ეშლი ბარტიმ მე-13 ტიტული მოიგო

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ეშლი ბარტიმ ცინცინატის მასტერსის ფინალში 6:3 6:1 მოუგო ჟილ ტაიხმანს და კარიერაში მეორედ მოიგო 1000-იანთა კატეგორიის ტურნირი.

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა, ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე.

სეტის მეორე ნახევარში, ეშლიმ სათამაშო ტემპს მოუმატა და მერვე გეიმში ბრეიკიც შეასრულა 5:3. ავსტრალიელმა მომდევნო გეიმში დამაჯერებლად ჩააწოდა და სეტიც უპრობლემოდ მოიგო 6:3.

მეორე პარტიაში ტაიხმანის თამაში საერთოდ მოიშალა – შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 5 გეიმი წააგო და შეხვედრამ ინტრიგა დაკარგა. ბარტიმ მეორე სეტი 6:1 მოიგო და მასთან ერთად მატჩიც.

შეხვედრა 71 წუთს გაგრძელდა, რა დროის განმავლობაშიც ეშლის ანგარიშზე 8 ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და 5 ბრეიკი იყო. ტაიხმანმა 2 ეისის წილ 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ერთხელ აიღო მეტოქის ჩაწოდება.

ეშლი ბარტიმ მიმდინარე სეზონში მე-40 მატჩი მოიგო და დამაჯერებლად ლიდერობს მსოფლიო რეიტინგს 10185 ქულით.

2021 წელს ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა უკვე მე-5 ტურნირი მოიგო – მელბურნი, მაიამი, შტუტგარტი, უიმბლდონი და ცინცინატი.

ჟილ ტაიხმანმა 1000-იანი კატეგორიის ტურნირის ფინალში გასვლით რეიტინგში ერთბაშად 31 პოზიცია მოიგო და უკვე მსოფლიოს 45-ე ჩოგანია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *