იანის ანტეტენკუმპოს 40 ქულა და რთული გამარჯვება „შარლოტთან“

ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა „მილუოკი ბაქსის“ დაპირისპირება „შარლოტთან“.

NBA-ს მოქმედი ჩემპიონი საკუთარ არენაზე მასპინძლობდა „ჰორნეთს“ და გამარჯვების უდავო ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა სიტუაცია პირველივე მეოთხედიდან გართულდა.

მატჩში მშვენიერი სტარტი აიღო „შარლოტმა“ – 17-დან 10 სამქულიანი ჩაუგდო მეტოქეს და საწყისი მეოთხედი 41:25 მოიგო.

ძალიან კარგად გამოიყურებოდა კელი უბრე, რომელმაც მატჩის პირველ ნახევარში 20 ქულა დააგროვა, დაბომბა რა მეტოქე პერიმეტრიდან (7-დან 5 სამქულიანი „ჩასვა“). უკანანსკნელ წამებზე ჯორჯ ჰილმა რთული მდგომარეობიდან ჩააგდო შორეული ტყორცნა და ‘ბაქსი“ დიდ შესვენებაზე 8 ქულიანი ჩამორჩენით გავიდა 60:68.

null

„მილუოკიმ“ შეხვედრაში პირველი ლიდერობა მესამე მეოთხედის დასრულებამდე 2:25 წუთით ადრე მოიპოვა, როდესაც ჰილმა ამჯერად 2 ქულიანი ჩააგდო 91:90.

უკანასკნელ მეოთხედში არაერთხელ შეიცვალა ლიდერი – სტუმართა რიგებიდან ბრწყინავდა ლამელო ბოლი, ხოლო მასპინძელთა მხრიდან იანის ანტეტენკუმპო.

ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წამით ადრე ანგარიში 125:125 იყო, როდესაც ბერძენი კალათბურთელი შევარდა მეტოქის სამწამიან ზონაში და გამარჯვების მომტანი სროლა შეასრულა 127:125.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე იანის ანტეტენკუმპო გახდა, რომელმაც 40 ქულასთან ერთად 12 მოხსნა და 9 პასი დააგროვა, 21 ქულა ჩააგდო კრის მიდლტონმა, 16 გრეისონ ალენმა. სამწუხაროდ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც განაცხადში იყო, თუმცა შეხვედრის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე „დარჩა“.

null

 

კარიერის ყველაზე უხვქულიანი მატჩი ქონდა ლამელო ბოლს, რომელმაც 36 ქულა მოაგროვა 9 პასთან და 5 მოხსნასთან ერთდ. ტრადიციულად კარგი იყო მაილს ბრიჯესი 22 ქულით, შესანიშნავად შემოვიდა სათადარიგოთა სკამიდან კელი უბრე ჯუნიორი – 25 ქულა.

NBA-ს რეგულარულ სეზონში „მილუოკიმ“ ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე-მესამე ადგილს იყოფს „ვაშინგტონთან“ (ორივე გუნდს 14/8 მოგება/წაგება).
„შარლოტმა“ სეზონში მე-11 მატჩი წააგო და მე-9 პოზიციამდე დაქვეითდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *