ეროვნული ლიგის მე-5 და საქართველოს რიგით 33-ე ჩემპიონატი დასრულდა. პირველად ისტორიაში ჩემპიონი დინამო ბათუმი გახდა.
ბოლო ტური სწორედ დინამო ბათუმის მატჩით გაიხსნა, რომელმაც გორის დილასთან 2:2 ითამაშა. მატჩის შემდეგ, დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა, ქალაქში დიდი ზეიმი იყო, ბათუმელები ამ დღეს წლები ელოდნენ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ჩემპიონობაში თავისი წვლილი გულშემატკივრებმაც შეიტანეს. რაც შეეხება მატჩს, მასპინძელთაგან გოლები გრიგოლ ჩაბრაძემ და ბენჟამინ ტეიდიმ გაიტანეს, გორელთა მაისურით კი თორნიკე კაპანაძემ და ვანდერსონ სილვამ შეაგდეს. შეხვედრას არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რადგან ბათუმელებს ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდათ, დილას კი მესამე ადგილზე ვერავინ შეეცილებოდა.
იმერულ დერბიში ტორპედომ სამგურალი 4:1 დაამარცხა. ქუთათურებს ეს პლეი-ოფის ზონიდან თავის დასაღწევად არ ეყოთ. გუნდმა ჩემპიონატი 40 ქულით მე-8 ადგილზე დაასრულა, სამგურალი კი 41-ით მე-7 პოზიციაზე გავიდა. ტორპედოდან ფადი ზიდანმა დუბლი შეასრულა, თითო ბურთი კი ბუკასმა და ახვლედიანმა გაიტანეს. ბაქარ მირცხულავამ ავტოგოლი გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შემცირდა.
ასევე უხვგოლიანი გამოდგა საბურთალო – სამტრედიას დაპირისპირება, ლევან კორღალიძის შეგირდებმა მეტოქე 5:1 დაამარცხეს. მასპინძელთაგან გოლები შოთა ნონიკაშვილმა, გიორგი გულიაშვილმა, ნიკოლოზ მალიმ, ლევან ნონიკაშვილმა და გიორგი მამაგეიშვილმა გაიტანეს, სამტრედიადან თავი გიორგი არაბიძემ გამოიჩინა. საბურთალომ ეროვნული ლიგა 57 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა, სამტრედია კი 21 ქულით გავარდა.
სეზონი ასევე მოგებით დახურა თელავმა, რომელმაც შუქურას შინ 2:1 მოუგო. მიქაძის დამოძღვრილებმა პირველი ტაიმი 0:1 წააგეს, გოლი გია აფხაზავამ გაიტანა. მატჩის ბოლო 10 წუთში კახელებმა 2 გაიტანეს და 3 ქულა ჩაიწერეს. ჯერ ლაშა შერგელეშვილმა შეაგდო შორეული დარტყმით, შემდეგ ირაკლი რუხაძემ დაუსვა მატჩს წერტილი. შეხვედრის ბოლოს იყო გაწევ-გამოწევა და წითელი ბარათები. მსაჯმა 91-ე წუთზე მოედნიდან მირიან ჯიქია და საბა წინჭარაძე გააძევა. თელავმა ჩემპიონატი 44 ქულით მე-6 ადგილზე დაასრულა, შუქურა კი 27 ქულით მე-9 პოზიციაზე გავიდა და პლეი-ოფით მოუწევს ადგილის შენარჩუნება.
ჩემპიონატის ბოლო მატჩი დინამო არენაზე გაიმართა, სადაც დინამო თბილისმა ლოკომოტივს 3:2 მოუგო. მატჩის დაწყებამდე ფეხბურთიდან ომარ მიგინეიშვილი გააცილეს. ომარი ბოლო 2 სეზონის განმავლობაში იცავდა დინამო თბილისის ღირსებას და საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ისიც სათქმელია, რომ ეროვნულ ლიგაში დებიუტი ჰქონდა ლოკომოტივის მეკარეს სოსო კოპალიანს. იგი საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახლავთ. მატჩმა დინამოს უპირატესობით ჩაიარა და 3 გოლი შეაგდო, დინამოელთაგან თავი ბენიომ, მარუშიჩმა და გაბედავამ გამოიჩინეს, ლოკოდან კი ადამა ვადიმ დუბლი შეასრულა. დინამო თბილისმა საქართველოს ჩემპიონატში მე-700 გამარჯვება მოიპოვა. ცხადაძის გუნდმა ჩემპიონატი 70 ქულით მე-2 ადგილზე დაასრულა, ლოკომ კი 53 ქულით მე-5 პოზიცია დაიკავა.
ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი