ითამაშა ისე, როგორც დიეგომ, როგორც მესიმ…

წარმოიდგინეთ, რომელიმე დიდ საფეხბურთო ქვეყანას ისეთი ტალანტი ჰყავდეს, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა… არგენტინელი რომ იყოს? მაშინვე იტყოდნენ, ახალი მარადონაა, ახალი მესია. დიეგო რომ ცოცხალი იყოს, რას იტყოდა?! როგორ გაიხარებდა?!

ესთეტიურად, სასუოლოსთან გოლი ამ ორი ლეგენდის ჟანრიდანაა.

იხილეთ კვარაცხელიას გოლი

კვარაცხელიას პირველი სეზონი დიადთა დარბაზის წევრების საკადრისია. მოედანზე რომც აღარ გავიდეს, მაშინაც.

როდესაც ნაპოლის უჭირს, მეტოქის გასახსნელად პირველი გოლი უნდა, ხვიჩა კაპიტანი ნეაპოლი, კაპიტანი საქართველო ხდება და გოლს იგონებს, არაფრიდან იტანს. ის კვარავაჯოა, შემოქმედია, რომელიც მთელ სამყაროს ძილისკენ მოუწოდებს, გვაჩვენებს, რომ მოედანზეა და სტიქიასთან ბრძოლას აზრი არ აქვს. ჩვენც თითქოს ზღაპარში ვართ, ტკბილი სიზმარია და გამოღვიძება არ გვინდა.

ვუყურებთ, კლასიკურ სამყაროში კიდევ ერთი კოლხი როგორ ჩავიდა. კიდევ ერთი ქართველი, რომლის სახელიც გრგვინავს.

მარადონას შემდეგ, ნეაპოლისთვის კვარაცხელიას სკუდეტო რომ მოაქვს, შემთხვევითი არ არის. არც ისაა შემთხვევითი – კვარადონას რომ უწოდებენ. ოსიმენი ძალიან მაგარია, დიდი გუნდისა და დიდი ფეხბურთის  პოტენციალი აქვს – თუმცა მისი ძალა ათლეტიზმზეა დამყარებული, ხვიჩა კი მხატვარია. კვარაცხელიამ საგოლე პასი იცის, ორივე ფეხით ურტყამს და სადებიუტო გოლი თავით შეასრულა. VAR რომ არ არსებობდეს, ხელითაც გაიტანდა. ისეთი შემოქმედია, მის დასაბადებლად განგების ჩარევა რომაა საჭირო.

სასუოლოსთან მატჩი პროტაგონისტზე საუბრით მოვყევით. აქილევისის გარეშე, როგორც ტროელებს ბერძნები ვერ დაამარცხებდნენ, კვარას გარეშე ჩემპიონი ნაპოლიც ვერ გახდებოდა…

ჩვენი თუ არ გჯერათ, უდინეზეს მთავარ კაცს, ხერარდ დეულოფეუს მოუსმინეთ, კვარა ლიგაში საუკეთესოაო. ბარსელონას აღზრდილს ესთეტიკის შეგრძნება სისხლში აქვს გამჯდარი…

 

სასუელო 0:2 ნაპოლი
მეორე ადგილთან 18 ქულა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *