ეს ბელმონდოა!.. ყოფილი მეკარე, პსჟ-ს ქომაგი

აუფ, რამდენი ფანი შეემატა პსჟ-ს და კიდევ რამდენი შეემატება… ლეო მესის გადასვლამ პარიზი გადარია და საფრანგეთის ლიგა 1-იც უკვე სხვა გახდება: უფრო ყურებადი, პოპულარული.

ვინ არიან პსჟ-ის ყველაზე ცნობილი გულშემატკივრები? ერთი განსაკუთრებულია და მასზე დავწერთ, მითუმეტეს, ფეხბურთთან კავშირშია: ფრანგი კინოვარსკვლავი ჟან-პოლ ბელმონდო. ყველასთვის საყვარელი „შეშლილი პიერო“, „პროფესიონალი“, „მიქელე“… ბელმონდო 88 წლისაა.

ბევრს არ ეცოდინება, რომ ბელმონდო მეკარე იყო. პარიზის გუნდებში თამაშობდა 19 წლამდე… საერთოდ, სპორტული ბიჭი ყოფილა და კრივში პარიზის ჩემპიონი გახდა. მოკლედ, რინგზე უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მინდორზე, მაგრამ საბოლოოდ, ორივეს შეეშვა. 20 წლისამ გადაწყვიტა: სცენაზე!

პსჟ 1970 წელს დაარსდა და ბელმონდოც ერთ-ერთი იყო ცნობილი ადამიანებიდან, რომელმაც კლუბში გარკვეული თანხა ჩადო. ცოტა ხანს პსჟ-ის ვიცე-პრეზიდენტიც იყო, მაგრამ პოსტიდან წავიდა – ორ საქმეს ერთად ვერ ვუძღვებიო…

„დიდი თანხა მივიტანე კლუბში? საკმაოდ… ვნანობ, რომ წამოვედი და პროცენტები არ დავიტოვე“ – განაცხადა ბელმონდომ 2018 წელს…

და კიდევ, კინოვარსკვლავმა თავისი აზრი გამოთქვა თანამედროვე ფეხბურთზე:

„პსჟ-ის ვარსკვლავები ძალიან დიდი ხელფასს იღებენ. ეს ამორალურია და ვფიქრობ, სპორტის არსს ეწინააღმდეგება. მეტიც, კლავს. ადრე ფეხბურთი სხვა ფასეულობისა იყო, სხვა ჟინი. ტელევიზორში ბევრ თამაშს ვერ ვუყურებდით და ამბებს ვიგებდით, დღეს კი ყველაფერი ხელმისაწვდომია, რაც ფასეულობას ჩრდილავს“ – უთხრა ბელმონდომ Le Figaro-ს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *