ზუსტად 43! დრამა და მოგება მოსკოვში (+video)

ამ დღეს, ზუსტად 43 წლის წინ, თბილისის დინამომ საბჭოთა კავშირის თასი მოიგო. ფინალი მოსკოვში, 60 000 მაყურებლის თვალწინ და მეტოქე მოსკოვის დინამო (ისტორიულად ყველაზე უხერხული მეტოქე ქართველებისთვის).

ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, მერე კი იყო პენალტების დრამატული სერია. ნოდარ ახალკაცის გუნდი პენალტებში თავიდან აგებდა. ოთარ გაბელიამ სამი პენალტი მოიგერია! აი, მივყვეთ.

7-7 დარტყმა დასჭირდათ გუნდებს. თბილისელებიდან ვერ გაიტანეს დავით ყიფიანმა და  ვლადიმერ გუცაევმა, ხოლო ალექსანდრე ჩივაძემ, ვიტალი დარასელიამ, რამაზ შენგელიამ, მანუჩარ მაჩაიძემ და თენგიზ სულაქველიძემ ზუსტად შეასრულეს. ბოლო იყო მოსკოვის დინამოელი ვალერი გაზაევის დარტყმა და გაბელიას მოგერიება…

პენალტების სერიის წინ გაბელია პირჯვარს იწერს. მაშინ, საბჭოეთის დროს ეს იკრძალებოდა… ბატონ ოთარს აქვს მოყოლილი, რომ ამის გამო დისკვალიფიკაციაც კი ემუქრებოდა და ჟიული შარტავამ გადაარჩინა. საბოლოოდ ისე მოაწყვეს, რომ გაბელია ვითომ პირჯვარს კი არ იწერდა, ოფლს იწმენდდა.

თბილისის დინამომ მეორედ ასწია სსრკ თასი. პირველად 1976-ში მოიგო. და მთელი ის წლები დინამოელთა ოქროს წლები იყო – დიდებული გუნდი, რომელმაც გაცილებით დიდი გამარჯვებები აჩუქა ხალხს. ეგაა, დღეს 11 აგვისტოა, იმ ფინალის დღე და ამიტომაც აღვნიშნეთ.

ამ ტიტულის მოგებიდან ორ თვეში იყო, დინამომ ჩემპიონთა თასზე ლივერპულს 3:0 რომ მოუგო.

 

Leave a comment

Your email address will not be published.