საქართველოს ნაკრები 18 თებერვლს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში სტუმრად ეთამაშება ესპანეთის ეროვნულ გუნდს. ნიდერლანდებში გამარჯვების შემდეგ ბორჯღალოსნები პორტუგალიაში გაემგზავრნენ და მომავალი მატჩისთვის იქ ემზადებიან.
ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. პირველხაზელი ვახტანგ აბდალაძე (ლენსტერი) ალექსანდრე ქუნთელიამ (ლა როშელი) შეცვალა.
ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
“ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ნიდერლანდებში ჩასვლა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თურქეთში მომხდარი ტრაგედიისა და უამინდობის გამო ბევრი რეისი გადაიდო და ამის შესახებ გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გავიგეთ. მოგვიწია ორ ეტაპად მგზავრობა. პირველ ჯგუფს გადაჯდომაზე აეროპორტში დიდი ხნით მოუწია ლოდინი, მეორე ჯგუფი კი, იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც კაპიტნის ვარჯიში უნდა გვქონოდა. ამიტომ, ნიდერლანდებში საერთოდ ვერ ვივარჯიშეთ და გართულებულმა მგზავრობამაც დაგვატყო ხელი.
ესპანეთთან თამაშისთვის პორტუგალიაში ვემზადებით. გვქონდა ვიდეო-ანალიზი და დავაფიქსირეთ შეცდომები. ესპანეთი ძლიერი გუნდია. რომ არა დაუდევრობა, ახლა მსოფლიო თასის მონაწილე იქნებოდა. მათ ყავთ ბრძოლისუნარიანი ფორვარდები და სახიფათო უკანახაზელები. ვფიქრობ, საინტერესო თამაში გველოდება”.