2023 წლის მსოფლიოს თასის დაწყებამდე ორ წელიწადზე ნაკლები რჩება. გასულ უქმეებზე ამ ფაქტთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი და აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი დაესწრნენ. ისინი საფრანგეთის მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელს კლოდ ატჩერს შეხვდნენ, სადაც გაჟღერდა, რომ მსოფლიოს რაგბი გეგმავს ოვალური ბურთით თამაშის უდიდესი ფორუმი ორ წელიწადში ერთხელ გაიმართოს.
ამ იდეას რაგბის სამყაროში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა და ითხოვენ ყველაფერი ისე დატოვონ როგორც არის. სამაგიოეროდ, დადებითი შეფასება მოჰყვა ორ სხვა იდეას. პირველი, გამორიცხული არ არის, რომ 2027 წლის მსოფლიოს თასიდან მოყოლებული მონაწილეთა რაოდენობა 24 გუნდამდე გაიზარდოს.
ამასთან ერთად, მსოფლიოს რაგბი მზადაა მიიღოს არგენტინისა და ურუგვაის ერთობლივი განაცხადი მსოფლიოს თასის ჩატარების შესახებ. თუმცა, მასპინძლობის საშუალება ამ ქვეყნებს 2031 ან 2035 წლებში მიეცემათ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2035 წელს მსოფლიოს თასის გამართვა ერთობლივად დიდი ბრიტანეთის ქვეყნებს სურთ.