ევროლიგის რეგულარული სეზონის მესამე ტურის მატჩში რუსული დაპირისპირება შედგა – მოსკოვში „ც.სკ.ა“ – მ „ზენიტს“ უმასპინძლა და მეტოქე 77:67 დაამარცხა. რუს არმიელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეიტანა – თორნიკე შენგელიამ 36 წუთში 33 ქულა( 16-დან 10 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი, 11-დან 7 ერთქულიანი), 8 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
„თოკო“ ერთნაირად კარგი იყო როგორც შეტევაში ასევე დაცვაში და მისმა კარგმა ასპარეზობამ განაპირობა, რომ „ც.ს.კ.ა“-მ ეს მატჩი მოიგო.
არმიელებმა პირველი მეოთხედი 7 ქულიანი სხვაობით მოიგეს 21:14, თუმცა მეორე პერიოდიდან „ზენიტი“ გააქტიურდა და შეამცირა მეტოქესთან ჩამორჩენა 31:36.
სანკტ-პეტერბურგული გუნდის რიგებში სასტარტო ხუთეულში იყო საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი კონერ ფრენკამპი, რომელმაც პარკეტზე 9 წუთი გაატარა და 2 ქულა დააგროვა.
მესამე მეოთხედიც დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა – მასპინძლები ცდილობდნენ ანგარიშში დიდი სხვაობით გაქცეულიყვნენ წინ, თუმცა „ზენიტი“ ამის საშუალებას არ იძლეოდა. სტუმართა რიგებში სროლები წაუვიდა ჯორდან ლოიდს, რომელიც პირადად უნარჩუნებდა შეხვედრას ინტრიგას(19 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი).
უკანასკნელ, მეოთხე მეოთხედში „თოკოს“ ძალიან დაეხმარა ვილი კლაიბერნი, რომელმაც ჯამში 16 ქულა ჩაუგდო მოწინააღმდეგეს და ქართულ-ამერიკულმა დუეტმა „ც.ს.კ.ა“-ს გამარჯვება „გამოჭედა“.
თორნიკე შენგელიამ 33 ქულის აღებით ევროლიგის პირადი რეკორდი დაამყარა, მისმა მარგიქმედების კოეფიციენტმა კი +37 შეადგინა, რაც ამ მომენტისთვის საუკეთესო შედეგია მესამე ტურში.