ეს ნაკრებია, რა დროს მოტივაციაზე და მონდომებებაზე საუბარია?..

საქართველო და უკრაინა… დღეს უცხოური ფეხბურთის ამბებს რომ ჩამოვყევით,  ეს სათაურიც შეგვხვდა:

ალექსანდრ პეტრაკოვი: „ფეხბურთელებს მოტივაცია არ სჭირდებათ, ისედაც ყველაფერი იციან“

ეს გახლავთ უკრაინის ნაკრების მწვრთნელი და მის გუნდს ბოსნიასთან აქვს მორიგი შესარჩევი მატჩი.

უცებ კი გაგახსენდება ადამიანს, რა თქვა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან წაგების მერე:  „ფეხბურთელებს მონდომება და თავდადება აკლიათ“.

რატომ? მწვრთნელი ასეთ რამეს ამბობს მხოლოდ მაშინ, როცა აშკარად ხედავს პრობლემას. სხვანაირად მოერიდება. ესე იგი, იცის, რასაც ამბობს. და მან რომც არ თქვას, ეს ეჭვი ისედაც გაგიჩნდება, როცა თამაშს უყურებ… სანიოლმა უბრალოდ კონკრეტიკა არ დაიწყო.

და ისმის კითხვა – რატომ არ უნდა მოინდომოს ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ნაკრებში? აი, ეს სრულიად გაუგებარია. ასეთი ტრაგედიის დროს, დარწმუნებულნი ვართ, წინა თაობების ქართველი ფეხბურთელები სხვანაირი შემართებით ითამაშებდნენ. გვაქვს მაგალითები – თუნდაც რუსეთთან, რომელიც ობიექტურად საქართველოზე ძლიერი ნაკრები იყო.

ახლა კი რაღაც უცნაურ ფენომენთან გვაქვს საქმე. სანიოლმა კი, სჯობს, გაგვაცნოს ის ფეხბურთელები, რომლებიც არ ინდომებენ და თუ პირდაპირ ვერ ამბობს, იმით დაგვანახვოს, რომ ნაკრებში აღარ გამოიძახოს.

12 ოქტომბერს კი კოსოვოსთან მატჩია. არც აქაა საჭირო მოტივაციაზე საუბარი – შინ ამ არაღიარებულ ნაკრებთან თამაში წაგებულია. მეტი სტიმული რაღა? იმედია, კოსოვოში სხვა შედეგს ვნახავთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *