ეძახე ბებერი! ლივერპულში საუკეთესო… მილნერია

ჯეიმს მილნერი – ფეხბურთელი, რომელიც უკვე 7 წელია, სეზონისწინა მკვლელი ტესტებისას საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. რაც ლივერპულში გადავიდა, მას შემდეგ. და მილნერი 36 წლისაა.

ასეა ახლაც. იმდენად მაღალი ინტენსივობაა და ისეთი სპრინტებია, რომ ფეხბურთელები ეთიშებიან რბოლას, ბოლოს კი ერთი რჩება: ჩემპიონი… და ეს ჩემპიონი კვლავაც მილნერი გახდა. იურგენ კლოპის გუნდის ვიცე-კაპიტანი ნიმუშია სხვებისთვის.

უკვე 20 წელია, მილნერი პროფდონეზე თამაშობს. ლიდსში დაიწყო, როცა 16 წლის იყო. იმ დროს ლივერპულის ახლანდელი ფეხბურთელები ჰარვი ელიოტი და კელვინ რემზი დაბადებულებიც არ იყვნენ.

მილნერზე ხშირად ამბობენ, კრიშტიანუ რონალდუსავით ორგანიზმი აქვს, მისაბაძი პროფესიონალია და კარგი იქნება, ჯეკ გრილიში მისგან თუ ისწავლისო.

აი, რას ამბობს ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი: „ძლიერი გუნდი ვართ, ბევრ ფეხბურთელს სასწაული ამტანობა აქვს, მაგრამ ნეტავ როდესმე თუ ვნახავ მილნერისნაირს? ის განსაკუთრებულია. თან მის ასაკს თუ გავითვალისწინებთ“.

Leave a comment

Your email address will not be published.