ ქობულეთის შუქურა მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. ქობულეთელებს საკმაოდ ცუდი დრო უდგათ. შაშიაშვილის გუნდმა ბოლო 5-დან 4 მატჩი წააგო. ანგარიში იური ტაბატაძემ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, მეორე ნახევარში კვლავ საბურთალო უფრო აქტიურობდა და აკაკი შულაიამ ძლიერი დარტყმით შეაგდო, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კი 1 ბურთი ლევან ინგოროყვამ გაქვითა. საბურთალო 43 ქულით მესამეზეა, შუქურა კი 21 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.
27-ე ტური
შუქურა – თელავი
სამტრედია – საბურთალო
სამგურალი – ტორპედო
ლოკომოტივი – დინამო თბ
დილა – დინამო ბთ
ფოტო: ეროვნული ლიგა