საქართველოს ნაკრები ივლისის ტესტებზე სამ მაღალი დონის ტესტს გამართავს. მსოფლიო რაგბიმ უკვე დაადგინა იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც ტესტებს მოემსახურებიან.
სასიხარულოა, რომ მათგან ერთ-ერთი ქართველი ნიკა ამაშუკელია, რომელიც 3 ივლისს უელსი-კანადის, ხოლო 10 ივლისს რუმინეთი-შოტლანდიის მატჩს იმსაჯებს.
გაირკვა ბორჯღალოსნების მატჩების მსაჯთა ბრიგადებიც. 2 ივლისს ჩვენი გუნდი სტუმრად სამხრეთ აფრიკას ეთამაშება და მთავარი მსაჯი შოტლანდიელი მაიკ ადამსონი იქნება. მას კიდეებიდან ირლანდიელი ფრენკ მერფი და სამხრეთ აფრიკელი მარიუს ფან დერ ვესტჰოიზენი დაეხმარებიან.
9 ივლისს ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტს გამართავენ და მთავარი მსაჯი ამჯერად ფრენკ მერფი იქნება. ადამსონი კიდეზე გადაინაცვლებს. კიდეზევე იმსაჯებს ფან დერ ვესტჰოიზენიც.
17 ივლისს თბილისში შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს დავუპირისპირდებით. შეხვედრის მთავარი მსაჯი ინგლისელი ენდრიუ ბრეისია. მას კიდეებიდან ფრანგი პასკალ გოზერი და ირლანდიელი კრის ბასბი დაეხმარებიან.