მერაბ შარიქაძე: ეს ნამდვილად არ იყო სამართლიანი მსაჯობა.

საფრანგეთის ნაკრებთან დასრულებული მატჩის შემდეგ აღშფოთებას ვერ მალავდა ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ის აშკარად უკმაყოფილო იყო ცუდი მსაჯობის გამო. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შარიქაძე მსაჯმა თავისთან იხმო, რათა სიტყვიერად გაეფრთხილებინა, რომ ჩვენი მორაგბეები თამაშის წესს ხშირად არღვევდნენ. მერაბმა მას მოუსმინა და უპასუხ:

“მესმის, რომ ჩვენ პატარა გუნდი ვართ. საფრანგეთს ისედაც უპირატესობა აქვს. რატომ არ აჯარიმებთ მათ იმავე დარღვევაზე, რაზეც ჩვენ გვაჯარიმებთ?” ავსტრალიელმა დეიმონ მერფიმ ჩაიცინა და უსიტყვოდ გაეცალა.

მატჩის შმდეგომ პრესკონფერენციაზე მერაბ შარიქაძემ ავსტრალიელი თემიდის მსახური კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა:

“არ მიყვარს მსაჯებზე ლაპარაკი. ასეთ თამაშებში მსაჯს დიდი გავლენა აქვს. ყველამ ვიცით, რომ საფრანგეთი ჩვენზე ძლიერია, ამიტომ მათ დახმარება ისედაც აღარ სჭირდებათ. ვფიქრობ, მსაჯი ჩვენს მიმართ ძალიან მკაცრი იყო. ის ჩვენ გვაჯარიმებდა, მეტოქეს- არა. თუ ამ მატჩს თავიდან უყურებთ, დარწმუნებული ვარ, ნახავთ, რომ მან ფრანგები ძალიან ბევრჯერ არ დააჯარიმა. გთხოვთ, უყურეთ თამაშს და გაანალიზეთ. ეს ნამდვილად არ იყო სამართლიანი მსაჯობა.

ჩვენთვის ეს ყოველივე ძალიან ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, რადგან ასეთ შეხვედრებში მონაწილეობის მიღების საშუალება ხშირად არ გვეძლევა. ვცდილობთ, მოედანზე 100 პროცენტით დავიხარჯოთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც მთელი თამაშის განმავლობაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და დიდი ანგარიშით მარცხდები. რა თქმა უნდა, შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო ჯერზე უკეთესი მსაჯობა იქნება”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *