იგა შვიონტეკმა ზედიზედ 26-ე მატჩი მოიგო

იტალიის დედაქალაქ რომში გრძელდება WTA-ს მასტერსი. 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის 1/4 ფინალში იგა შვიონტეკმა 7:6 6:0 სძლია ბიანკა ანდრეესკუს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის სტარტზე პოლონელმა ჩოგბურთელმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. ბიანკა “დროულად გამოფხიზლდა” – ზედიზედ 3 გეიმი მოუგო მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგანს და ამჯერად თვითონ გავიდა წინ ბრეიკით 3:2.

null

შვიონტეკმა დროულად დაიბრუნა კონცენტრაცია და ძალების მობილიზების ხარჯზე მალე უკვე 5:3-ს იგებდა და თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა სეტის მოგება, თუმცა ანდრეესკუმ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა – პარტიაში მესამედ ააცალა ჩაწოდება იგას და ანგარიში გათანაბრდა 5:5.

პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც უკეთესად მაინც პოლონელი თამაშობდა – მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა 7:2 იმარჯვა.

მეორე პარტიაში სრულიად “სახეცვლილი” ბიანკა ანდრეესკუ დაბრუნდა კორტზე – კანადელი ჩოგბურთელი საკუთარ თავს არ გავდა და პრაქტიკულად ყველა გათამაშებას აგებდა. შვიონტეკმა მეორე სეტში ჯამში მხოლოდ 10 ქულა დათმო და გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა 6:0.

იგამ WTA TOUR-ზე ზედიზედ 26-ე შეხვედრა მოიგო და აგრძელებს რეკორდების დამყარებას. პოლონელ ჩოგბურთელს მიყოლებით 22 სეტი აქვს მოგებული და მისი გამჩერებელი უბრალოდ არავინ ჩანს.

WTA TOUR-ზე ზედიზედ მოგებულ მატჩთა სერია 2000 წლიდან

1. ვინუს უილიამსი 35 მატჩი (2000 წელი)

2. სერენა უილიამსი 34 მატჩი (2013 წელი)

3. ჟუსტინ ჰენინი 32 მატჩი (2018 წელი)

4. სერენა უილიამსი 27 მატჩი (2015 წელი)

5. ვიქტორია აზარენკა 26 მატჩი (2012 წელი)

6. იგა შვიონტეკი 26 მატჩი (2022 წელი)

რომის მასტერსის ნახევარფინალში შვიონტეკი ბელარუს არინა საბალენკას დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში ონს ჟაბერი დარია კასატკინას ეთამაშება.

Leave a comment

Your email address will not be published.