ეს ბზარი იყო ადრე?

ატლეტიკოს დიეგო სიმეონეს მწვრთნელობისას ასეთი ცუდი პერიოდი არ ჰქონია. ამდენი წაგება, ამდენი გოლის გაშვება… ამჯერად ლევანტესთან შინ 0:1 წააგეს და თან, მეტოქეს თამაშითაც ვერ აჯობეს.

ატლეტიკო მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის, თუმცა ასეთი თამაშით ძალიან გაუჭირდება. რას ბრალდება ასეთი არაატლეტიკოური თამაში? უპირველესად, არაატლეტიკოურ ფეხბურთელებს: ტიაგუ, გაბი, არდა თურანი რომ იყვნენ, ასეთები არ ჰყავთ, უფრო ტექნიკურ და რბილ მანერაზე გადავიდნენ, რაც როგორც ჩანს, ამ გუნდის ფილოსოფიაში ვერ ჯდება.

მეორე მხრივ, სიმეონემ ისიც იცის, რომ მხოლოდ გაბი-თურანი-ტიაგუსნაირებით ყოველთვის ვერ მოიგებდა და გადავიდა უფრო შემოქმედებით სტილზე, თუმცა ფაქტია, ვერ გამოუვიდა: ჟოაო ფელიში 126 მილიონის მეოთხედ თანხასაც ვერ ამართლებს, დაცვაში დიეგო გოდინისნაირი ლიდერი სანატრელია, ლუის სუარესმა მოუკლო და ასე შემდეგ… ეს ბზარი იყო ადრე? არ ყოფილა, ბოლოს გაჩნდა.

სიმეონეს კომენტარი ლევანტესთან წაგების მერე:

„ცუდი მატჩი გვქონდა. წაგება ყოველთვის მტკივნეულია. რა ხდებოდა გასახდელში?  სიჩუმე იყო, ვისაუბრებთ და გავაანალიზებთ. ბევრი ფიქრობს, რომ ოთხეულში ვერ შევალთ, მაგრამ ასე არ ვთვლი. მესმის, რომ ეს ფაქტებით უნდა დავამტკიცოთ. მარტო სიტყვები არაფერს ნიშნავს, მოსაწყენია“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *