მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები ბათუმში შვედეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის მცველმა გურამ კაშიამ ისაუბრეს.
ვილი სანიოლი: ივნისშიც, სექტემბერშიც და ოქტომბერშიც ახალი ფეხბურთელები გამოვცადეთ. თუ ახალ მოთამაშეებს არ გამოიძახებ, მათი პოტენციალი არ გეცოდინება. თუ მათ სანაკრებო გამოცდილება არ ექნებათ, რთული იქნება შემდეგ წარმატებით თამაში
სექტემბერი ჩვენთვის კარგი არ იყო, განსაკუთრებით კოსოვოსთან მატჩი. კოსოვოსთან გასვლითმა მოგებამ ხასიათი გამოგვიკეთა. გუნდი ნებისმიერი მატჩისთვის კარგად ემზადება. 2 თვის წინ ბევრი მოთამაშე ტრავმირებული იყო, ბევრიც უგუნდოდ და სიახლეები აქედან იყო გამოწვეული.
ციკლის პირველი მატჩი, რომელიც შვედეთში გავმართეთ, ორივე გუნდისთვის რთული იყო. ის მოტივაცია, რომელიც მოთამაშეებს მარტში ჰქონდათ, ბიჭებს დღესაც აქვთ და ეს ხვალინდელ შეხვედრაში დაგვეხმარება.
თბილისიდან ბათუმში მატარებლით ვიმგზავრეთ და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ხანდახან გრძელი გზა უკეთესიცაა, რადგან გზაში მეტი კომუნიკაციის საშუალება გვაქვს. გურამს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ მოთამაშეებს მოტივაცია არ აკლიათ.
მამარდაშვილმა ძირითადში ადგილი დაკარგა, ჩემი აზრით, მსგავსმა ნიჭიერმა ფეხბურთელებმა ყოველ კვირა უნდა ითამაშონ. ჩვენი გადაწყვეტილებით, იგი ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებს.
მარტის თამაშიდან თითქმის 8 თვე გავიდა. აღნიშნულ მატჩთან შედარებით ბევრი სხვაობა იქნება. თუ კონკრეტულ შეხვედრებში დაცვა კარგად არ ითამაშებს, თამაში არ გამოვა.
გურამ კაშია: სექტემბერში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ განწყობის გამო არ იყო. თითქოს სხვა გუნდი იყო მარტში და სხვა სექტემბერში. ამ შეკრებაზე ბევრი საუბარი არ მსურს. სანაკრებო მატჩებისას განწყობა ყოველთვის მაღალია.
იბრაჰიმოვიჩი დიდი ფეხბურთელია, ის თამაშის დროს ბევრს ლაპარაკობს და ხანდახან შეურაცხყოფასაც აყენებს ფეხბურთელებს. კარგი იქნება, თუ მხოლოდ ზლატანი იფიქრებს ჩვენდამი შეურაცხყოფაზე.
წინა 2 თამაში რაც ბათუმში ვითამაშეთ, ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ნეიტრალურ მოედანზე ვთამაშობდით. გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.