ვილი სანიოლი: მონდომება და თავდადება გვაკლია

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი მატჩი გამართა. სანიოლის შეგირდებმა საბერძნეთთან 0:2 წააგეს. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა ისაუბრა.

“პირველი 25 წუთით განსაკუთრებით უკმაყოფილო ვარ. ძალიან გვაკლდა აგრესია, მონდომება, თავდადება… ნიჭი ფეხბურთში საკმარისი არ არის. აუცილებელია მთელი შეხვედრისას თავდადებით თამაში. ფეხბურთელები 90 წუთი მაქსიმალურად უნდა იხარჯებოდნენ. ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ მხოლოდ რიგ ეპიზოდებში  ბრძოლა საკმარისი არ არის. პირველი ტაიმის ბოლო და მეორე ტაიმის დასაწყისი ბევრად უკეთესი იყო.  ოქრიაშვილი თამაშში კარგად ჩაერთო და აჩვენა თუ რა სჭირდებოდა გუნდს. სამწუხაროდ სხვებმა მხარი ვერ აუბეს. ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი არ ვარ. არ აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით, ყოველთვის აუცილებელია ბოლომდე თამაში, ეს ყველამ უნდა გაიაზროს. 

მარტის და ივნისის თამაშები ბოლო მატჩებთან რადიკალურად განსხვდება. რახან საწყის ეტაპზე უკეთესი თამაში ვაჩვენეთ, ესეიგი მეტი შეგვიძლია და რაღაც გვაკლია. ეს რაღაც მონდომება და თავდადებაა. არ გაგვიმართლა, ბოლო წუთებზე დადებული პენალტით წავაგეთ, თუმცა რას ვიზამთ ეს ფეხბურთია. კოსოვოში სიამაყისთვის და თავმოყვარეობისთვის ვითამაშებთ. 

ჩვენ არ გვყავს მსოფლიო კლასის მოთამაშეები. კარგი ფეხბურთელები გვყავს, რომლებმაც უფრო მეტი უნდა იმუშავონ. ბიჭებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მთელი მატჩისას ბოლომდე უნდა დაიხარჯონ, სხვანაირად არაფერი გამოვა. 

ოქრიაშვილის და ლობჟანიძის თამაში პოზიტივი იყო. თავი კარგად გამოიჩინეს და ეს ძალიან მიხარია. წინა თამაშებთან შედარებით დაცვაში ორგანიზებულად ვიდექით. ვინ ითამაშებს და ვინ არა, ამას მათი კლუბებში გამოსვლის და ვარჯიშებზე ნანახიდან გამომდინარე ვწყვეტ. 

გუნდში პროგრესი უნდა შეიმჩნეოდეს. მარტის თამაშების შემდეგ ყველამ დაიჯერა, რომ შვედეთის და საბერძნეთის ნაკრებებთან თანაბრად შეგვიძლია ვითამაშოთ. მთავარი ის არის რომ, არ შეინიშნებოდა ის მონდომება, რაც მარტში იყო. 

გასაგებია, რომ აბურჯანიას კლუბში რთული სიტუაცია აქვს. მარტიდან მოყოლებული ნაკრებში სტაბილურად თამაშობს და იმსახურებს ნდობას. მან უნდა დაიწყოს თავის კლუბში თამაში. თუ მსგავსი სიტუაცია გაგრძელდა, მასაც და სხვა მოთამაშეებსაც, ვისაც სათამაშო დრო აკლია, გაუჭირდებათ ნაკრებში გამოსვლა.”-განაცხადა ფრანგმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *