თემურ ქეცბაია ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა. წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებს ჯერ მოედანზე, შემდეგ კი მწვრთნელის რანგში ემსახურებოდა.
ქეცბაიას შევხვდით და არაერთ თემაზე ვესაუბრეთ. თემურს სამწვრთნელოსთან ერთად ფეხბურთელობის პერიოდზეც ვკითხეთ, რა დროსაც საინტერესო ამბებიც მოგვიყვა.
საქართველოს ნაკრები, კვიპროსის ნაკრები, ხვიჩა კვარაცხელია, ნიუკასლი, რუდ გულიტის და ალან შირერის კონფლიქტი, ანორთოსისი ჩემპიონთა ლიგაში… ეს იმ არასრული თემების ჩამონათვალია, რაზეც თემურ ქეცბაიასთან ვისაუბრეთ.
– საინტერესოა თქვენი აზრი საქართველოს ნაკრების ბოლო დროინდელ წარმატებებზე…
– სასიხარულოა, რომ გუნდს მეორეჯერ აქვს ერთა ლიგის მოგების და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი. ბოლო დროს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა. მათი, სამწვრთნელო შტაბის და გამოცდილი მოთამაშეების კარგი შერწყმაა, რაც წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ადვილი ჯგუფი არ იყო, მაგრამ ნაკრებმა დასახულ ამოცანას თავი კარგად გაართვა, რაც ძალიან სასიამოვნოა.
– ვილი სანიოლს როგორც მწვრთნელს როგორ დაახასიათებთ?
– ნაკრებს ალღო მალევე აუღო. ეროვნული გუნდის მწვრთნელობა არც ისეთი ადვილია, რადგან ფეხბურთელებთან ყოველ დღიური შეხება არ გაქვს. 1 კვირიანი შეკრება არის ხოლმე და დიდ შრომას მოითხოვს. ცხადია ჯგუფის მოგებაში სანიოლსაც დიდი წვლილი მიუძღვის.
– თქვენთვის რთული მომენტი იქნება, რადგან საქართველოს და კვიპროსის ნაკრებები ერთ ჯგუფში არიან, კვიპროსელებს კი თქვენ ხელმძღვანელობთ…
– თუ კი ვინმესთან ჯგუფში მოხვედრა არ მინდოდა, ეს პირველ რიგში საქართველოს ნაკრებია. როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს ვემსახურე, ახლა მომიწევს მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი ვიყო. უცხო ჩემთვის არც კვიპროსის ნაკრებია. წლებია ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, მეუღლე კვიპროსელი მყავს, შვილიც ნახევრად კვიპროსელია. სამწუხაროა, რომ ერთ ჯგუფში ვართ, მაგრამ რას ვიზამთ.
– ესპანეთის ნაკრები ამ ჯგუფში… თანაც მსოფლიო ჩემპიონატზე არც ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა…
– იგივე სტილი და იგივე მიზანი, რაც ადრე ჰქონდათ. ესპანელები მეტოქეს აიძულებენ, რომ დაცვითი ტაქტიკით ითამაშონ, სწორედ ისე, როგორც მაროკოსთან. მაროკომ ცხადია დამსახურებულად მოიგო. ეს მარცხი ესპანელთა ძალას არანაირად აკნინებს. საინტერესოა ფურია როხაში რა ცვლილებები იქნება. ესპანელებთან თამაში ყოველთვის ძნელია, თუმცა მუნდიალზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
– კვიპროსის ნაკრებზეც ვთქვათ… რთული პერიოდი უდგას გუნდს, დიდი ხანი არ ჰქონდათ მოგებული, რა მიზანია გაქვთ?
– ვიცით რა რთული ჯგუფია. რეალობიდან გამომდინარე მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ. ყველა თამაშზე მაქსიმუმს გავაკეთებთ, ვნახოთ რა იქნება.
– ძველი ამბები რომ გავიხსენოთ – ანორთოსისის მწვრთნელი როგორ გახდით?
– გუნდში ვთამაშობდი როცა გავიგე, რომ მწვრთნელი გაუშვეს. პრეზიდენტმა მითხრა, რომ მოთამაშე – მწვრთნელის პოსტს მთავაზობდა და ერთადერთი კანდიდატი ვიყავი. 2-3 დღე ვთხოვე მოსაფიქრებლად, მითხრა ახლავე უნდა მიპასუხოო და დავთანხმდი. ის სეზონი ჩავამთავრეთ და შემდეგ წესებიც შეიცვალა. კვიპროსი ევროპის ქვეყნების გაერთიანებაში გაწევრიანდა. მანამდე მარტო 5 ლეგიონერი შეიძლებოდა, შემდეგ 15. ჩემი კონტაქტებით კარგი ფეხბურთელები მივიყვანე, ქინქლაძე, წიტაიშვილი, ხოჯავა, გაბიდაური, ჩალაძე. ფანტასტიკური სეზონი გამოგვივიდა.
– თქვენთვის როგორც მწვრთნელისთვის, რთული არ იყო ამ ბიჭებთან ერთ დღეს მეგობრობა და მეორე დღეს მათი მწვრთნელობა?
– რთულია როცა იმ ფეხბურთელების მწვრთნელი ხდები, რომლებთანაც გითამაშია. რაც ყველაზე სასიხარულო იყო, ყველამ დიდი წვლილი შეიტანა ანორთოსისის წარმატებაში. ჩემი სიტუაცია მარტივი არ ყოფილა. უნდა მეთამაშა, მწვრთნელი ვყოფილიყავი და წარმატებისთვის მიმეღწია. იმ სეზონში საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი, 17 გოლი გავიტანე.
– ჩემპიონთა ლიგაში ანორთოსისი საკმაოდ ღირსეულად გამოვიდა. იყო ჟოზე მოურინიოს ინტერთან ფრე…
– ინტერთან დაპირისპირება 3:3 დასრულდა, ამის შემდეგ ჯგუფში ისეთი სიტუაცია იყო, რომ ნერაძურის ორივე მატჩი რომ მოეგო, ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გვექნებოდა. მოურინიომ კი თქვა მოვიგებთო, თუმცა ორივე შეხვედრაში დამარცხდა და ჯგუფში ჩავრჩით.
– რამდენიმე თვიანი მუშაობა ოლიმპიაკოსში, 6 მატჩში 5 მოგება, 1 ფრე და გოლგაუშვებლად… რატომ მოგიწიათ გუნდის დატოვება?
– მანამდე ოლიმპაკოსი ანორთოსისით გვყავდა გამოგდებული და ეგ არ მოსწონდათ. ჟურნალისტები ამბობდნენ, რატომ უნდა იყოს ამხელა გუნდში ქართველი მწვრთნელიო. შემდეგ პრეზიდენტთან დავჯექით, დავილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ გუნდიდან წავსულიყავი. სასიამოვნო გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ საქმეს ასე სჭირდებოდა.
– შემდეგ საქართველოს ნაკრებში ჩამოხვედით. პროფესიული კუთხით, რომ შევხედოთ, იყო თუ არა ეს თქვენი მხრიდან რისკი?
– კი, იყო რისკი. 2 წელიწადში 2 გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გავიყვანე. ოლიმპიაკოსიდან წამოვედი თუ არა, იმ ღამესვე დამირეკეს. ჩამოვედი მოვილაპარაკეთ და გუნდი ჩავიბარე. პირველი წელი კარგი გამოვიდა, იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც გერმანიაში, იტალიაში და ინგლისში თამაშობდნენ. შემდეგ მიზეზების გამო ზოგმა გუნდი დატოვა. მნიშვნელობა არ აქვს ჩემი გადაწყვეტილებით მოხდა თუ მათი. როცა მწვრთნელი ხარ, ხშირად ისეთ გადაწყვეტილებას იღებ, ბევრს შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ მომავლისთვის ასეა საჭირო. შემდეგ იყო სიტუაცია, როცა უთამაშებელ და უგუნდო ფეხბურთელებს ვიწვევდით.
– რამდენიმე მატჩი მინდა გავიხსენოთ. ცხადია ხორვატიასთან შეხვედრას გვერდს ვერ ავუვლით…
– ეს ჩვენი მეათე თამაში იყო. ვარჯიშებზე ეტყობოდა გუნდს, რომ თამაშს კარგ ფორმაში ვხვდებოდით. შეიძლება მოგებაში დარწმუნებულნი არ ვიყავით, მაგრამ ვიცოდით, რომ კარგად ვითამაშებდით და მოვიგეთ კიდეც. მთელი ქვეყანა ძალიან გახარებული იყო, ასეთი სიხარულის მოტანა მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია.
– იყო ვარსკვლავური ესპანეთის ნაკრები, რომელიც ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იყო. ბრძოლა, ჟინი, თავდადება და ის 1 გოლიც ბოლოს გაგვიტანეს…
– ბიჭებმა იმ თამაშში ყველაფერი გააკეთეს, ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლეს. ასეთი დონის გუნდთან თბილისში ამდენი ხალხი, რომ მოვა და ბოლოს გაუშვებ, ცხადია განსაკუთრებით საწყენია. მართალია ქულაც ვერ ავიღეთ, მაგრამ ჩვენც, ფეხბურთელებიც, ხალხიც და გუნდის ხელმძღვანელობაც თამაშის ხარისხით კმაყოფილები ვიყავით.
– ზედიზედ რამდენიმე მარცხი, უთამაშებელი ფეხბურთელები და ასევე ვარსკვლავურ საფრანგეთთან ფრე…
– ეგ თამაში ფსიქოლოგიურადაც რთული იყო, რადგან მანამდე წაგებები მიეწყო. მახსოვს ზოგი ფეხბურთელი უგუნდოდ იყო, ზოგი კი კლუბში 18 კაცში ვერ ხვდებოდა. ჩვენგან ყველა შეუძლებელს ელოდა, ამ დროს კი ასეთი პრობლემების წინაშე ყოფნა სახარბიელო არ არის. რაც შეეხება შედეგს, ქართველებს გვაქვს ჟინი და თავდადება. აქაც ბოლომდე იბრძოლეს ბიჭებმა და ქულა დამსახურებულად ავიღეთ.
– დარწმუნებული ვარ ბევრ რამეს გაიღებთ, ოღონდ ნაკრების მწვრთნელის პოსტზე თქვენი ბოლო თამაში პოლონეთთან სხვანაირად დასრულებულიყო…
– პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, შემდეგ 1 გოლი გავუშვით და გუნდი ფსიქოლოგიურად მოიშალა. იმ თამაშს წინ ბევრი არასასიამოვნო რაღაც ერთვოდა. ნათქვამი მქონდა, რომ ეს ჩემთვის ბოლო თამაში იყო, ალბათ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. როცა გუნდში ჯანსაღი სიტუაცია არ არის, შეიძლება ამან შედეგზეც იქონიოს გავლენა.
– როცა თქვენთან გამოვლილ ფეხბურთელებს თქვენზე ვეკითხები, ორნაირად გახასიათებენ. მოედანზე როგორც მკაცრი, დისციპლინის მოყვარული და მომთხოვნი მწვრთნელი, მოედანს მიღმა კი მეგობარი და ახლობელი.
– მთელი ცხოვრება პროფესიონალი ვარ და ვცდილობ ყველაფერი ისე გავაკეთო როგორც საჭიროა. ფეხბურთისთვის თავი უნდა გადადო, მითუმეტეს მაშინ როცა იცი, რომ ფეხბურთი ბევრს გიკეთებს შენ, შენს ოჯახს და ახლობლებს. როგორც მწვრთნელი მეც მომთხოვნი ვარ, მნიშვნელობა არ აქვს ქართველია, კვიპროსელი თუ სხვა. თუ ვინმე მკითხავს რა გვაქვს მე და ჩემს შტაბს საუკეთესო, ვუპასუხებ რომ შეგვიძლია ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი გამოვიღოთ. მე ფეხბურთელებს არა ჩემთვის, არამედ მათთვის და გუნდისთვის ვთხოვ რასაც ვთხოვ. არაერთი შემთხვევა ყოფილა როცა ფეხბურთელს იმ დონეზე თამაშში დავეხმარე, რომელსაც თვითონაც ვერ იფიქრებდა. ბევრი კვიპროსელია ვისაც შანსი მივეცი, ეს შანსი გამოიყენეს და ახლა საზღვარგარეთ მაღალ დონეზე ასპარეზობენ. რაც შეეხება მინდორს მიღმა ურთიერთობას, ყველასთან კარგად ვარ, ბევრთან ვმეგობრობ.
– თქვენზე პაპადოპულოსსაც აქვს ნათქვამი ძალიან დამეხმარაო…
– ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, ჩვენ ერთად ოლიმპიაკოსში ვმუშაობდით. 10 წელი ბუნდესლიგაში ითამაშა, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. მეტიც შეეძლო, უბრალოდ ტრავმებმა ამის საშუალება არ მისცა.
– ყოფილა მომენტი როცა დაწერილა, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელთან უთანხმოება გაქვთ, შემდეგ იმ ფეხბურთელს გოლი გაუტანია და უმალ თქვენთან მოსულა და ამით გამოხატა რომ ყველაფერი კარგად არის. როგორ ახერხებთ მოთამაშეებთან ასეთ დროს ურთიერთობის მალე გამოკეთებას?
– რაც მინდორზე ხდება, მინდორზე რჩება, ეს დაუწერელი საფეხბურთო კანონია. ბევრი ფაქტორია, ემოცია, უკმაყოფილება… იდეალური არაფერია. ვინმეს თუ უთნხმოება მოედნის მიღმა გააქვს, ეს გამტანის პრობლემა უფროა.
– თემურ ქეცბაია ცნობილია მისი ფიცხი და ემოციური ხასიათით. ამან კარიერისას ხელი უფრო შეგიშალათ თუ შეგიწყოთ?
– ვერ ვიტყვი, რომ რამეში ხელი შემიშალა. ხანდახან შესაძლოა ეს ემოცია ზედმეტი იყო, თუმცა მწვრთნელი დიდ სტრესში ხარ. ჩემი გუნდი ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა. ალბათ ახლა მკითხავთ საქართველოს და კვიპროსის ნაკრებში მუშაობას რატომ დათანხმდითო, მაგრამ ნაკრები სხვაა.
– საფეხბურთო კარიერაზე გადავიდეთ. ადრეულ ასაკში გალიდან თბილისში ჩამოხვედით. რამდენად რთული იყო თქვენთვის იმ დროს უცხო გარემოში ადაპტაცია?
– მარტივი რა თქმა უნდა არ ყოფილა. 12 წლის ვიყავი როცა ოჯახი დავტოვე და დედაქალაქში ჩამოვედი. ამხელა ქალაქში სპორტულ სკოლაში ცხოვრებას თავისი სირთულეები ჰქონდა. ეს პერიოდი ძალიან გამომადგა. 1 წელი სოხუმის დინამოში ვითამაშე, შემდეგ თბილისის დინამო.
– როგორც ვიცი, თბილისის დინამოში პირველად მისვლისას ისე ნერვიულობდით, საათნახევარი ბაზასთან იდექით და შემდეგ კახი ასათიანმა შეგიყვანათ…
– მაშინ სოხუმის დინამო შეკრებაზე ვიყავით, როცა ჩამოვედით მოწვევა დამხვდა. დიდ ხანს ბაზასთან ვიდექი და სანამ ცხონებული კახი ასათიანი არ მოვიდა, მანამდე ვერ შევედი. მანქანიდან მკითხა ვინ ხარო, ვუპასუხე ვინც ვიყავი, მითხრა დღეებია გელოდებითო. როგორც ჩანს არ იცოდნენ შეკრებაზე რომ ვიყავით. დინამოში ისეთ ფეხბურთელებთან მომიწია თამაში, რომლებმაც ეპოქა შექმნეს. 3 წელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვითამაშე, შემდეგ საქართველოს პირველობა.
– ბორდოში და მოსკოვის ტორპედოში გადასვლის რეალური შანსი გქონდათ, თუმცა არ გამოვიდა…
– კი, ასე იყო. ბორდოც იყო დაინტერესებული და მოსკოვის ტორპედოც. მოსკოვში ჩასული ვიყავი და მოვილაპარაკეთ კიდეც, თუმცა ისე გამოვიდა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო ვერ წავედი. საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდულ ასაკში უცხოეთში წასვლის უფლება არავის ჰქონდა.
– ანორთოსისი თქვენი პირველი უცხოური გუნდია. ალბათ ძალიან რთული იყო უცხო ქვეყანაში განსხვავებულ კლიმატურ პირობებში ადაპტაცია…
– დიდი სიცხეები დამხვდა და ძალიან გამიჭირდა. კვიპროსში ვოვა გუცაევთან ერთად ჩავედი, ის როგორც დამხმარე მწვრთნელი და მე ფეხბურთელი. ბულგარეთში მოსამზადებელი პერიოდი გავიარე და კარგად შევეწყვე გუნდს. ჩვენი მწვრთნელი მაშინ ანგელოს იორდანესკუ იყო.
– კვიპროსში ძალიან უყვარხართ და ძალიან გაფასებენ. ანორთოსისში თქვენ პატივსაცემად 14 ნომრიანი მაისურა ამოიღეს. როგორ მოახერხეთ ამხელა სიყვარულის მოპოვება?
– ანორთოსისითვის და ზოგადად კვიპროსული ფეხბურთისთვის ბევრი გავაკეთე. ჩემპიონები გავხდით, თასი მოვიგეთ, შემდეგ ისევ ჩემპიონობა. კვიპროსელებისთვის ტრაბზონსპორის დამარცხება დიდი სიხარული იყო, რადგან ამას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. ეს მომენტი ფეხბურთელებსაც ჰქონდათ გათავისებული. შემდეგ ერნესტო ვალვერდეს ოლიმპიაკოსთან მოგება და ლიგის ჯგუფში შესვლა. ცხოვრების დიდი ნაწილი ანორთოსისში გავატარე.
– ანუ შეიძლება ითქვას, რომ ანორთოსისი თქვენი გუნდია.
– რა თქმა უნდა.
– ნიუკასლში ყოფნისას ორჯერ თასის ფინალში ითამაშეთ, მანჩესტერთან და ნიუკასლთან. როგორ გაიხსენებთ ამ მატჩებს?
– წლები გადის და როცა მახსენდება, რომ უემბლიზე 100 ათასი მაყურებლის წინ ვითამაშე, სიამაყის გრძნობა მეუფლება. არ გაგვიმართლა, რადგან ჯერ არსენალს შევხვდით, რომელიც მაშინ ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი მანჩესტერს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ნიუკასლი მაშინ ძალიან კარგი გუნდი იყო, ჩემპიონობისთვის იბრძოდა. კაჭკაჭებში გატარებული დრო, ჩემს კარიერაში საუკეთესოა. ჩვენ ძალიან კარგი გულშემატკივრები გვყავდა. 25 000 სეზონური ბილეთი იყიდებოდა და 20 000 კი ისე ყიდულობდა.
– ძალიან ბევრ ვარსკვლავთან გითამაშიათ. ვინ დაგამახსოვრდათ განსაკუთრებით?
– დიდი ფეხბურთელები გვყავდა, ალან შირერი, რობერტ ლი, ფილიპ ალბერტი, ნოლბერტო სოლანო, დაბიზასი…
– შირერი როგორი ადამიანია?
– ძალიან უბრალო და კარგი. შრომისმოყვარე ფეხბურთელი გახლდათ. მთავარი იყო საჯარიმოში ბურთი მიგეცა და დანარჩენს მიხედავდა.
– ყველაზე ახლო ურთიერთობა ვისთან გქონდათ?
– დაბიზასთან, მისი ბავშვის ნათლია ვარ. ასევე სოლანოსთან, რომელთანაც ოჯახებით ვმეგობრობდით.
– ვიცი, რომ ნიუკასლში თავს დაუფასებლად გრძნობდით.
– 3 წლის განმავლობაში 120 თამაში ჩავატარე, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. ყველაზე რთული სკამზე ჯდომა და ამ საოცარი სიტუაციის სათადარიგოთა სკამიდან ყურება იყო. ვფიქრობ მეტის თამაში მეკუთვნოდა. ისიც უნდა ვთქვა, რომ როცა მნიშვნელოვანი მატჩები იყო, ყოველთვის ძირითადში მაყენებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი.
– ნიუკასლში თქვენი მწვრთნელები სხვა და სხვა დროს კენი დალგლიში, რუდ გულიტი და ბობი რობსონი იყვნენ. რთული იყო მათთან მუშაობა?
– რთული და საინტერესო. გუნდში დალგლიშის დროს მივედი. ძალიან კარგი და უბრალო ადამიანი. ცდილობდა ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა. შემდეგ გულიტი მოვიდა, დიდი მოლოდინი იყო, თუმცა რაღაც კონფლიქტი ჰქონდა შირერთან. როგორც მოგეხსენებათ ნიუკასლი – სანდერლენდის დაპირისპირება ორივე გუნდისთვის დიდი მატჩია. ამ თამაშში გულიტმა შირერი ძირითადში არ დააყენა, 1:0-ს ვიგებდით, 70-ე წუთისთვის შირერი შეიყვანა, 2 გოლი გაგვიტანეს და წავაგეთ. ჟურნალისტებმა ჰკითხეს რატომ არ დააყენეო, გულიტმა უპასუხა შირერამდე 1:0-ს ვიგებდით, ალანი რომ შევიყვანე 2 გოლი გავუშვით და წავაგეთო. ეს არც შირერს მოეწონა, ჟურნალისტებმაც იმდენი ქნეს, რომ გულიტი 3 თამაშის მერე წავიდა.
– დანდიში გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?
– შოტლანდიაში ჩასულს 2 ქართველი დამხვდა, ზურა ხიზანიშვილი და გიორგი ნემსაძე, თუმცა სამწუხაროდ ხან ვინ იყო ტრავმირებული, ხან ვინ და ერთად თამაში არ მოგვიწია. დანდიში თამაშით ძალიან ვისიამოვნე, მწვრთნელები იტალიელი ძმები მონეტები იყვნენ. განსაკუთრებული გულშემატკივრობა იციან, თუმცა ცივი ამინდი ძალიან მაწუხებდა. სანაკრებო მატჩზე ჩამოვედი, მუხლი ვიტკინე და დანდიში აღარ დავბრუნდი. როგორც ფეხბურთელი ისე დამხმარე მწვრთნელობა შემომთავაზეს, როცა გამახსენდა რა ამინდი იყო ბრიტანეთში, უარი ვთქვი.
– რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს ნაკრები?
– ყველაზე საუკეთესო რაც ჩემთვის ცხოვრებაში მოხდა. ეროვნული გუნდის მაისურის მორგება ყოველთვის დიდი პატივი იყო. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა თუ რას მივაღწიე საკლუბო დონეზე, ნაკრები ნაკრებია.
– ცხადია ხვიჩა კვარაცხელიაზეც მინდა ვისაუბროთ… თქვენი აზრით, ნიჭის გარდა კიდევ რა დაეხმარა იმაში, რომ ამ დონეზე თამაშობს?
– ხვიჩას რაღაც მომენტში გაუმართლა, რადგან სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდა. აქ თითქოს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ. მოსკოვის ლოკომოტივში მისი ტალანტი დაინახეს, შემდეგ რუბინში გადავიდა, სადაც საუკეთესო იყო. ვერც მე და ვერც ვერავინ ვიტყვით, რომ ხვიჩასგან თავიდანვე ასეთ კარგ თამაშს ველოდით. პირველივე მატჩებიდან გოლები გაიტანა და საგოლე გადაცემები აკეთა. ჩვენ ვლაპარაკობთ ნაპოლიზე, რომელთა გულშემატკივარსაც მარადონას სახით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავთ ნანახი. წარმოიდგინეთ რამხელა რამეა როცა ამ ხალხს გააკვირვებ. რამხელა სიხარულია ეს ყველაფერი ხვიჩასთვის, მისი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის. ხვიჩადან გამომდინარე უფრო მეტ ახალგაზრდა ქართველს მიაქცევენ ყურადღებას. ისე არ მოხდეს, რომ ჩვენს ტალანტებს უცხოელებმა უფრო მიაქციონ ყურადღება, ვიდრე ჩვენებმა.
– საქართველოს ჩემპიონატს ადევნებთ თვალ-ყურს?
– ვუყურებ ხოლმე. პროგრესი არის, თუმცა ძალიან მცირე. მთავარი ინდიკატორი მაინც ევროტურნირებია, სადაც საჩვენო არაფერი ხდება. ეს ის ჩემპიონატი არ არის, რომ ხალხი სტადიონზე მივიდეს. როცა რომელიმე ევროტურნიის ჯგუფურ ეტაპზე გავალთ და დონე ნელ-ნელა აიწევს, ხალხიც მივა სტადიონზე. ამას ფინანსები სჭირდება.
– რამდენიმე თვის წინ ზურაბ ხიზანიშვილის ინტერვიუს ვუსმენდი, სადაც თქვა, რომ ფეხბურთელობისას მწვრთნელთან უთანხმოება ჰქონდა, თუმცა ახლა როცა თავადაც მწვრთნელია სხვა თვალით უყურებს და თვლის, რომ შეიძლებოდა სხვანაირად მოქცეულიყო. იგივე გვითხრა ლევან ყენიამ ინტერვიუში. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი მომენტი?
– დიახ, რა თქმა უნდა. ნიუკასლში არ მათამაშებდნენ, უკმაყოფილობისას გოლი ბანერის დამტვრევით ავღნიშნე. ახლა მწვრთნელი ვარ და რა თქმა უნდა ჩემმა ფეხბურთელმა მსგავსი რომ გააკეთოს არ მომეწონება. მე ყოველთვის ვცდილობ ფეხბურთელს დავანახო, რომ მასზე არჩევანი არა მეგობრობის, ახლობლობის ან პირადი მიზეზის გამო გავაკეთე, არამედ იმიტომ რომ თამაშს იმსახურებს. როცა ფეხბურთელი ხარ მხოლოდ შენს თავზე აგებ პასუხს, ცოტა ეგოისტიც ხარ, ფიქრობ რომ თამაშის ღირსი ხარ და არ გათამაშებენ. როცა მწვრთნელი ხარ, მთელ გუნდზე აგებ პასუხს. დღესაც ვფიქრობ, რომ ნიუკასლში მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებდი, თუმცა ჩემი ამ მოქცევით პრობლემა ვერ მოვაგვარე. ბევრ ყოფილ ფეხბურთელს და ამჟამად მწვრთნელს უთქვამს, რომ ფეხბურთელობისას სხვანაირად ფიქრობდნენ და ახლა სხვანაირად. მეც ასე ვარ.
– მართალია ვლადიმირ ვაისი 2 წელია აღარ არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ. ბევრს მოსწონდა მისი საქმიანობა და ბევრს არა, ვიცი რომ თქვენ მოგწონდათ. კონკრეტულად რით დაიმსახურა მან თქვენი სიმიპატიები?
– ვაისს ძალიან ვაფასებ როგორც მწვრთნელს და როგორც პიროვნებას. რთულ პერიოდში მოუწია საქართველოს ნაკრებში მუშაობა. სამწუხაროდ ჩრდ. მაკედონიასთან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდა გუნდს, ადვილია ასე გარედან ყურება. ვიცი, რომ საქართველო ძალიან შეუყვარდა. ახლაც სასიხარულოა, რომ 3 ქართველი ჰყავს გუნდში. სამწუხაროა, რომ იმ დროს როცა ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა, მაშინ დაგვაკლდა საუკეთესო ფეხბურთელები. ისიც გულდასაწყვეტია, რომ ბიჭებმა თამაშის მოსაგებად ძალა ვერ გამონახეს. მათიც მესმის, დიდი ზეწოლა იყო. მაყურებელი არ იყო ტრიბუნებზე და ცხადია შედეგზე გავლენა იქონია. 15 000 ადამიანი მაინც რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ სხვა შედეგს მივიღებდით.
– გამორჩეული თამაშები თქვენი კარიერიდან…
– ნაკრებში უელსთან, სადაც 5:0 მოვიგეთ და 2 გოლი გავიტანე. ანორთოსისში როცა ბუქარესტის სტიაუსთან გავიტანე. ცხადია კროაციასთან გოლი, რომლითაც ლიგის ჯგუფში გავედით. ყველა ძალიან გახარებული იყო. ბედნიერი ვარ რომ ჩემპიონთა ლიგაში, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმაც ვიმუშავე.
– რას შეცვლიდით თქვენს კარიერაში?
– დროს. ახლა უფრო ვითამაშებდი ფეხბურთს, ვიდრე უწინ. ახლა უფრო უკეთესი სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში, მეტი გაშუქებაა და ქვეყანაც შედარებით წინ არის. ახლა ერთი ფეხბურთელია ნაპოლიში, მაშინ ნაკრების ფეხბურთელები ნიუკასლში, აიაქსში, შალკე 04-ში და მილანში ვთამაშობდით. არა და ასეთი საფეხბურთო ბუმი არ იყო.
– ხვიჩას გარდა კიდევ ვინ მოგწონთ ყველაზე მეტად ჩვენს ნაკრებში?
– მინდა ჩაკვეტაძემ მოუმატოს და ძველი ფორმა დაიბრუნოს. დავითაშვილს გამოვარჩევ, ასევე მამარადშვილს. გული მწყდება, რომ მამარდაშვილს ხვიჩას ფონზე ნაკლები ყურადღება ექცევა. 21 წლის ბიჭი ვალენსიას ძირითადში დადგა რაც დიდი ამბავია. კიტეიშვილიც ძალიან მომწონს. საწყენია რომ ხშირად ტრავმიანობს.
– თქვენი საყვარელი კლუბი რომელია მსოფლიოს მასშტაბით?
– ბავშვობიდან მადრიდის რეალის გულშემატკივარი ვარ.
– საყვარელი ფეხბურთელი?
– რა თქმა უნდა დიეგო მარადონა. შემდეგ უკვე ბრაზილიელი რონალდო.
– მესის და რონალდუს შორის ვისკენ უფრო იხრება თქვენი სიმპატიები?
– ორივე გენიოსია და რთული რომელიმეზე არჩევანის გაკეთება. სამწუხაროა, რომ მალე დაასრულებენ კარიერას და მათი ღირსეული შემცვლელი ჯერ არ ჩანს. ერთმა ხუთჯერ მოიგო ოქროს ბურთი, მეორემ შვიდჯერ. მათი წასვლის შემდეგ 4-5 ასე თუ ისე თანაბარი დონის ფეხბურთელი იქნება, თუმცა არა რონალდუს და მესის მსგავსი.
– მსოფლიო ჩემპიონატზე ვის მიიჩნევთ ფავორიტად?
– საფრანგეთის ნაკრებს. ბრაზილიასაც კარგი გუნდი ჰყავდა, თუმცა გავარდა.