ა.შ.შ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირმა, რომელშიც მონაწილეობას არაერთი ტოპ ჩოგბურთელი იღებს – რაფაელ ნადალი, ფელიქს ოჟე ალიასიმი, ალექს დე მინორი, გრეგ დიმიტროვი, იანიკ სინერი.
Citi Open-ის მოქმედი გამარჯვებული ნიკ კირიოსი გახლავთ, რომელიც წლევანდელ ტურნირს პირველი ეტაპიდან იწყებდა.
ავსტრალიელის მეტოქე კორტების მასპინძელი – მაკენზი მაკდონალდი გახლდათ.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე.
მე-9 გეიმში კირიოსს ჩავარდნა დაეწყო, ზედიზედ სამი ქულა წააგო და მეტოქე ბრეიკპოინტებამდე მივიდა. ნიკმა 2 გადაარჩინა, თუმცა მესამე მცდელობით ამერიკელმა ბრეიკი შეასრულა და შემდეგ გეიმში იოლად მიიყვანა სეტი გამარჯვებამდე 6:4.
მეორე პარტიის მე-5 გეიმში მაკენზიმ მეორედ აიღო მეტოქის ჩაწოდება და ბრეიკიანი უპირატესობით გავიდა წინ.
3:4-ზე ნიკი ბრეიკპოინტამდე მივიდა, თუმცა მაკდონალდმა ეს ხიფათი მოიგერია. ამერიკელმა ჯერ 2 გეიმიანი ჰანდიკაპი აღადგინა, ხოლო შემდეგ უკვე წარმატებით ჩააწოდა მატჩის მოსაგებად 6:4 6:4.
პრესკონფერენციაზე ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა კირიოსმა.
„თამაშის რიტმის შეგრძენა მაქვს დაკარგული, იმიტომ რომ სათამაშო პრაქტიკა ნაკლები მაქვს. როდესაც რეგულარულად გიწევს თამაში, სხეული ავტომატურად გრძნობს გარკვეულ მოძრაობებს, მარტივად ხვდები როდის უნდა მოუმატა, როდის უნდა მოუკლო ტემპს.
წაგებით რათქმაუნდა უკმაყოფილო ვარ. სოციალურ ქსელში დაიწყებენ ჩემს დაცინვას და წამოვა უკმაყოფილების ახალ-ახალი ტალღები.
უნდა ვაღიარო, დღეს თამაში მაინდამაინც კარგად არ გამომივიდა.მქონდა რამდენიმე ბრეიკპოინტი, თუმცა ვერ გამოვიყენე. ჩოგბურთში ესეა – თუ შენ ვერ იგებ ქულას, იგებს მოწინააღმდეგე.
ვხვდები, რომ წინა წლებთან შედარებით აშკარად შემეცვალა ხასიათი – ადრე წაგების შემდეგ ვამტვრევდი ყველაფერს, დასანახად ვერ ვიტანდი მოწინააღმდეგეს, ეხლა კი როდესაც ახალგაზრდა ჩოგბურთელი მიგებს, სადღაც გულის სიღმეში მიხარია მისი წარმატებაც.“