საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-15 ტურის მატჩები გაიმართა. ქართველ მორაგბეთა გუნდების უმრავლესობამ წარმატებით იასპარეზა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აუტსაიდერთა შორის მყოფი ბრივის ბოლოდროინდელი წინსვლა.
მას შემდეგ, რაც ვასილ ლობჟანიძის, ვანო კარკაძისა და ლუკა ჯაფარიძის ბრივის მთავარ მწვრთნელად პატრიკ კოლაზო დაინიშნა, გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგო. მე-15 ტურში ბრიველებმა ბექა გიგაშვილის ტულონს უმასპინძლეს და 26:17 მოიგეს. კარკაძემ, რომელიც თამაშში 42-ე წუთიდან ჩაერთო, 78-ე წუთზე ლელო გაიტანა, რაც მატჩის მოსაგებად გადამწყვეტი აღმოჩნდა. გიგაშვილი ტულონის რიგებში შეცვლაზე 43-ე წუთზე შევიდა.
ბრივს ახლა 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. ტულონი კი, 31 ქულით მეცხრე საფეხურზე იმყოფება.
ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა მიდი ოლიმპიკმა ვანო კარკაძე საუკეთესოთა შორის დაასახელა. აი, რას წერს მასზე გამოცემა:
“ბრივის გამარჯვებაში ვანო კარკაძეს დიდი წვლილი მიუძღვის. მისი ლელო მატჩში გარდამტეხი გამოდგა. მატჩის მიწურულს მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში შერკინებისას შესანიშნავად გაისარჯა და ბურთი ლელოში შეიტანა. ახალგაზრდა ქართველი შერკინების კვაჭი უფრო და უფრო უმატებს”.