ლევან ყენიამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო… გერმანიის რანგით მეოთხელიგელ კლუბ იურდინგენში მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ. ბევრმა რომ იცოდეს: იურდინგენი დიდი საფეხბურთო ტრადიციების ქალაქია, გერმანიის თასის აქვს მოგებული, მერე გაკოტრდა და ახალი კლუბი შეიქმნა.
ყენია იურდინგენში შარშან ვარჯიშობდა, პსვ-სთან ამხანაგურშიც ითამაშა…
„მწვრთნელობა რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე. როცა ვთამაშობდი, თან ვსწავლობდი. ავტომატურად მაქვს B ლიცენზია და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად A-ზე და მერე Pro-ზე გავალ.
…იურდინგენის მთავარი მწვრთნელი ჩემი მეგობარია: რუსი დმიტრი ვორონოვი. აქედან წამოვიდა ვარიანტი და მისი თანაშემწე გავხდი.
…შარშან მესამე ლიგაში იყო კლუბი, მერე გავარდა. გაკოტრდა, ახლიდან დაიწყო ყველაფერი, ფეხბურთელებიც სულ ახალგაზრდები არიან. ისე კი, ტრადიციული გუნდია, 10-15 000 გულშემატკივარი სულ მოდიოდა სტადიონზე და ახლაც იგრძნობა დიდი ინტერესი“.
ვნახოთ, როგორი იქნება ყენია-მწვრთნელი. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ქვედა ლიგიდან თანაშემწის რანგში იწყებენ.
ყენია – საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი და ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე, ერთ დროს უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც 18 წლის ასაკში შალკეში თამაშობდა და ხორვატი ივან რაკიტიჩი რამდენიმე შეხვედრაში სკამზე ჰყავდა გადასმული.
მერე კი კოჭის ტრავმები, გაცდენილი 3 წელიწადი, დაბრუნება, კარპატიში კარგი სეზონი, შემდეგ ისევ ტრავმა და ა.შ. ყენია ბოლოს საბურთალოში თამაშობდა.
ბოლოს გეტყვით, რომ იურდინგენის ბაიერს 1986 წელს რაც აქვს გაკეთებული, ძნელად თუ გაიმეორებენ. თასების თასის მეოთხედფინალი სტუმრად დრეზდენის დინამოსთან 0:2 ჰქონდა წაგებული. შინ კი პირველი ტაიმის მერე 1:3-ს აგებდა. წარმოიდგინეთ, 5 გოლი სჭირდებოდა გასასვლელად და მოახერხა. მეტიც, 6 გაიტანა და 7:3 მოიგო!.. ნახევარფინალში გავიდა.