ა.შ.შ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში დასრულდა ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი, რომლის ფინალშიც 19 წლის იანიკ სინერმა 7:5 4:6 7:5 სძლია მაკენზი მაკდონალდს.
იტალიელმა ჩოგბურთელმა კარიერაში მეოთხე ტიტული მოიგო და გახდა ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული.
სინერემდე რეკორდი ეკუთვნოდა გერმანელ ალექსანდრ ზვერევს, რომელმაც 2017 წელს, 20 წლის ასაკში მოიგო 500-იანთა კატეგორიის ტურნირი.
ვაშინგტონში მიღწეული გამარჯვების ფონზე იანიკი მსოფლიო რეიტინგში მე-15 პოზიციამდე აღზევდა.
ქალთა ბადეში, სან-ხოსეს ტურნირის ფინალში დანიელა კოლინზმა ურთულეს, ბრძოლაში 6:3 6:7 6:1 მოუგო დარია კასატკინას.
მეორე სეტში ამერიკელმა ჩოგბურთელმა 5 მატჩპოინტი ვერ გამოიყენა, თუმცა საბოლოოდ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
კოლინზმა ზედიზედ მეორე ტიტული მოიგო (რამდენიმე კვირის წინ იმარჯვა პალერმოს ტურნირზე) და ამჟამად 10 მატჩიანი მოგებათა სერია გააჩნია.
დანიელა მეექვსე ქალი ჩოგბურთელია WTA TOUR-ზე, რომელმაც მიმდინარე სეზონში ერთ ტიტულზე მეტის მოგება მოახერხა.
ეშლი ბარტი – 4
ბარბორა კრეიჩიკოვა – 3
არინა საბალენკა – 2
იგა შვიანტეკი – 2
დარია კასატკინა – 2
დანიელა კოლინზი – 2