თოფურიასთან ჩაშლილი ბრძოლის შემდეგ, მოვსარ ევლოევს ახალი მეტოქე ჰყავს

23 იანვარს გამართულ UFC 270-ზე, ერთმანეთის წინააღმდეგ დაუმარცხებელ მებრძოლებს, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს უნდა ებრძოლათ. მიუხედავად დიდი მოლოდინებისა, ბრძოლა არ შედგა – ევლოევი 2 კვირით ადრე, კოვიდ ინფიცირების გამო ჩაეხსნა. თოფურიას ახალი მეტოქე მოუძებნეს, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერც ილიამ შეძლო ბრძოლა.

თოფურიას ბრძოლიდან გამოთიშვამ კი გააჩინა მოლოდინი, რომ ევლოევთან არშემდგარი დაპირისპირება ხელახლა, სხვა დროს გაიმართებოდა. მეტიც, ევლოევმა თოფურია 19 მარტს, ლონდონში საბრძოლველადაც კი გამოიწვია, თუმცა მოვლენები განსხვავებულად განვითარდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 ივნისს ევლოევი დენ იგეს დაუპირისპირდება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ დენ იგე თავად ილია თოფურიამაც გამოიწვია, მას შემდეგ რაც ბრძოლას ევლოევი გამოეთიშა, თუმცა იგემ ქართველი მებრძოლის გამოწვევა არ მიიღო. იგე ქვემსუბუქი წონის მე-9 ნომერი გახლავთ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ილია თოფურიას სულ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა საქმიანი შეხვედრა UFC-ს პრეზიდენტ დენა უაითთან და სავარაუდოდ ილია ზემოთნახსენები ბრძოლის ჩანიშვნასთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო. საინტერესოა, რა შესთავაზა მოვსარის სანაცვლოდ დენამ ილიას.

Leave a comment

Your email address will not be published.