ვლადიმერ მამუჩაშვილი: ბევრი უსამართლობა ვნახე და ამან გამაძლიერა

დინამო ბათუმის წარმატებებზე არაერთხელ დაიწერა და კიდევ ბევრჯერ დაიწერება. ამ წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის ვლადიმერ მამუჩაშვილს, რომელიც 3.5 წელია ამ გუნდის ღირსებას იცავს. მამუჩაშვილი აჭარლებს ჯერ კიდევ მაშინ შეუერთდა, როცა გუნდი პირველ ლიგაში იყო. სწორედ მაშინ დაიწყო ნიჭიერი ნახევარმცველისთვის საუკეთესო პერიოდი.

მამუჩაშვილისთვის 2021 წელი ჩემპიონობის გარდა იმითაც იყო გამორჩეული, რომ ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს. 24 წლის ფეხბურთელმა ქვეყნის მთავარ გუნდში 3 მატჩი ჩაატარა.

დინამო ბათუმში გატარებულ პერიოდზე, ჩემპიონობაზე, სამომავლო გეგმებზე, უახლოეს მიზნებზე და ცხადია სანაკრებო დებიუტზე Leadersport.ge მამუჩაშვილს ვრცლად ესაუბრა.

– 3.5 წელია დინამო ბათუმში თამაშობ, უკვე გუნდის ლიდერი ხარ და ბათუმელებთან ერთად სანუკვარი ჩემპიონობაც იზეიმე. როგორ გაიხსენებ ამ გზას?

– შეიძლება ითქვას, რომ მეც დინამო ბათუმთან ერთად განვითარდი. უკვე დიდი ხანია ამ გუნდის წევრი ვარ, იმენად მალე და სასიამოვნოდ გაიარა ამ პერიოდმა, რომ ხანდახან რო ვუფიქრდები არც მჯერა, რომ 3.5 წელია ამ გუნდში ვარ. თამამად ვიტყვი, რომ დინამოში ცუდი არაფერი მახსენდება. ზედიზედ 2-ჯერ გავედით მეორე ადგილზე, ამას დადებითი კუთხით უფრო გავიხსენებ, ვიდრე უარყოფითი.

– რამ განაპირობა 2021 წელს თქვენი ჩემპიონობა? რით ჯობდა ამ ფორმაციის დინამო ბათუმი წინა წლების გუნდს, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა?

– საჩემპიონო სეზონში უფრო შეთამაშებულები ვიყავით, უფრო სტაბილურად ვთამაშობდით. შემდეგ ევროტურნირებზე წარმატებულმა გამოსვლამ თავდაჯერება შეგვმატა. იდეალურ მინდორზე მოგვიწია თამაში და ამანაც თავისი ქნა.

– ბათუმელ ქომაგებზეც ვისაუბროთ, წლებია ამ გუნდში ხარ და კარგად იცნობ… როგორია შენი თვალით დანახული დინამო ბათუმის გულშემატკივარი?

– რაც არ უნდა ვილაპარაკო, ბოლომდე კიდევ ვერ გადმოვცემ, ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო და შეიგრძნო. საოცარი გულშემატკივრები გვყავს და ჩემპიონობაში მათაც თავიანთი წვლილი მიუძღვით.

– რაც ბათუმში თამაშობ, ყველაზე მეტად რა კომპონენტში მოუმატე?

– ვფიქრობ საერთო ჯამში ვპროგრესირებ და არა რაიმე კონკრეტულ კომპონენტში. ხშირად აღნიშნავენ, რომ სტანდარტულები დავხვეწე, თუმცა ვთვლი, რომ არც სხვა კომპონენტებში ჩამოვრჩები. ფეხბურთელი მაშინ პროგრესირებ როცა საქმეს პროფესიონალურად უდგები.

– საინტერესოა შენთვის რა არის პროფესიონალიზმი?

– ჩემთვის უმთავრესი რეჟიმია, გამორიცხულია, რომ დავარღვიო. ძილი, კვება, დასვენება…

– ეს თვისებები ბავშვობიდან გაქვს თუ შემდეგ შეიძინე?

– ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტად ვაქცევ ამ ყველაფერს ყურადღებას. ადრე შეიძლებოდა წონა გამქცეოდა ან რამე სხვა შემშლოდა. თანდათან ვისწავლე ეს ყველაფერი და უფრო და უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავს. ვცდილობ თვითკრიტიკული ვიყო და მაქსიმალურს ვთხოვ ჩემს თავს.

– მესამე წელია გია გეგუჩაძესთან მუშაობ, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია. რამდენად კომფორტულია მასთან თამაში?

– როცა ვარჯიშზე ან თამაშზე მივდივარ ძალიან მიხარია, ამის ერთ-ერთი მიზეზი გია გეგუჩაძეა. ჯერ ერთი ვიცი რას ვთამაშობ, მერე მეორეც მისგან არანაირი წნეხი არ მაქვს, არ გვაქცევს ჩარჩოებში. ცხადია გარკვეულ დავალებებს გვაძლევს, თუმცა არც ინდივიდუალიზმს გვიკარგავს. სხვა მწვრთნელებთან მუშაობისას ყოფილა შემთხვევა როცა მითამაშია და მიგრძვნია, რომ ბოლომდე ვერ გამომივლენია საკუთარი თავი, გეგუჩაძესთან სულ სხვა სიტუაციაა. ის რომ გეგუჩაძე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ამას ჩემი თქმა არც სჭირდება. მისი ძალიან მადლიერი ვარ როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. როცა ჩემი არავის სჯეროდა, გეგუჩაძე მენდო და ბათუმში წამიყვანა.

– შარშანდელი ევროტურნირებიც რომ მიმოვიხილოთ…

– ტრე პენე მარტივად გავიარეთ და ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ. თამამად ვიტყვი, რომ ბატესთან პირველი შეხვედრა წასაგები არ იყო, თუმცა 0:1 დავმარცხდით. ხშირად არის ფეხბურთში როცა წაგებული თამაშის შემდეგ ინატრებ ნეტავ 90 წუთით უკან დამაბრუნაო. ეგ 90 წუთი ბელარუსში გველოდა. მინსკში კარგ ხასიათზე ჩავედით, ვიცოდით მოვიგებდით, ისინიც ცოტა ზემოდან გვიყურებდნენ და ამან მოტივაცია შეგვმატა. პირველი ტაიმის ბოლოს გოლი გავუშვით და გასახდელში ცუდ ხასიათზე შევედით. თავიდან 5 წუთი ხმა არავის ამოგვიღია. შემდეგ გეგუჩაძემ ისეთი სიტყვები გვითხრა, რამაც ძალები გაგვიათმაგა. არ ვიცი რა ნერვები ეყო გიას უბრალოდ მოვიდა და გვითხრა გადით და ისიამოვნეთ, ვაგებთ და ამაზე ცუდი რაღა უნდა მოხდესო. უბრალოდ თქვენი ფეხბურთი ითამაშეთო. რაც მოხდა ყველამ ერთად ვნახეთ.

– და შემდეგ იყო სივასპორთან 2 მატჩიანი დუელი… ამ გადმოსახედიდან გაანალიზებულზე შეიძლებოდა სივასპორის გამოგდება?

– სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ კი. სივასპორთან თამაშის შემდეგ 3 დღეში სამტრედიასთან გვქონდა შეხვედრა, გადაფრენებმა და გადაღლილობამ თავისი ქნა. ამას დამატებული კუპატაძეს კოვიდი ჰქონდა ზარიას კი მცირე ტრავმა და დანაკლისმაც გაგვირთულა საქმე.

– თურქმა გულშემატკივრებმა თუ შეგიქმნეს პრობლემები?

– კი კარგი ფანები არიან, თუმცა ხელი დიდად არ შეუშლიათ. ობიექტურად ვიტყვი, რომ ბათუმში უფრო გვიჭერდნენ ჩვენი ქომაგები მხარს, ვიდრე სივას ფანები სივასპორს თურქეთში.

– წარმატებული სეზონის შემდეგ შენთვის რა იქნება შემდეგი წინ გადადგმული ნაბიჯი?

– დინამო ბათუმთან ერთად რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა. ეს ჩემთვისაც, დინამო ბათუმისთვისაც და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვისაც დიდი წარმატება იქნება. ჩემი აზრით, სხვა თუ არა დინამო ბათუმი ამას იმსახურებს. ჩვენ ჩვენის მხრივ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ქალაქს და ზოგადად ქვეყანას ეს სიხარული მოვუტანოთ.

– 2021 წელი შენთვის იმითიც გამორჩეული იყო, რომ ნაკრებში დებიუტი გქონდა…

– თურქეთში სივასპორთან სათამაშოდ მივდიოდით როცა ლადო დვალიშვილმა ცალკე გამიყვანა და მითხრა, რომ შეიძლებოდა სანაკრებო სიაში ვყოფილიყავი. იქ ბიჭებისთვის არ მითქვამს, როცა სასტუმროში მივედი, უმალ ოჯახის წევრებს გავაგებინე და ყველა გავახარე. ვფიქრობ საქართველოში რაც უნდა გამეკეთებინა მინიმუმი გავაკეთე და ნაკრებში მოვხვდი, მაქსიმუმი იქნება თუ რეგულარული წევრი ვიქნები. ვიღაცამ ვინც ფეხბურთში ნაკლებად ჩახედულია შეიძლება თქვას, დიდი ამბავი ნაკრებში ითამაშაო. ასე არ არის, ეროვნული გუნდი სულ სხვაა.

– ნაკრებში დებიუტი ესპანეთთან გქონდა თანაც ძირითადში იყავი. რას გრძნობდი როცა თამაშზე გადიოდი?

– ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო როცა მაისურა ჩავიცვი და სათამაშოდ გავდიოდი. თან ესპანეთს ვეთამაშებოდით, გუნდს რომელსაც რამდენიმე თვით ადრე ევროპის ჩემპიონატზე ვუყურებდი და უცბად მათ წინააღმდეგ ვთამაშობდი. შედეგი ცუდი იყო, თუმცა მე ჩემს თავთან მართალი ვარ, რაც შემეძლო გავაკეთე.

– ესპანელთაგან ვინმემ დატოვა შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

– ყველაზე მეტად როდრი მომეწონა. ძალიან მარტივად თამაშობს, იმდენად კარგად ამოქვს ბურთი და კარგად აკონტროლებს თამაშს, მსიამოვნებს მისი ყურება.

– ნაკრებში მისულს ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდა?

– ბევრმა დატოვა ჩემზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება, თუმცა ჯაბა კანკავას გამოვარჩევ. 36 წლის ასაკში ფიზიკურად ესე კარგად გამოიყურება და ეს პატარა ამბავი არ არის. ჩემი აზრით, ამ დონეზე მინიმუმ 4 წელი კიდევ ითამაშებს. ამ ადამიანს სხვანაირი გული აქვს, ვფიქრობ სხვანაირად უძგერს, ამით ყველაზე წინ დავაყენებდი.

– დინამო ბათუმში მისვლამდე საბურთალოში თამაშობდი და ამ გუნდის აღზრდილი ხარ. რას ნიშნავს ეს გუნდი შენთვის?

– 7 წლის ვიყავი საბურთალოს სკოლაში რომ შევედი, დეტალურად მახსოვს ის დღე. საოცარი გრძნობა იყო და არასდროს დამავიწყდება. ეს გუნდი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მართალია იქ აღარ ვთამაშობ, თუმცა ბიჭებთან ძველებურად ვმეგობრობ. წლები ერთად მოვდიოდით და სხვანაირად ვერც იქნება.

– როცა 7 წლის ასაკში საბურთალოს სკოლაში შეხვედი, იმ დროინდელი გუნდელებიდან დღეს ვინმე თამაშობს ფეხბურთს?

– ოთო გოშაძე. სხვათა შორის საინტერესო ამბავია თუ როგორ გახდა მეკარე. ბავშვობისას გვავარჯიშებდნენ ვინც გოლს გაიტანდა კარში დგებოდა. ოთომ გაიტანა და ჩადგა, იმ დღეს გოლი არ გაუშვია, მწვრთნელი გაეხუმრა ხვალ მეკარის ფორმით მოხვალო, გოშაძემ დაიჯერა, მართლაც მეკარის ფორმით მოვიდა და ამხანაგურ მატჩში საოცარი ბურთები აიღო.

– მსოფლიოს მასშტაბით ვინ არის შეთვის მისაბაძი მოთამაშე?

– ჩემთვის მისაბაძი და ზოგადად ჩემი აზრით საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა. მინდა კიდევ დიდხანს ითამაშოს. საოცარო ფეხბურთელია.

– რომელ მწვრთნელთან იმუშავებდი ყველაზე დიდი სიამოვნებით?

– კარლო ანჩელოტისთან. ვფიქრობ მასთან თამაში ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან სასიამოვნოა.

– შენი პოზიციის მოთამაშეებიდან ვის გამოარჩევ?

– შეიძლება ბოლომდე ერთი პოზიციის არ ვართ, თუმცა რეალში თამაშისას მესუთ იოზილი ძალიან მომწონდა. ბურთს კარგად ეპყრობოდა. ცხადია ძალიან მომწონს ანდრეს ინიესტა, ასევე ლუკა მოდრიჩი.

– წარმატებული სეზონის შემდეგ უცხოეთიდანაც იქნება ინტერესი. ამ მხრივ რა სიტუაციაა?

– სიმართლე გითხრათ რამე კონკრეტული არ არის. ვნახოთ, წინასწარ საუბარი რთულია. დინამო ბათუმთან კონტრაქტი კიდევ 1 წელი მაქვს და მაქსიმალურად ამ გუნდზე ვარ კონცენტრირებული.

– არჩევანი რომ გქონდეს რუსეთის რომელიმე საშუალო დონის გუნდი სადაც მეტი ფინანსებია თუ პოლონეთის, ავსტრიის, დანიის და მსგავსი ქვეყნის მოწინავე კლუბი?

– იმ ასაკში ვარ, რომ მაქსიმალურად პროგრესზე ვფიქრობ, არჩევანის საშუალება რომ მქონდეს უკეთეს კლუბში წავალ.

– როგორც ფეხბურთელისთვის, რა არის შენი მთავარი ოცნება?

– ნაკრებში ვითამაშე და საქართველოს ჩემპიონი გავხდი, რაზეც დიდხანს ვოცნებობდი. თუ ოცნებაზე მიდგა საქმე მინდა ზედიზედ რამდენიმე წელი ვითამაშო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

– ელიგაში წარმატებულად გამოდიხარ, ნაკრებშიც თამაშობ და უცხოური გუნდის ყურადღებაც მიიპყარი. რა რის შენი წარმატების ფორმულა?

– ნიჭით არასდროს გამოვირჩეოდი, ვცდილობდი შრომისმოყვარეობით და პროფესიონალიზმით გადამედგა წინ ნაბიჯი. ფეხბურთელმა ვარჯიშის მერე უნდა წახვიდე დაისვენო, სათანადოდ იკვებო, ძალები აღიდგინო… შეიძლება ნიჭის ხარჯზე რაღაც დონეზე ითამაშო, თუმცა თუ პროფესიონალურად არ მიუდგები საქმეს, წარმატება დროებითი იქნება. ვფიქრობ მე თუ ტრავმას მივიღებ, ზედმეტი ვარჯიშისგან უფრო იქნება გამოწვეული, ვიდრე რეჟიმის დარღვევისგან.

– საიდან გამოგიმუშავდა ეს შრომისმოყვარეობა? ბავშვობიდან თან გსდევს თუ ვინმე გყავს მრჩეველი?

– მამა მოკრივე იყო, იცოდა სპორტი რას ნიშნავს და თავიდანვე რეჟიმში ვყავდი. როცა სახლში მოვიდოდა მავარჯიშებდა. ამით პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა გამომიმუშავა. პლუს ამას ბევრჯერ შემხვდა კარიერაში უსამართლობა, ეს მაძლიერებდა და არა პირიქით, დეტალებს მნიშვნელობა არ აქვს. რომ სცოდნოდათ უსამართლობისას როგორი მოტივირებული გავხდებოდი, ალბათ მომეფერებოდნენ.

– ისევ დინამო ბათუმზე გკითხავ, ასევე უნდა ითქვას ლადო დვალიშვილზე, რომელთან მუშაობაც როგორც ვიცი ბევრ ფეხბურთელს სიამოვნებს…

– დიახ და მეც მათ რიცხვში ვარ. ლადოსთან ერთად ვთამაშობდი და დღეს სპორტული დირექტორია. მას მშვენივრად გამოსდის გუნდში ატმოსფეროს შექმნა. გარდა ამისა როგორც უფროსი მეგობარი ისე დაგიდგება გვერდში. ლადოს არ უყვარს რეჟიმის დამრღვევი ფეხბურთელები. რასაც შეგპირდება აუცილებლად შეასრულებს და ფეხბურთელებისგანაც იგივეს ითხოვს, რაც ჩვეულებრივი მომენტია.

– ვინ არის გუნდში ყველაზე ხუმარა?

– კუპატაძე. ალთუნაშვილსაც თავისებური იუმორი აქვს. ადრე ნიკა საბანაძე გვყავდა, როცა კარგ ხასიათზე იყო საოცრად ხუმრობდა.

– მსაჯებთან ყველაზე მეტს ვინ საუბრობს?

– დინამო ბათუმში ვერავის გამოვარჩევ, აი ნაკრებში ყველაზე მეტს გიორგი აბურჯანია ლაპარაკობს. აბუს მსაჯები წნეხსი ჰყავს.

– როგორც ვიცი შენ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში შენმა ოჯახმა დიდი წვლილი შეიტანა…

– დიახ, ძალიან დიდი. პირველ რიგში ყველაფერი უფლის ნებით მოხდა, რაც ხალხმა ვერ დაინახა ღმერთმა დაინახა და დამიფასა. ახლაც დარწმუნებული ვარ როცა ვხედავ, რომ რაღაც ცუდი ხდება და ამას არ ვიმსახურებ, ვიცი ღმერთი დაინახავს და ამ ცუდს კარგი მოყვება. რაც შეეხება ოჯახს, დედა და დები სულ გვერდში მიდგანან, ასევე მამა, რომელიც სამწუხაროდ ვერ მოესწრო ჩემს წარმატებებს. ამაზე გული ძალიან მწყდება. ოჯახი ყოველთვის ჩემ გვერდშია, ყოფილა მომენტი როცა ჩემები ზაფხულში დასასვენებლად არ წასულან და მე დამდგომიან გვერდში.

– მამაზე ვრცლად, რომ მომიყვე…

– როგორც უკვე გითხარით, მამა მოკრივე იყო და თავიდან მეც კრივით დავიწყე, თუმცა საბოლოოდ მაინც ფეხბურთზე გადმოვერთვე. გიჟი მამები რომ არიან ხომ იცით, ეგრე იყო მამაჩემიც. მეგობრებთან ჩემი ამბებით სულ ტრაბახობდა და უზომოდ ბედნიერი იყო. 14 წლის ვიყავი როცა დაიღუპა და გული მწყდება, რომ დღეს ჩემს წარმატებას ვერ უყურებს.

– რა დაგეხმარა ამ პეროდის დაძლევაში?

– ჩემი ბავშვობის მწვრთნელი ნოდარ ჭელიძე. მაშინ ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე ვფიქრობდი, ბატონი ნოდარი კი გვერდში დამიდგა და ბევრი გააკეთა ჩემთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო.

– რამდენიმე თვის წინ გიორგი ქვილითიამ ინტერვიუში მითხრა, რომ ფეხბურთს არ უნდა აწყენინო და რასაც გასცემ აუცილებლად დაგიბრუნდებაო. შენ თუ გიბრუნდება ის რაც ფეხბურთისთვის გაეცი?

– კი, ვფიქრობ სათანადოდ მიფასდება ის შრომა და თავდადება, რაც ფეხბურთისთვის გავიღე. ჩემი აზრით, ფეხბურთელისთვის სწორედ ფეხბურთი უნდა იყოს მთავარი. პირადად მე ბევრი რამ გადავდე გვერდზე, რომ წარმატებისთვის მიმეღწია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *