ჩემი კორპუსის ეზოში ფეხბურთის მოედანია. სულ ადრე, კომუნისტების დროს, სანამ მოედნად გადააკეთებდნენ, იქ გაზონი და ბუჩქები იყო. დილიდან საღამომდე ფეხბურთს ვთამაშობდით. ერთმანეთსაც ვატყუებდით, ხეებსაც, ბუჩქებსაც. არ ვიცი იქაურობა ჩვენ გავაჩანაგეთ თუ რაიონის ხელმძღვანელობისგან მაინც უფრო მეტი მოვლა სჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, უკვე საბჭოთა კავშირის შემდეგ, გამოსავალი მოიძებნა და ეზოს გარკვეული ნაწილი ფეხბურთის მოედნად გადაკეთდა. გადაკეთდა და… ქუჩის ფეხბურთი ჩაკვდა. თუმცა არა, მაინც იყო პერიოდი, როდესაც ერთი ბავშვი გამოდიოდა თავისი ბურთით და თუ ამხანაგებს ვერ აიყოლიებდა, მარტო კენწლავდა. აქეთ-იქით დარბოდა. ის ბავშვი ფეხბურთელი გამოვიდა. მეკარეა, გიორგი მაკარიძე. მერე კი ისევ მინავლდა ყველაფერი. და აი, ბოლოხანს მოედანს ბავშვები შეესივნენ. ჩვენს გაურეცხავ მანქანებს სულ მათი ბურთის ანაბეჭდები ამჩნევია.
საიდან მოვიდნენ ეს ბავშვები ძნელი მისახვედრი არ არის. ხვიჩამ გამოგვიგზავნა. კვარამ მოსწყვიტა ტელეფონებს და კომპიუტერებს თუნდაც დროებით და ვინ იცის, რომელიმე მათგანი ფეხბურთელიც გამოვიდეს. ან იქნებ, არც ფეხბურთელი გამოვიდეს და არც ნარკომანი. ესეც ძალიან დიდი საქმე იქნება. შეიძლება ყველაზე დიდი. ერთი ტელე-სახე ამბობდა, კვარაცხელიამ ხალხს ფეხბურთი დაუბრუნაო. აშკარად არ ესმოდა საკითხი. ფეხბურთი ფეხბურთად და კვარაცხელიამ იტალიას საქართველოს დროშა გააცნო, რუკაზე „ჯორჯას“ გეოგრაფიული მდებარეობა აჩვენა, ბევრს ალბათ რაღაც წააკითხა ჩვენი დაღლილი ქვეყნის შესახებ და თან ეჭვი მაქვს, არა მარტო აპენინებზე. უკვე ბევრმა დაწერა, რომ ჩვენი ემიგრანტები ქუჩაში ამაყად გადიან. აგერ, ბავშვები ეზოებს ბურთით დაუბრუნდნენ, ამ ყველაფერს კი ჯაჭვური რეაქციით შეიძლება უამრავი სასიკეთო ამბავი მოჰყვეს.
საინტერესო რამ შევამჩნიე: იმ ეზოში, თავში რომ ვახსენე, ერთი ბიჭუნა შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, მიწაზე რომ არ გაგორდეს და ტრავმირებული ფეხბურთელივით არ იკოტრიალოს. ზამთარში, სიცივეში. მრავლისმეტყველი სურათია. თავიდან ცოტა გავბრაზდი, ფეხბურთელებს ჩვენც ვბაძავდით, მაგრამ მიწაზე გორაობასა და „ბალახის ჭამაში“ არასდროს მიგვიბაძია, მეთქი, მაგრამ მერე საკითხს სხვა მხრიდან შევხედე — ესე იგი, ბავშვი შინ მარტო კომპიუტერულ ხოცვა-ჟლეტას კი არ თამაშობს, მაღალი ხარისხის გრაფიკული სისხლდენით, არამედ ფეხბურთსაც უყურებს და იცის როგორ კოტრიალებენ თანამედროვე ფეხბურთელები. მგონი, ეს ძალიან კარგია.
და მაინც, ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენი უფრო ბუნების ძალთა დამსახურება მგონია, ვიდრე ქართული ფეხბურთის სტრუქტურული განვითარების შედეგი. ის, რომ ჩვენი ბიჭი ძლიერია, წესიერი კაცია და ყველას გვიყვარს არაფერს ნიშნავს იმის გარდა, რომ ჩვენი ერთი ბიჭი ძლიერია, წესიერი კაცია და ყველას გვიყვარს. ალბათ ვინმეს გაეცინება, ვინმე შეიძლება გამიწყრეს კიდეც, რას ლაპარაკობო, მაგრამ მომკალით და ასეთ საშიშროებას ვხედავ: ემანდ, ხვიჩას წარმატება მთელი ქართული ფეხბურთის წარმატება არ გვეგონოს. სიხარულისგან არ ვიფიქროთ, რომ ჩვენი ჩემპიონატის, ინფრასტრუქტურის, კვალიფიციურ მწვრთნელთა მწირი რაოდენობის, ფეხბურთის როგორც ვაგლახი ბიზნესის, სტადიონებზე მაყურებლის რაოდენობის, მატჩების ჩამქრალი ტელეტრანსლაციების პატრონებს თავი ქუდში გვაქვს. ტოპ-ლიგებში ისე ცოტა ფეხბურთელი გვყავს, რომ ჩამოსათვლელად ერთი ხელის თითებიც კი ზედმეტია. ჩვენი ჩემპიონი ზაფხულში ევროთასიდან ესტონეთის პაიდემ გააგდო და სხვა.
მეორე მხრივ კი ქვეყანაში მგონი საფეხბურთო ბუმი იწყება. ნაკრები ერთა ლიგის B დონეზე აღზევდა (რაშიც ისევ და ისევ კვარაცხელიას უდევს ლომის წილი), გამოიკვეთა პერსპექტიულ ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი, რომელიც იქნებ ამჯერად მაინც არ დაიკარგოს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. არ არის გამორიცხული, რომ ის, რასაც ახლა ვხედავთ სწორედ გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლეა და ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება სწორად, ადექვატურად, რაციონალურად უნდა აღვიქვათ და ახლა მაინც არ გავუშვათ შანსი ხელიდან.