ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ დააწინაურეს. ოკლენდელებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და საკადრო ცვლილებები დაადასტურეს, რომელიც ჩვენებურსაც შეეხო – Golden State Warriors-ის ყოფილი ცენტრი, გუნდის კალათბურთისა და ბიზნესის ურთიერთობების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. მანამდე, ზაზა, ადმინისტრაციულ საკითხებში, „უორიორსის“ მრჩეველი იყო და ამ პოსტზე ორი წელი იმუშავა.
ზაზა ფაჩულიამ „ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში“ (NBA) 2003-2019 წლებში 1098 მატჩი ჩაატარა. მისი საშუალო მაჩვენებელი იყო 20,8 წუთი 6,8 ქულა, 5,8 მოხსნა და 1,3 პასი. თამაშობდა „ორლანდოში“ (2003-2004), „მილუოკი ბაქსში“ (2004-2005 და 2013-2015), „ატლანტა ჰოუქსში“ (2005-2013), „დალას მავერიქსში“ (2015-2016), „გოლდენ სტეიტსა“ (2016-2018) და „დეტროიტში“ (2018-2019). „გოლდენ სტეიტთან“ ერთად ორჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი.
ფაჩულიამ, საქართველოს ნაკრებთან ერთად, სამჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (2011, 2015 და 2017 წლებში), 2017 წლის შემოდგომაზე კი სანაკრებო კარიერა დაასრულა.