ეროვნულ ლიგაში მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 10-დან 6 გუნდმა მატჩი უგოლოდ დაასრულა.
თბილისურ დერბიში დინამომ ლოკომოტივს უმასპინძლია და გიორგი გაბედავას დუბლის წყალობით 2:0 გაიმარჯვა. მე-17 წუთზე სტუმრებმა ცენტრში ბურთი დაკარგეს, რომელიც მარუშიჩმა მოიპოვა, მან საჯარიმოსთან ახლოს მდგომ გაბედავას გადააწოდა და გიორგიმაც შეაგდო. 65-ე წუთზე გაბედავამ პენალტი გოლად აქცია და დინამომ 3 ქულა იღო.
გათამაშების მეორე ფავორიტმა დინამო ბათუმმა გორის დილა მიიღო და ანალოგიური ანგარიშით დაამარცხა და აქაც ფორვარდის დუბლი ვიხილეთ. ბათუმელებს გიორგი ფანცულაიამ მოაგებინა. 22-ე წუთზე ჯიღაურმა მაისაშვილს მისივე საჯარიმოში ბურთი მოპარა და მე-14 ნომერს უპასა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. 40-ე წუთზე გეგუჩაძის გუნდმა სწრაფი კონტრშეტევის შედეგად გაიტანა, გოლი კვლავ გიორგი ფანცულაიას ანგარიშზეა.
საბურთალომ სამტრედიას უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 4:0 მოუგო. დედაქალაქელები მთელი მატჩი უპირატესობას ფლობდნენ, რაც ტაბლოზეც აისახა. მე-17 წუთზე ანდრო გიორგაძე მეტოქისთვის ბურთის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც ავტოგოლი გაიტანა. 42-ე წუთზე იური ტაბატაძემ გიორგი გოჩოლეიშვილს შესანიშნავი პასი გაუკეთა და მანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. 83-ე წუთი იყო როცა ლევან ნონიკაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და მშვენიერი ბურთი შეაგდო. მატჩს წერტილი 91-ე წუთზე ოგაგა ოდუკომ დაუსვა. აკაკი შულაია საჯარიმოში შევიდა, 1 მცველი მოატყუა და საბურთალოს ლეგიონერს ცარიელ კარში შეაგდებინა.
პირველი ტურის შემდეგ პირველად მოიგო თელავმა. კახელები ქობულეთის შუქურას შეხვდნენ და 1:0 გაიმარჯვეს. შეყილაძის დარტყმული მცველს მოხვდა, რიკოშეტის შემდეგ კი ფირუზ მარაქველიძემ 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა და თელავს დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა.
უგოლო ფრით დასრულდა ქუთაისის ტორპედოს და წყალტუბოს სამგურალის დაპირისპირება. იმერულ დერბიში ქულები განსაკუთრებით ქუთათურებს სჭირდებოდათ, რომლებიც გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ, თუმცა როგორც გითხარით მატჩი ფრედ დასრულდა.