VTB ლიგის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს სანქტ – პეტერბურგის „ზენიტი“ და მოსკოვის „ც.ს.კ.ა“ შეხვდნენ.რუსული არმიული კლუბის ძირითად შემადგენლობაში გახლდათ თორნიკე შენგელია, ხოლო საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი – კონერ ფრენკამპი „ზენიტის“ სატურნირო განაცხადში არ იყო.
შეხვედრა სანქტ – პეტერბურგული გუნდისთვის უიღბლოდ დაიწყო – პირველივე წუთზე შაბაზ ნაპიერი მეტოქის სამწამიან ზონაში შევიდა, სადაც ფეხი გადაიბრუნა და შესაცვლელი გახდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი შაბაზის ტრავმა სერიოზულია.
„ც.ს.კ.ა“-მ მატჩი არცთუისე კარგად დაიწყო – საწყისი 9 სროლიდან 8 ააცილა, თუმცა მეოთხედის მეორე ნახევრიდან არმიულმა კლუბმა ნელ – ნელა ხელთ იგდო სათამაშო ინიციატივა, 3 წამიან ზონაზე გაზარდა ზეწოლა და ვილი კლაიბერნის მიერ ზედიზედ აღებული 5 ქულის წყალობით 18:9 გალიდერდა.
მეორე მეოთხედში უკვე „ზენიტი“ გამოიყურებოდა უკეთესად, პოიტრესის და ბარონის ზუსტი ტყორცნების შედეგად სანქტ – პეტერბურგულმა გუნდმა პირველ ტაიმში მხოლოდ 5 ქულა წააგო 29:34.
მესამე მეოთხედი „ზენიტის“ სამქულიანით გაიხსნა და „ცსკა“-ს დიდი უპირატესობიდან ფაქტობრივად აღარაფერი დარჩა, თუმცა არმიული კლუბი დროულად გამოფხიზლდა და 8:0 „გაქცევა“ მოუწყო მეტოქეს. ათამაშდა ალექსეი შვედი, რომელმაც 2+1 შეასრულა და მოსკოვური საკალათბურთო გრანდი უკვე 12 ქულიანი სხვაობით ლიდერობდა.
რიგ მომენტებში „ც.ს.კ.ა“-ს მთავარი მწვრთნელი დიმიტრის იტუდისი იდეალურად ცვლიდა ტაქტიკას – შენგელია-მილუტინოვის ნაცვლად ფოიტმან-კლაიბერნის დუეტს ათამაშებდა. „დაბალმა“ ხუთეულმა კი უბრალოდ აიკლო პერიმეტრიდან „ზენიტი“.
მეოთხე მეოთხედში სიტუაცია ისევ დაიძაბა, მას შემდეგ რაც ჯორდან ლოიდმა მორიგი სამქულიანი ჩასვა კალათში, თუმცა რუსული არმიული კლუბი ისევ „ძველ სტილზე“ გადავიდა – შენგელია-მილუტინოვის დუეტმა სამწამიან ზონაში აღადგინა დომინაცია და „ც.სკ.ა“-ამაც იოლად მიიყვანა შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე 81:73.
VTB ლიგის, გომელსკის სახელობის სუპერთასის საუკეთესო მოთამაშე ვილი კლიბერნი გახდა, საუკეთესო მწვრთნელი – დიმიტრის იტუდისი, ხოლო სერბი ნიკოლა მილუტინოვი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
ფინალურ შეხვედრაში თორნიკე შენგელიამ 7 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.