ვარსკვლავების ბუდე… რა ხდება ამ კლუბში ასეთი?

გრონინგენი პატარა, 200 000–იანი ქალაქია ნიდერლანდებში. ქვეყნის მასშტაბით მაცხოვრობლების მიხედვით მერვე.

საფეხბურთო კლუბი გრონინგენი შედეგის მხრივ კლდეებს ვერ ანგრევს, ჩემპიონი არასოდეს გამხდარა და აიაქს–პსვ–ფეიენოორდთან საერთოდ რა მოსატანია?

მაგრამ გრონინგენს ერთი ნიშა აქვს. ამ კლუბში ფეხბურთელები უკეთესები ხდებიან. ახლა ჩამოვთვლით 9 მაგარ მოთამაშეს (მათ შორის, ვარსკვლავებს), რომელთა ტრამპლინიც გრონინგენი გამოდგა.

არიენ რობენი (20002002)

რობენი 18 წლისა იყო, როცა გრონინგენის მთავარ გუნდში მოხვდა, მანამდე კი ამავე კლუბის აკადემიაში გახლდათ. ორი სეზონიც და 4,7 მილიონ დოლარად გაიყიდა პსვ–ში, მერე კი მიჰყვა და მიჰყვა… სხვათა შორის, იმ პსვ–ში გოგა გახოკიძე თამაშობდა. პატარა ნიდერლანდელი და გოგა დაახლოებით ერთ პოზიციაზე იყვნენ. კონკურენტები. შარშან რობენი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.

ლუის სუარესი (20062007)

გრონინგენმა 19 წლის სუარესი ურუგვაის ნასიონალიდან იყიდა. ტრანსფერმა 1,1 მილიონი დოლარი შეადგინა. მხოლოდ ერთი სეზონი, 37 თამაშში 15 გოლი და ბიჭიც აიაქსშია. ამსტერდამელებმა 9 მილიონი დოლარი ჩაუთვალეს პატარა კლუბს. სხვათა შორის, აიაქსმა თავიდან 5 მილიონი შესთავაზა გრონინგენს, რაზეც უარი მიიღო. ამაზე კი სუარესმა ატეხა ერთი ამბავი. ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციაში შეიტანა თავისი საქმე – კონტრაქტში იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც გრონინგენმა ურუგვაელი ვეღარ დააკავა. ეგაა, თანხა აუწიეს.

ვირჯილ ვან დეიკი (2011-2013)

ვინ იყო ვან დეიკი 20–21 წლის ასაკში? არაფრით გამორჩეული მცველი. ბევრი თანატოლი ჰოლანდიელი ჭაბუკი სჯობდა. მხოლოდ 20 წლის ასაკში დააწინაურეს გრონინგენის მთავარ გუნდში. თუმცა სულ პროგრესირებდა და ისე მოხდა, რომ ორ წელიწადში 2,6 მილიონ ევროდ გაიყიდა სელტიკში. ერედივიზიონის მაგარი ფეხბურთელები სელტიკში არ მიდიან, მაგრამ რა აზრი აქვს, ვინ იყო გუშინ? მთავარია, ვინაა დღეს. აი დღეს კი ვან დეიკი მსოფლიოს ერთ–ერთი უმაგრესი მცველია და ლივერპული მის გარეშე წარმოუდგენელიცაა.

რონალდ კუმანი (19801983)

ვარსკვლავი. მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეგოლე–მცველი. კაცი საჯარიმოებს პენალტივით ურტყამდა: უმეტესად ძალაზე გათვლით, თუმცა არც ჩახვეულებზე ამბობდა უარს. გრონინგენის აკადემიის გამოშვებაა, 17 წლისა დააწინაურეს მთავარ გუნდში. სამი წლის მერე კი აიაქსში გადავიდა. მერე იყო პსვ, ბარსელონა, ბოლოს ფეიენოორდიც… პიკი, რა თქმა უნდა, ბარსაში ჰქონდა და ხომ იცით, ვისი გოლითაც მოიგეს კატალონიელებმა პირველი ჩემპიონთა თასი 1992 წელს?

ერვინ კუმანი (1982-1985)

ძმასავით დიდი ვერ იყო, მაგრამ ევროპის ჩემპიონია 1988 წელს. ნაკრების უცვლელი ფეხბურთელი გახლდათ და თან, რა ნაკრების!

 

დუშან ტადიჩი (20102012)

ახლა აიაქსის ერთ-ერთი ლიდერი. ტადიჩი გიორგი მერებაშვილის თანაგუნდელი იყო სერბულ ვოივოდინაში, საიდანაც გრონინგენმა სულ რაღაც 1,23 მილიონ ევროდ იყიდა. ორ წელიწადში კი ტვენტემ 7,7 მილიონი ჩაახუტა გრონინგენს… ტადიჩმა გრონინგენში 68 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. ამდენი ლამის ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე აქვს გატანილი.

დელი ბლინდი (2010)

აიაქსმა ექვსი თვით გაანათხოვრა და იმ ექვს თვეში ბლინდმა მშვენივრად ითამაშა. გრონინგენიდან აიაქსში დაბრუნებულმა კი აშკარად მოუმატა და პრაქტიკაც გაეზარდა. ისე, გრონინგენს 1,5 მილიონ ევროდ სურდა ბლინდის ყიდვა და ფაქტობრივად გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ ბოლოს ჩაიშალა.

ანდრეას გრანკვისტი (20082011)

შვედს უიგანთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა გრონინგენში, სადაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სამ წელიწადში კი 2 მილიონ ევროდ გაყიდეს იტალირ ჯენოაში. წარმოიდგინეთ, 2010–2011 წლების ნიდერლანდურ სეზონში 11 გოლი გაიტანა. ცენტრალურ მცველზეა საუბარი…

ფილიპ კოსტიჩი (2012-2014)

 სერბი ნახევარმცველი, რომელიც სენსაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო: ბარსელონა-აინტრახტი 2:3… კოსტიჩის ორი გოლი. კოსტიჩი 19 წლის იყო, გრონინგენმა სერბეთის რადნიჩკიდან რომ იყიდა. ორი წელი იყო ნიდერლანდებში, მერე კი შტუტგარტში, ჰამბურგში და აი, ბოლო წლებში აინტრახტში. გასულ ზაფხულს კი კოსტიჩი თითქმის გადასული იყო ლაციოში, მაგრამ აი, რა მოხდა: აინტრახტს გაყიდვა არ სურდა და ლაციოს ელექტრონული ფოსტის არასწორი მისამართი მისცა. არადა, ლაციო ურეკავდა კოსტიჩს და ხელფასზეც შეთანხმებულები ყოფილან, მაგრამ ოფიციალურად?.. აინტრახტმა სერბს უჩვენა, რომ ფოსტაზე არანაირი შეთავაზება არ მისულა.

ეს ამბავი ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. კოსტიჩმა თავისი აგენტისგან შეიტყო, რაც აინტრახტმა გააკეთა. მან აჩვენა ლაციოს მიერ გაგზავნილი წერილის სქრინშოტი. ამაზე ადრე გვეწერა Leadersport-ს, თუმცა ეს სხვა ისტორიაა და გრონინგენს აღარ ეხება.

მოკლედ, ქართველი ფეხბურთელებიც გვინდა გრონინგენში…

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.