ვასილ მაისურაძე: წინ დიდი თავგადასავალი გველოდება

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა 6 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში, უელსის 19 წლამდე ნაკრებთან 0:0 ითამაშა. უელსის გარდა ჩვენი ფეხბურთელები ნორვეგიელ და კოსოვოელ თანატონელბს შეხვდებიან.  ამ შესარჩევ ციკლზე და კიდევ რამდენიმე საკითხზე Leadersport.ge გუნდის მთავარ მწვრთნელს ვასილ მაისურაძეს ესაუბრა. ინტერვიუ რამდენიმე დღის წინაა ჩაწერილი და მცირე ხარვეზების გამო დღეს გთავაზობთ.

 

როგორ ემზადება გუნდი მოახლოებული შესარჩევი ციკლისთვის?

 

– 5 დღიანი მოსამზადებელი პერიოდი დავიწყეთ. მანამდე 4 ამხანაგური თამაში გვქონდა. ეს ცოტაა, თუმცა პანდემიის გამო მეტი ვერ მოხერხდა. 2 მატჩი აზერბაიჯანთან და 2 ესტონეთთან, 3 თამაში მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. საერთაშორისო თამაშებს სხვა დატვირთვა, პასუხისმგებლობა და სხვა ხიბლი აქვს, რაც ძალიან დაგვეხმარა. წინ დიდი თავგადასავალი გველოდება და ჯგუფის მოსაგებად მაქსიმუმს გავაკეთებთ.

 

საკადრო პრობლემები თუ გაქვთ?

 

– სამწუხაროდ ტრავმის გამო გიორგი აბუაშვილი დაგვაკლდება, რომლისაც ძალიან გვეიმედებოდა. ჩხეტიანი და გაგნიძე პირდაპირ ნორვეგიაში ჩამოვლენ. დანარჩენი ვინც მოიაზრება ყველა ჯანმრთელადაა.

 

მეტოქე გუნდის თამაშებს ნახავდით, რა შთაბეჭდილება დატოვეს თქვენზე?

 

– ეხლაც ამაზე ვმუშაობთ. სხვათა შორის უელსელები წმინდა ბრიტანულიდან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ, ტექნიკურები არიან. აღსანიშნავია, რომ კარგი თაობა ჰყავთ, რომლებიც კარგ გუნდებში თამაშობენ.

 

უელსის 19 წლამდელებთან ადრეც მოგიწიათ თამაში. რამდენად შეიცვალა მათი სათამაშო სტილი?

 

– კარგი კითხვაა, დღეს განსხვავებული ნაკრებია, უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ და არა მაღალი ჩაწოდებით. იმ თამაშის მერე, რომელიც თქვენ ახსენეთ, 8 წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. როგორც გითხარით, ეს უფრო ტექნიკური და მოძრავი გუნდია.

 

კოსოვოს და ნორვეგიის თამაშებზე რას გვეტყვით?

 

– მათ ადგილზე ვნახავთ, ჯერ მთავარი საფიქრალი უელსის ნაკრებს ეხება. მთავარი მაინც პირველი შეხვედრაა. კოსოვოზე და ნორვეგიაზე მერე ვიფიქრებთ.

 

რომელი იქნება მთავარი სათამაშო სქემა?

 

– ორ სქემას ვამუშავებთ, 4-3-3 და 3-5-2. ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი რომელს გამოვიყენებთ. გადაწყვეტილებას ვარჯიშებზე მივიღებთ.

 

გიორგი ჩხეტიანი ბრაგას ასაკობრივ გუნდში გადავიდა. თქვენი აზრიც საინტერესოა ამ ტრანსფერზე

 

– ყველამ კარგად ვიცით როგორი საფეხბურთო ქვეყანაა პორტუგალია. 23-წლამდე გუნდში მისვლაც კარგი ამბავია, დიდი გამოწვევაა მისთვის და შემდეგ იმედია მთავარ გუნდშიც ვიხილავთ.

 

ეს არ არის პირველი ფორმაციის 19 წლამდელები, რომელთანაც მუშაობთ. რა სხვაობაა წინა თაობასთან ?

 

– რთულია ესე კონკრეტულად რამის თქმა. ყველა თაობის ყველა ასაკობრივში არის რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში თამაშს  ვუწინასწარმეტყველებთ.

 

ბევრ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია და ეს ძალიან გაგირთულებთ საქმეს

 

– ეგ ჩვენთვის მთავარი დარტყმაა, ძნელია იმის თქმა რის ხარჯზე დავძლევთ ამ ბარიერს. უპრაქტიკობა ძალიან რთულია, ეს ის პროცესია, რასაც მწვრთნელმა უნდა მოარგოს გასაღები, გამოიცნოს ის შემადგენლობა ვინც ყველაზე კარგ ფორმაში იქნება.

 

რამდენად არიან გუნდში ინდივიდუალისტები?

 

– რამდენიმე ინდივიდუალისტი არის, თუმცა ჩვენ ცალსახად გუნდურობა გვსურს. ყველა ასაკობრივის მონახაზი სწორედ გუნდურობაა. როცა ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელი უცხოეთში მიდის სათამაშოდ, პირველი პრობლემა სწორედ უბურთოდ თამაშია. რაც შეეხება ინდივიდუალიზმს, ამას ფეხბურთელს არცერთი მწვრთნელი არ უშლის.

 

უკვე 4 წელია მწვრთნელთა ლიცენზირებას ხელმძღვანელობთ. ამ მხრივ რა სიტუაციაა?

 

– ტექნიკურ დეპარტამენტთან ერთად, კარგად დაკომპლექტებული პერსონალი ვართ. ყველას ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გადანაწილებული. დავნერგეთ ახალი სტანდარტები და მიდგომები.  

 

კმაყოფილები ხართ მათი მუშაობით თავიანთ კლუბებში? გადააქვთ აქ მიღებული ცოდნა მოედანზე?

 

– რთული პროცესია, მწვრთნელს მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს, რომ აქ ნასწავლი მოედანზე გადაიტანოს. ვფიქრობთ მონიტორინგი დავაწესოთ თუ რამდენად კარგად იყენებენ აქ მიღებულ ცოდნას.

 

ხშირად ესწრებით მწვრთნელთა თამაშებს?

 

– დიახ, თამაშებზე ხშირად დავდივართ. 15 წლამდე გუნდების მატჩებსაც ხშირად ვესწრები. მწვრთნელებს ჩვენგანაც და კლუბებისგანაც მეტი მხარდაჭერა და კონტროლი სჭირდებათ როგორც კლუბებში, ასევე საფეხბურთო სკოლებში.

 

თქვენ უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებთან გიწევთ მუშაობა. რამდენიმე ფორმაციის 17 და 19 წლამდე ნაკრებები, 21 წლამდე ნაკრები. ამ ასაკის ფებხურთელებში რამდენად არის პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი? 

 

– ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ, სოციალური თემებიდან არის გამომდინარე. სად და რა გარემოში იზრდება. სკოლა, ოჯახი, მეგობრებიშემდეგ 1 კვირიანი შეკრება ჩვენთან და თამაშები. მაქსიმალურად ვცდილობთ ისეთი ფეხბურთელები შევარჩიოთ, რომლებმაც უკვე იციან რა არის ნაკრები და ქვეყნისთვის რო უნდა დაიხარჯო. თუ ფეხბურთელი ამ ღირებულებებზე არ დგას, შემდეგ რთულდება ადაპტირება. ამ მხრივ გვაქვს გარკვეული სტანდარტი, ვინც ჩვენს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, აქ ვერ მოხვდება. ყველამ უნდა იცოდეს რას ნიშნავს ნაკრებში თამაში.

 

19-20 წლის ბიჭებს სამწუხაროდ ნაკლებად ენდობიან ეროვნულ ლიგაში. თქვენი აზრით, რისი ბრალია ეს? არის უნდობლობა თუ სელექციის პრობლემაა?

 

– როგორც უკვე გითხარით, გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგრამ ვფიქრობ არასაკმარისი რაოდენობის, საიდანაც გარკვეული ნაწილი მიზეზთა გამო იკარგება.

 

რამდენად აძლევს ელიგა 2 19 წლის ფეხბურთელს იმის საშუალებას, რომ განვითარდეს და 19 წლამდე ნაკრებში კარგად ითამაშოს?

 

– თუ ზოგად ფონს გავითალისწინებთ, ალბათ არ აძლევს. კლუბების მხრიდან ალბათ უფრო მეტისაჭიროსწორი მონახაზი უნდა არსებობდეს, შესაბამისი საფეხბურთო ამინდის ფონზე, რითიც კლუბების საშეჯიბრო სტანდარტი უფრო ხარისხზე ორიენტირებული გახდება.

 

თქვენთან ინტერვიუ იმ ფორმაციის 17 წლამდე ნაკრებზე საუბრის გარეშე ვერ ჩაივლის, რომელიც ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა. რის ხარჯზე მიაღწიეთ წარმატებას?

 

– თავდაუზოგავი შრომა, სწორი სელქცია და რაც მთავარია გუნდურობა. მთავარი მიზეზი სწორედ გუნდურობა გახლდათ. ამ ერთსულოვნებით შეიძლება მსგავსი გაბრწინებები.

 

გადამწყვეტ თამაშზე უკრაინასთან 15 ათასამდე გულშემატკივარი მოვიდა. რამდენად იყო ნერვიულობა?

 

– ფეხბურთელებზე ვერ გეტყვით, მაგრამ მე ძალიან ვნერვიულობდი. უკრაინამდე ინგლისს ვეთამაშეთ, ისეთი სწრაფი და ძლიერი გუნდი იყო, ბიჭებს მათი თამაში არ ვაჩვენე. არის მომენტი როცა დინამიკა სისიტუაცია უნდა წაიკითხო და მიხვდე რა როდის რა მოიმოქმედო.

 

ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამაც ალბათ დიდი როლი ითამაშა

 

– რა თქმა უნდა, გუნდში ფსიქოლოგიური გარემოს შექმნის ერთი რეცეპტი არ არსებობს. ეს მწვრთნელზე და ზოგადად შტაბზეა დამოკიდებული.


ნიდერლანდელებთან 1/2 ფინალში გოლები ბოლო წუთებზე გავუშვით. რა დაგვაკლდა მაგ მომენტში?

 

– ბევრი რამ, ყველაზე მეტად ალბათ მაინც გამოცდილება.

 

ეროვნულ ლიგაში ხედავთ პროგრესს?

 

– ბოლო წლების მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ დარჩენილ პრობლემებს და გამოწვევებს ალბათ ვერ გავექცევით. ვფიქრობ, ალბათ უფრო მეტი ფინანსური რესურსია საჭირო და შემდეგ საქმისადმი მიდგომის გარკვეული კუთხით ცვლილება, რაც შედეგს ადრე თუ გვიან მოიტანს.

 

საქართველოს ჩემპიონატიდან ნაკრებში ფეხბურთელების გამოძახებაზე რას ფიქრობთ?

 

– ცალსახად მივესალმები. ელიგიდან ფეხბურთელს რომ გამოიძახებენ, მოთამაშემ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ ნაკრებში ადგილი შეინარჩუნოს. ეს დანარჩენი ფეხბურთელებისთვისაც დიდი სტიმულია.

 

საქართველოს ნაკრებში დღეს თქვენ ხელში გამოვლილი ბევრი ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ ძალიან ამაყი ხართ როცა მათ ეროვნული გუნდის მაისურით ხედავთ.

 

– ამ ბიჭების საკლუბო თუ სანაკრებო წარმატებებს რომ ვუყურებ, ძალიან ბედნიერი ვარ. მათ მინდა ვუთხრა, რომ მიღწეულზე არ დაკმაყოფილდნენ და ყოველ შეკრებაზე ეცადონ, რომ განვითარდნენ.

 

და ბოლოს, რას ურჩევდით დამწყებ ფეხბურთელებს?

 

– პირველ რიგში საქმისადმი დამოკიდებულება ჰქონდეთ კარგი, რასაც ჩვენ პროფესიონალიზმს ვეძახით. აუცილებელია შრომისმოყვარეობა. შევხედოთ ჩვენსავით პატარა ერებს, ხორვატიას და სერბეთს, სწორედ დამოკიდებულებით და ბრძოლის ჟინით აღწევენ წარმატებას. ფეხბურთელმა ყოველ ვარჯიშზე და ყოველ თამაშზე უნდა დაამტკიცოს, რომ კარგია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *