ვინ იყო მატჩის საუკეთესო?

ნაპოლი მართლა ძალიან ძლიერი გუნდია, მე კი ნამდვილად არ ვარ იმდენად მიამიტი, რომ ხვიჩას მეტს ვერავის ვხედავდე, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ მატჩის გმირი ჩვენი ბიჭია, ისინი კი სხვას ასახელებენ. არ იფიქროთ, რომ ურა-პატრიოტიზმით შეპყრობილი მთელი მსოფლიოსგან კვარას ოცდაოთხსაათიან ქებას ვითხოვ, ბიჭს ქება-დიდება ნამდვილად არ აკლია. უბრალოდ სხვა რამის თქმა მინდა.

ვალენსია მართლა დაძაბუნებული გუნდია, მე კი ნამდვილად არ ვარ იმდენად გულუბრყვილო, რომ მამარდას (იშვიათ) ლაფსუსებს ვერ ვხედავდე, მაგრამ ხშირად მატჩის გმირი აშკარად ჩვენი გიოა, ეკრანზე კი სხვის სახელს წერენ — შეხვედრის მეფე იყოო.

Kết quả Spezia vs Napoli: Kvaratskhelia và Osimhen lập công, đội khách xây chắc ngôi đầu

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება ძალიან პირობითი რამ არის. სტაჟიან გულშემატკივრებს ალბათ ბევრჯერ გვინახავს თამაში, რომელიც ერთმა ფეხბურთელმა „გააკეთა“, მაგრამ ვერც გოლი გაიტანა და ვერც მხრით აკენწლა, გმირად კი ის დაასახელეს, ვინც მომენტი იხელთა და გადამწყვეტი დარტყმა შეასრულა — მითუმეტეს, თუ იმ დღეს მეტი აღარ გასულა.

მაგალითს მოვიყვან. სპეციასთან შეხვედრა მთელმა ნაპოლიმ კარგად ჩაატარა, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა კვარამ და ოსიმენმა თქვეს. ყველაზე მეტი სახიფათო მომენტი მათ შექმნეს. პლუს, ხვიჩამ გოლი შეაგდო და საგოლე პასი შეასრულა, ოსიმ კი ორი გაიტანა. ერთი სიტყვით, საუკეთესო ან ერთი უნდა ყოფილიყო ან მეორე. ახლა კი გავიხსენოთ: თუ არ ვცდები, შეტევის დასკვნითი ეტაპი კვარამ უფრო მეტჯერ გაამწვავა ვიდრე ოსიმენმა, ხოლო რაც შეეხება გოლებს და საგოლე პასებს, მან ერთი პენალტი დაარტყა (პასუხისმგებლობა იტვირთა და ანგარში გახსნა), და ერთიც ნიგერიელს ისეთი პასი დაუგორა, რომ CBS-ის წამყვანებმა სულ „შოკოლადი“ იძახეს. ხვიჩას იმ გოლის გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ პარტნიორის ბომბარდირობაზე, მის სტატისტიკაზე იზრუნა. შესაძლოა ვინმემ თქვას, ოსიმენი უფრო კარგ პოზიციაში იდგაო, მაგრამ მოდი ასე ვიმსჯელოთ: ჯერ ერთი კვარა მეკარესთან პირისპირ იყო და მანდედან გატანა იცის; მეორეც, დღევანდელ კონკურენციაში ბევრი ფეხბურთელი გეგულებათ, ერთი-ორი პროცენტით უკეთესი პოზიციის გამო ბურთს სხვას რომ დაუგორებს? როგორ ფიქრობთ, ის გოლი კვარას თვითონ რომ შეეგდო, ვის დაუწერდნენ ყველაზე მაღალ შეფასებას და ვის დაასახელებდნენ მატჩის გმირად? რასაკვირველია, მას. მარტივი არითმეტიკაა — ორი გოლი ექნებოდა გატანილი. მაგრამ ხვიჩა ოქროს ბიჭია და თანაგუნდელს დაუგორა. თანაგუნდელს, რომელმაც მისი დახმარებით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. აქვე სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ოსიმენმა თავისი პირველი გოლი ზღაპრულად გაიტანა. ფაქტობრივად ადგილიდან, ორი ფეხით იმ სიმაღლეზე ახტა, საიდანაც ხალხი პატარა ჩანს.

GIRONA-VALENCIA, resumen y crónica: Nada detiene la caída del VCF

ახლა კიდევ ერთ მაგალითს მოვიტან. იმავე დღეს, მამარდაშვილის ვალენსიამ ჟირონაში ითამაშა. გიორგიმ 7 დარტყმა მოიგერია, რომელთაგან იოლი თუ არ ვცდები მხოლოდ ერთი იყო, ორი თუ სამი კი ბრწყინვალე თამაშის კატეგორიიდან გახლდათ. და ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი? ჟირონას ის მოთამაშე, რომელმაც შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. რატომ? იმიტომ, რომ გოლი გოლია, ფეხბურთი კი მოგებაზეა. თან, მეკარეების შრომა დაუფასებელი რამ გახლავთ — გაუშვებს და რატომ გაუშვაო, აიღებს და აბა რისთვის დგასო. ესპანურ პრესაში მამარდაზე დაწერეს, დიდებული მოგერიებები ყოველდღიურ რუტინად ექცაო. შეაჩვია, გესმით, ხალხი. იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც მზემ შეუჭვრიტინა და გამოსვლაზე შეეშალა, მაგრამ ჯერ ერთი გოლი არ გასულა და მეორეც, კარგი, რა… ბიჭმა 7 დარტყმა მოიგერია.  ერთ-ერთი თამაშის მერე ვიღაცამ დაწერა, გოლის დროს ერთი ნაბიჯით აქეთ რომ მდგარიყო, აიღებდაო. ეგრე სად არის? ფაქტია, კონტექსტიდან გამომდინარე გოლი მისი ბრალი არ იყო, თეორიულად კი დადექი იქ, სადაც ბოლოს დაგირტყამენ და ყველა აღებული გაქვს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გასულ ტურში, როგორც მამარდაზე, ასევე კვარაზე ვიფიქრე, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობა ეკუთვნოდათ, მაგრამ იქაურებმა სხვები დაასახელეს და მეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საუკეთესოს არჩევა ძალიან პირობითი რამ არის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *