მანჩესტერელებს იმედი ჰქონდათ, რომ ზინედინ ზიდანი მათთან გადაბარგებას თავისი ყოფილი ფეხბურთელების, კრიშტიანუ რონალდუსა და რაფაელ ვარანის ხათრით მაინც დათანხმდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით სასიკეთო არაფერი ესმით. არადა, რონალდუ და ვარანი მანჩესტერს ამ ზაფხულს შეუერთდნენ, რამდენიმე წლის წინ კი სამივენი რეალში იყვნენ.
ზინედინ ზიდანს კი მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელობა არ აინტერესებს. ითქვა, რომ ოლე გუნარ სულშერის თანამდებობიდან გაშვების შემდეგ ფრანგს დაურეკეს და პასუხად უარი მიიღეს.
კატალონიელი ჟურნალისტი, ლეო მესიზე, კრიშტიანუ რონალდუსა და სხვა ვარსკვლავებზე წიგნების ავტორი გილემ ბალაგე წერს, მართალია ზიდანი მანჩესტერში გადასვლას უარობს, მაგრამ ის თანახმაა მაურისიო პოჩეტინოს ინგლისში დაბრუნების შემთხვევაში პარი სენ ჟერმენი ჩაიბაროს.
შეგახსენებთ, რომ 49 წლის ზიდანმა რეალის სათავეში ყოფნისას სამჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ გუნდი ესპანეთის ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა.