ვასიუკი და მსოფლიო ფეხბურთი

ვიცი, რუსული ლიტერატურიდან მაგალითის მოტანა ზოგმა შეიძლება არ მომიწონოს, მაგრამ რა ვქნა თუკი ილფისა და პეტროვის „თორმეტი სკამი“ გამახსენდა. ამ წიგნში არის გამოგონებული, პატარა, პროვინციული ქალაქი ვასიუკი. ჩემი თაობის ხალხს წიგნიც წაკითხული ექნება და ალბაც ფილმზეც ბევრჯერ უცინია, ამიტომ ბოდიში მინდა მოვუხადო, ხოლო მათ, ვის დროსაც ეს ნაწარმოები უკვე ყავლგასულად ჩაითვალა, მოკლედ ვეტყვი რა ქალაქია ეს ვასიუკი და რა შუაშია ფეხბურთთან.

Create meme "Ostap (Ostap , 12 stulev 1971 , I have all the moves written )" - Pictures - Meme-arsenal.com

თაღლითი ოსტაპ ბენდერი ყოფილ დიდგვაროვან კისა ვორობიანინოვთან ერთად თორმეტი სკამის ძიებაში რუსეთს აღმა-დაღმა სერავს. ამ თორმეტი სკამიდან, რომლებიც ოდესღაც მავან მადამ პეტუხოვას ეკუთვნოდა, ერთ-ერთში განძია. უკაპიკოდ დარჩენილი ოსტაპი და კისა სწორედ ამ განძის დევნაში ამოყოფენ თავს ვასიუკიში, სადაც ოსტაპი გადაწყვეტს ადგილობრივი ჭადრაკის კლუბს ფული დასცინცლოს. ის თავს ცნობილ მოჭადრაკედ გაასაღებს და დანიშნავს ტურნირს, სადაც ერთდროულად 160 დაფაზე აპირებს თამაშს.

პატარა ქალაქში „ცნობილ მოჭადრაკესთან“ შესახვედრად ტურნირზე დაახლოებით ათი კაცი მივა, მაგრამ ოსტაპ ბენდერი იხტიბარს არ გაიტეხს. ის მეტი დამაჯერებლობისთვის ჭადრაკზე ლექციას წაიკითხავს, სადაც ვასიუკელებს მომავალს ნათელ ფერებში დაუხატავს — ეტყვის, თუ თქვენ 100 მანეთს შემიგროვებთ, დადგება დრო, როდესაც ვასიუკი მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლებსო. შემდეგ, ეშხში შესული თაღლითი აღწერს, როგორ გახდება ვასიუკი მსოფლიო ჭადრაკის ცენტრი. ამის მერე დადგება რუსეთის დედაქალაქის მოსკოვიდან ვასიუკიში გადატანის აუცილებლობა, რის გამოც მოსკოვს დაერქმევა ძველი ვასიუკი, ხოლო ვასიუკის ნიუ-მოსკოვი. მთავრობა ცხადია ნიუ-მოსკოვში გადაბარგდება და თანდათანობით ვასიუკი გახდება ცივილიზაციის ცენტრი, სადაც პლანეტათაშორისი საჭადრაკო ტურნირებიც კი ჩატარდება.

Где находится город Васюки - Интересные факты

ეს ამბავი იმით მთავრდება, რომ ვასიუკელები ბენდერს 21 მანეთს და 16 კაპიკს შეუგროვებენ, მაგრამ როდესაც ერთდროული თამაშის სეანსში ყველა პარტიას მოუგებენ, საცემად გამოეკიდებიან.

ახლა თქვენ მკითხავთ, რა ვასიუკი ამიტყდა, რამ გამახსენა 96 წლის წინ დაწერილი წიგნი, რომელიც ერთი შეხედვით ჩემს ბლოგებთან არაფერ შუაშია. სად ბენდერი და სად ჩვენი ტრადიციული სპორტული თემები.

რამ გამახსენა და ფიფა-უეფამ. მსოფლიო ფეხბურთის ორმა გაუმაძღარმა ორგანიზაციამ, რომელთაც ოსტაპ ბენდერისგან განსხვავებით ასპარეზად პატარა პროვინციული ქალაქი კი არა, მთელი მსოფლიო უქცევიათ და ამხელა დედამიწას ვასიუკობას, უფრო სწორედ ნიუ-მოსკოვობას ჰპირდებიან. სინამდვილეში კი ცხადია ფული უნდათ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა როგორ უნდა აღვიქვა დიდ ტურნირებზე გუნდების რაოდენობის დაუსრულებელი ზრდა. ფიფა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 48 გუნდის დაშვებას აპირებს და ამის პარალელურად მუნდიალების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებაზეც ფიქრობს. უეფას კი 2028 წლის ევროზე 32 გუნდის გამოყვანა უნდა. წარმოგიდგენიათ? 55 წევრი ქვეყნიდან 32 ფინალურ ეტაპზე მოხვდება.

What a 48-team World Cup would have looked like in 2014

ამას დაამატეთ ჩემპიონთა ლიგა თავისი ევროლიგით და სხვა ნაზირ-ვეზირებით, რომელთა ფორმატიც ათასნაირად შეიძლება გადააკეთონ თუ, რასაკვირველია, ბობოლა კლუბები უეფას ამ შეჯიბრებებს საერთოდ არ წაართმევენ და თავიანთ, კიდევ უფრო ხარბ სუპერლიგას არ ჩამოაყალიბებენ.

ხომ გახსოვთ, სიმღერა და ცეკვა ბობ ფოსის მიუზიკლიდან „კაბარე“? აი, მსოფლიო ფეხბურთის ბოსებმა მალე ლაიზა მინელის და ჯოელ გრეის Money რომ შემოსძახონ და ფულის წარმოდგენაზე ნერწყვმომდგარებმა დაუარონ კიდეც, გასაკვირი აღარ იქნება.

Money makes the world go around…

მერე კიდევ იტყვიან, ამ ბოლო დროს ფეხბურთელებს გულის შეტევები რატომ მოსდითო.

 

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.