პანკრეასის სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა… 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანლუკა ვიალი. იტალიის ნაკრების, სამპდორიას, იუვენტუსის, ჩელსის ყოფილი სუპერთავდამსხმელი.
ვინც არ იცის: ვიალის დონის ფორვარდი იტალიას დღეს ნამდვილად არ ჰყავს. ალბათ მიახლოებული დონისაც კი არავინ…
მასზე ადრეც არაერთხელ დავწერეთ Leadersport-ში. ვიალი-მანჩინი სუპერდუეტი იყო სამპდორიაში და რა სიმბოლურია, რომ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი მწვრთნელების რანგში სწორედ მათ მოიგეს.
ვიალი მანჩინის თანაშემწე იყო და სხვათა შორის, იმ დროს უკვე ჰქონდა სიმსივნე და მაინც მუშაობდა. მკურნალობდა და მუშაობდა, მხოლოდ 20 დღის წინ დაანება თავი ყველაფერს და მთლიანად გადაერთო სიკვდილთან ბრძოლაზე. ბოლო ორი კვირა საავადმყოფოში იწვა…
ვიალი-მანჩინის სამპდორიას ცოტა დააკლდა ჩემპიონთა თასის აღებამდე, მაშინ ბარსელონასთან წააგეს ფინალი (1992 წელს 0:1), მაგრამ ასწიეს თასების თასი, სკუდეტო… თან რა პერიოდში, როცა სერია ა სასწაულ დონეზე იყო.
ვიალიმ მოგვიანებით მაინც მოიგო ლიგა: ეს უკვე იუვენტუსში, როცა აიაქსს აჯობეს პენალტებში. ვიალი-დელ პიერო-რავანელი წინ მშვენიერი სამეული იყო.
სანაკრებო კარიერა ვერ ჰქონდა ისეთი, როგორიც მის კლასს შეეფერებოდა. კი, ითამაშა 1988 წლის ევროპაზე და 1990 წლის მუნდიალზე, მაგრამ მერე უკვე არიგო საკისთან ჰქონდა პრობლემები…
თავად ვიალის მოყოლილი: იტალიის ნაკრების საზეიმო წვეულებაზე საკის ხელსახოცში პარმეზანი ჩაუყარა. საკი იმ საღამოს ჩამოთხუპნული დადიოდა. ეწყინა, ვიალის კარაგ ხანს არ იძახებდა ნაკრებში… ჯანლუკასაც იუვეს გასახდელში დაღრეჯილი საკის ფოტო ჰქონდა გაკრული, თურმე თამაშის წინ შეხედავდა და გაღიზიანებული გადიოდა მინდორზე…
და მწვრთნელი ვიალი? ჩელსიში ჯერ თამაშობდა, მერე მწვრთნელი გახდა და 1998 წელს თასების თასი მოიგო. ფინალში იოაჰიმ ლიოვის შტუტგარტს 1:0 სძლია ჯანფრანკო ძოლას გოლით.
პანკრეასი… შარშან ვიალიზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.
“არასასურველ სტუმართან ჩემი ბრძოლა გრძელდება. და ავადმყოფობა მხოლოდ ტანჯვა არაა, ამ დროს ცხოვრების რაღაც დეტალებს სწავლობ. საინტერესოა. სიკვდილის კი მეშინია. არ ვიცი, რა ხდება იქ, სადაც მომიწევს წასვლა”.