UFC-ს ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე, აღნიშნული ორგანიზაციის ლეგენდას, კორეელ ზომბს აქტიურად იწვევს. ზომბიმ ბოლო ბრძოლა ტიტულისთვის, ვოლკანოვსკის წინააღმდეგ გამართა, თუმცა ჩემპიონმა იგი უშანსოდ, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ, კორეელმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს მისთვის ბოლო ბრძოლა იყო. თუმცა ოფიციალურად კარიერა ჯერ არ დაუსრულებია.
გიგა ჭიკაძესა და ზომბის შორის, სიტყვების გაცვლა და დაძაბულობა გიგას კატართან მარცხის შემდეგ დაიწყო, როცა ზომბიმ გიგას მიმართ თვითერზე შეურაცხმყოფელი პოსტები გაავრცელა. ვალში არც გიგა დარჩა. ამ ამბიდან თვეების შემდეგ, კი ქართველი მებრძოლი კვლავ ზომბისთან ბრძოლისკენ მიისწრაფვის. The Schmo-სთვის მიცემულ ინტერვიუში, გიგამ ახსნა, თუ რატომ იწვევს ზომბის ასე აქტიურად:
“თუ ზომბის მართლა სურს, კიდევ ერთი ბრძოლა გამართოს, მე მისთვის ერთადერთი ვარიანტი ვარ. მას ბევრი სათქმელი დაუგროვდა, ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ. სიამოვნებით შევხვდებოდი მას ოქტაგონზე. ის ინგლისურად ვერ საუბრობს, მე კორეულად – მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო ენა, რომელზეც ორივე ვსაუბრობთ – ჩვენი დიალოგი ოქტაგონზე შედგება. მე მჯერა, რომ ეს დიდებული შოუ იქნება ხალხისთვის.”