იდეალი… ერიქსენის ბავშვობაზე და მომავალზეც

კრისტიან ერიქსენი – გუშინ მთელი საფეხბურთო სამყარო ერთი საათით გაჩერდა და ლოცულობდა. 29 წლის დანიელი ვარსკვლავი სიკვდილს ებრძოდა და დაამარცხა. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე, კონკრეტულად თამაშისას მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა. წარმოიდგინეთ, ამხელა ფორუმი, პირველი ტური და დანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი… აღარ გვსურს გახსენება, თუმცა ბოლოში მაინც მოგვიწევს.

უბრალოდ, ერიქსენი უფრო ახლოს გავიცნოთ.

ბავშვობა

ერიქსენი 1992 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს დაიბადა.  მისი დაბადებიდან ოთხ თვეში დანია ევროპის ჩემპიონი გახდა. ისედაც ფეხბურთის გიჟებით სავსე ქვეყანაში ბუმი იყო და კრისტიანის დედ-მამასაც მაგრად უყვარდათ. ბიჭი 3 წლისაც არ იყო, როცა ბურთით უკვე აკეთებდა ტრიუკებს. დიახ, ნამდვილი ამბავია, რომ მშობლიურ ქალაქ მიდელფარტის გუნდში 2 წლისა და 10 თვის მიიყვანეს. გუნდში ერთ-ერთი მწვრთნელი მამამისი იყო.

ცოტა წინ გავუსწროთ ამბებს და დავწეროთ, რომ კრისტიანის უმცროსი და, ლუიზა ერიქსენი ასევე ფეხბურთელია და ასევე ნაკრებში თამაშობს.

13 წლის კრისტიანი ოდენსეს აკადემიაში მიიწვიეს. ბიჭი ასაკს უსწრებდა და ყველა ხედავდა, დანიას მომავალი ვარსკვლავი ეზრდებოდა. 15 წლისას უკვე შემოთავაზებები ჰქონდა უცხოეთიდან, ჩელსიდან, ბარსელონადან… თუმცა ჭაბუკისთვის ყველაზე კარგ ადგილზე მოხვდა: აიაქსი! ამაზე მაგარი რა უნდა ინატრო?! იყო გასინჯვაზე ბარსელონაში, ჩელსიში, ოღონდ აიაქსმა უფრო მოინდომა და ოდენსეს მილიონი დოლარი გადაუხადა.

 

კერპები

„მამაჩემს იტალიელები უყვარდა და მეც ასე ვიყავი. მამა რობერტო ბაჯოს დიდი გულშემატკივარი იყო, მეც პირველად სწორედ ბაჯოს მაისურა მაჩუქა. თუმცა დანიაში ყველა ბიჭს სურდა, რომ მიქაელ ლაუდრუპივით ეთამაშა. ლაუდრუპი უპირველესი კერპი და ნიმუში იყო ჩემთვის“.

და აიაქსი? ფეხბურთელი თავიდან აიაქსის 19-წლამდელებში, მერე კი მეორე გუნდში იყო. დენის ბერხკამპმა გარკვეული როლი ითამაშა დანიელის წინსვლაში. ბერხკამპი იმ დროს აიაქსის მეორე გუნდში მუშაობდა მწვრთნელად და მთავარი აიაქსის მწვრთნელ მარტინ იოლს გაუწია რეკომენდაცია.

ბერხკამპი და ვიმ იონკი გვავარჯიშებდნენ „პასი მესამეზე“. ბერხკამპის ქარიზმა მაშინაც მხიბლავდა, მის ყველა მოძრაობას ვუყურებდი და ეს დამეხმარა პირველ გუნდში დაწინაურებაში“.

 

ფაქტები და გოლები საქართველოს კარში

4-ჯერ გახდა დანიის საუკეთესო მოთამაშე. ერიქსენი 18 წლის იყო, როცა მორტენ ოლსენმა სამხრეთ აფრიკაში წაიყვანა. მსოფლიო ჩემპიონატში! ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იმ მუნდიალზე… მეორე წელს ნიდერლანდების ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ერიქსენს ნაკრებში 109 მატჩი და 36 გოლი მოუგროვდა. აქედან ორი საქართველოს გაუტანა. პირველად ამხანაგურში, 1:1 სრულდებოდა და ბოლო წუთზე საჯარიმო იდეალურად შეასრულა. მეორედ კი 2019 წელს, შესარჩევში: 5:1… დანია იგებდა, საბა ლობჟანიძემ გაათანაბრა და ამის შემდეგ ქართველთა კარში კიდევ ოთხი გოლი გავიდა. ერთი ერიქსენმა პენალტით.

იმავე წელს თბილისშიც ითამაშა. 0:0 – ერიქსენმა საუკეთესო მატჩი ნამდვილად ვერ ჩაატარა.

მეუღლე და შვილები

მიღწევების მიუხედავად, ერიქსენი მოკრძალებული და მშვიდი ტიპია, რის გამოც კიდევ უფრო უყვართ. მისი მეუღლეა საბრინა კვისტ-იენსენი. წყვილი 10 წელია ერთადაა და ორი შვილი ჰყავთ. სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, შფოთიანი ცხოვრება არ აქვთ.

ყველამ ნახა, როგორ ტიროდა საბრინა სტადიონზე. მას დანიის ნაკრების კაპიტანი სიმონ კიაერი და მეკარე კასპერ შმაიხელი ამშვიდებდნენ.

„გოლაზო“

ეს მეტსახელი მაურიციო პოჩეტინომ შეარქვა ტოტენჰემში, სასწაული გოლები გააქვსო…

„მისი თამაში სასიამოვნო საყურებელია. წარმოუდგენელი გოლები გააქვს. კრისტიანმა იცის, რომ ძალიან გვიყვარს. დიახ, ის ჩუმი და თავმდაბალია, მაგრამ ფეხბურთისთვისაა დაბადებული. ერიქსენი სწორედ ის ტიპია, რომელსაც არ სჭირდება ბევრი გამოძახილი ფანებისგან, გარემოცვისგან, პრესისგან“.

ჯანმრთელობა. რა მოხდება ამის შემდეგ?

 ექიმები ჯერჯერობით არკვევენ მომხდარის მიზეზებს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ეს გადატვირთული გრაფიკის ბრალია. არანორმალური რაოდენობის მატჩები, ვარჯიშები, ფრენები…

პროფესორი სანჯაი შარმა (ის ტოტენჰემისთვის ატარებდა კარდიოლოგიურ ტესტებს 7 წლის განმავლობაში): „ტესტირება ყოველწლიურად ხდებოდა. სანამ ის ტოტენჰემში გახლდათ, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. როგორც კი ეს ამბავი მოხდა, მაშინვე გავიფიქრე: „ღმერთო! ნუთუ რამე ვერ შევამჩნიეთ? მაგრამ არქივში მაშინვე მოვძებნე მონაცემები და ყველაფერი იდეალურად იყო“.

ბეპე მაროტა (ინტერის დირექტორი): „ერიქსენმა SMS დაწერა ინტერის საერთო ჩათში. ყველანი დაამშვიდა და იმედი აქვს, რომ მოედანს დაუბრუნდება. მე ვერაფერს გეტყვით, რადგან ფეხბურთელი დანიის ნაკრების ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. სწორედ მათ უნდა გააკეთონ ოფიციალური განცხადება. ყველანი შეშინებულები ვიყავით და საბედნიეროდ, კარგად დამთავრდა“.

ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ნამდვილად აწუხებდა გული, დღეს ევროპის ჩემპიონატზეა – ნიდერლანდელი მცველი დელი ბლინდი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *