ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში, ვალენსია სანტიაგო ბერნაბეუს ეწვია.
ღამურებს რთული პერიოდი უდგათ, გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფებიან და მწვრთნელი შეიცვალეს – გატუზოს გაშვების შემდეგ, ვორო მოიყვანეს (მერამდენედ?! – მეოთხედ), რომელსაც გუნდის გადარჩენა დაევალა.
რეალში საპირისპირო მდგომარეობაა – გუნდი, ტრადიციულად, ჩემპიონობისთვის იბრძვის და 19 მატჩში მხოლოდ 2 წაგება აქვს.
პირველმა ნახევარმა ბევრი მომენტის გარეშე ჩაიარა, თუმცა კლასის დემონსტრირება მამარდაშვილს უკვე მე-5 წუთზე მოუხდა – ქართველმა ასენსიოს ერთი ერთზე აუღო.
ტაიმის ბოლოს, რუდიგერმა ანგარიში გახსნა, თუმცა VAR-ზე შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ბენზემა მუსაზე თამაშის წესს არღვევდა.
მეორე ტაიმი ღამურებისთვის კატასტროფულად დაიწყო. ჯერ ასენსიომ გაისროლა – საჯარიმოს გარედან, ცაციათი, როგორც იცის ხოლმე. გიორგის ბურთის მოგერიების შანსი არ ჰქონდა.
მეორე გოლი, პირველი გოლიდან, დაახლოებით 1 წუთში გავიდა – ვინისიუსი ისე გაიქცა, ვალენსიას დაცვა ზურგს უკან მოიტოვა, მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა და უპირატესობა სოლიდური გახადა.
ვინი მეორე ნახევარში ბრწყინვალე იყო. ისე იცეკვა, პაულისტა წყობილებიდან გამოიყვანა, თანამემამულესთან ისე იუხეშა, რომ მოედნიდან გასაძევებელი გახდა. ამის შემდეგ, ინტრიგა სრულად დაიკარგა.
საბოლოო ჯამში, ქართველ მეკარეს კარში 7-ჯერ დაურტყეს, საიდანაც მან 5 მოიგერია…
Whoscored.com-ის მიხედვით, მამარდაშვილმა 6.9 ქულა დაიმსახურა, რაც ვალენსიაში საუკეთესოა…
შემდეგ ტურში. ღამურები ჟირონას ესტუმრებიან. გადარჩენისთვის ბრძოლა გრძელდება. სხვაობა 1 ქულაა.