იცით ვინ არის ედ ო’როსი? ამერიკელი მსახიობია, დიდი არაფერი. ახლა 72 წლის არის და ვიკიპედიაში, მის შესახებ შედგენილი წერილის პირველ აბზაცში, სადაც ო’როსის ყველაზე გამორჩეული როლებია ჩამოწერილი, „დიკ ტრეისიში“ ნათამაშები ვიღაცის და კიდევ ერთი-ორი ნაკლებად ცნობილი პერსონაჟის გვერდით წერია, რომ განსახიერებული ჰყავს ქართველი განგსტერი ვიკტორ როსტაველი.
ფილმს, სადაც ო’როსიმ ვიკტორ როსტაველი ითამაშა ჰქვია „წითელი სიცხე“ და მთავარ როლში არნოლდ შვარცენეგერია. 1988 წელს გადაღებული სისულელეა. ეს ის ეპოქაა, როდესაც საბჭოთა კავშირში გორბაჩოვმა „პერესტროიკა“ დაიწყო, ამერიკელებმა კი შეატყეს, რომ „ბოროტების იმპერიისთვის“ ხელი უკვე ერთ ადგილას ჰქონდათ წავლებული და აჭყვირებდნენ. აბა, თუნდაც ხუთი წლით ადრე სსრკ იდეოლოგიურ მტრებს საბჭოთა მაფიაზე ფილმის ფრაგმენტების წითელ მოედანზე გადაღების ნებას დართავდა?
თან ყველაფერი რა კარგად დაალაგეს — ამერიკელი და რუსი მაგარი ბიჭები ქართველის მაფიას ამარცხებენ. რატომ ქართველის? იმიტომ, რომ თან საბჭოელია (უარყოფითი პერსონაჟი საბჭოელი უნდა ყოფილიყო), თანაც რუსი არ არის. მოკლედ, შენ დაუკარ…
მაგრამ, მაინცდამაინც როსტაველი? ახმახიშვილი ან ჩახმახიშვილი მაინც მოეგონებინათ.
მახსოვს, მაშინ ქართველი ინტელიგენცია აღშფოთდა, მაგრამ… ამ აღშფოთებას დიდი შედეგი არ მოუტანია. „ვიკიპედიაში“ არც კი წერია ფილმს სკანდალი რომ მოჰყვა. არადა, ასეთ ამბებს ჩვეულებრივ წერენ ხოლმე ქვეთავში controversy.
ცხადია მიხვდით, რომ როსტაველი ნონა გაფრინდაშვილისა და Netflix-ის ამბავზე გამახსენდა. გამახსენდა, რადგან მაშინაც და ახლაც გავბრაზდი. კი ბატონო, იყოს ბანდიტი ქართველი და ჯობდეს ვიღაც გამოგონებული თოჯინა ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკში, მაგრამ რა აუცილებელია, პირველ შემთხევაში მაინცდამაინც ქართული კულტურის ბურჯს ებდღვნა, მეორე შემთხვევაში კი ტყუილები ილაპარაკო? თურმე ნონა რუსი მოჭადრაკეა (საბჭოთა რომ ეთქვათ, კიდევ ჰო) და თან კაცებთან არასდროს უთამაშია…
არადა, ქალბატონ ნონას ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუაში აქვს გაკეთებული სწორედ ის, რაზეც დგას დღევანდელი პროგრესული სამყარო. რითაც თავი მოსწონთ დასავლელებს და რასაც სხვებთან შედარებით თავიანთ დიდ უპირატესობად მიიჩნევენ. ნონა გაფრინდაშვილმა ქალთა და კაცთა შორის ჯებირი გაანგრია. მან ქალბატონების მომავალ თაობებს გზა გაუკაფა. დაამტკიცა, რომ სქესებს შორის ინტელექტუალური ჭიდილი შესაძლებელია. მოკლედ, როგორც ვიკტორ როსტაველის თითქმის მოგვარე ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში იტყოდა: ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია.
ასე რომ, ქალბატონმა ნონამ Netflix-თან დავა წესითა და რიგით უნდა მოიგოს. რატომ? იმიტომ, რომ სიმართლე მის მხარესაა, თან აშკარად. სხვა საქმეა, რომ სასამართლოში, ჩემი გაგებით, მართალი ყოველთვის არ იმარჯვებს. ხშირად დემაგოგიაა გადამწყვეტი. Netflix-ი კი უფულო ორგანიზაცია არ გეგონოთ. თუ გადაწყვეტს, რომ ამ დავაში ნებისმიერ ფასად უნდა გაიმარჯვოს, დიდ თანხებს ჩაყრის და ათასი რამის დამტკიცებას შეეცდება.
მაგრამ, ასეა თუ ისე, მე ერთი ვიცი: ნონა გაფრინდაშვილი არის ძალიან დიდი მოჭადრაკე; მსოფლიო, კერძოდ ქალთა ჭადრაკში ახალ გზათა გამკვალავი; მებრძოლი რომელსაც უკანდახევა არ სჩვევია და კარგი ადამიანი. და კიდევ ვიცი, რომ Netflix-თან და მის დედოფალა პერსონაჟთან ნონა ცამდე მართალია. ამიტომ, მწამს, რომ ის ცხოვრებაში კიდევ ერთ დიდ პარტიას მოიგებს და ჩვენ, უერთგულეს ქომაგს მორიგი გამარჯვებით გაგვახარებს.
თქვენ გვერდით გვიგულეთ, ნამდვილო დედოფალო!