მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს მიიღებს. მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა და გურამ კაშიამ ისაუბრეს.
ვილი სანიოლი:
“ესპანეთთან სათამაშოდ თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე კონცენტრირებულია, ვიცით, რომ ბევრი უნდა ვიშრომოთ და სასურველი შედეგის ჩვენება რთული იქნება, რადგან ესპანეთი უკეთესი გუნდია. მიუხედავად ამისა, პირველი შეხვედრა, რომელიც თბილისში გაიმართა თანაბარი იყო. ესპანეთისგან განსხვავებული სტილით ვთამაშობთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძვით და ვცდილობთ თავდაჯერებულად ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, რომ ესპანეთთან გამართულ პირველ მატჩში ფრეს ვიმსახურებდით, მაგრამ ხვალ რადიკალურად განსხვავებული თამაში იქნება.
ტრავმის გამო ჩვენ საკმაოდ ბევრი მოთამაშე გვაკლია, აქედან გამომდინარე პირველი შეხვედრისგან საკმაოდ განსხვავებული შემადგენლობა გვეყოლება. მიუხედავად ამისა, ყველა მოთამაშე, რომელიც ხვალ ესპანეთის წინააღმდეგ სათამაშოდ გავა, ბოლომდე დაიხარჯება და შეეცდება იმაზე უკეთ ითამაშოს ვიდრე ეს კოსოვოსთან გავაკეთეთ.
სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას გამოცდილი მოთამაშეების ყოლა აუცილებელია, ასევე მნიშვნელოვანია ის ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბებში საკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. როდესაც შენ თამაშობ მაგალითად ესპანეთის წინააღმდეგ, ბევრი სირბილი გიწევს და ამისთვის მზად უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი დონის შეხვედრას ვერ ითამაშებ.
კოსოვოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საბოლოო შედეგზე გავლენა საკმაოდ ბევრმა ფაქტორმა მოახდინა, არ შეიძლება, რომ ეს რომელიმე კონკრეტულ პოზიციას დაბრალდეს. აღნიშნული მარცხი მთლიანი გუნდის პასუხისმგებლობაა. როდესაც მატჩის მოგება გსურს, მეტი აგრესიითა და ხარისხით უნდა ითამაშო. ესპანეთის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, განსხვავებული შეხვედრა გვექნება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშნელოვანია, რომ ჩემმა მოთამაშეებმა სხვა სათამაშო მენტალობა აჩვენონ.”
გურამ კაშია:
“კოსოვოსთან განცდილი მძიმე მატჩის შემდეგ, აღდგენა ძალიან რთულია. ფეხბურთელებმა მწვრთნელებთან ერთად ვისაუბრეთ და აუცილებელია, რომ ყველაფერი რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ. რაც შეეხება ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩს, წარსულში ამ ნაკრებს რამდენჯერმე დავუპირისპირდით და ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. ბოლო თამაში განსაკუთრებით დრამატული გამოდგა, რადგან გოლი ბოლო წუთზე გავუშვით და ვფიქრობ, რომ ქულას ვიმსახურებდით.
მომზადებულია nakrebi.ge-ს მიხედვით
ფოტო: სფფ