ინგლისის მოსალოდნელი მოგება და ლუკა მოდრიჩის კლასი

ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მორიგი შეხვედრები გაიმართა. ინგლისის ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 1:0 დაამარცხა, ხორვატიამ კი შოტლანდიას 3:1 მოუგო.

ინგლისი – ჩეხეთის მატჩი ბრიტანელთა უპირატესობით დაიწყო და საუთგეიტის შეგირდები მალევე დაწინაურდნენ. მე-12 წუთზე გრილიშმა მარცხენა ფლანგზე მშვენივრად ითამაშა, საჯარიმოში ჩააწოდა და სტერლინგმა თავით შეაგდო. ინგლისი ამის შემდეგაც ფლობდა უპირატესობას, თუმცა გუნდს ეტყობოდა, რომ სიფრთხილეს იჩენდა. საუთგეიტის შეგირდებმა მატჩის ბოლოს მეორეც გაიტანეს, თუმცა ჰენდერსონის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

ხორვატია – შოტლანდიის დაპირისპირება მსოფლიოს ვიცე ჩემპიონების კარნახით დაიწყო და ანგარიში მე-17 წუთზე ვლაშილმა გახსნა. შოტლანდია არ დანებდა და გოლს შეტევით უპასუხა, რასაც 42-ე წუთზე ტაბლოზე 1:1-ის დაწერა მოჰყვა. გადმოვარდნილ ბურთზე მაკგრეგორმა ითამაშა და ძლიერი დარტყმით შეაგდო.

მეორე ნახევარში ხიფათი ორივე კართან შეიქმნა, თუმცა კლასის ხარჯზე ხორვატიამ მოიგო. 62-ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვედან ლუკა მოდრიჩმა ტერფის გარე ნაწილით აჭრა ბურთი და შესანიშნავი გოლი შეაგდო. 77-ე წუთზე ლუკამ ასისტენტობაც მიითვალა. მისი ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ივან პერიშიჩმა თავით აიღო ბრიტანელთა კარი.

D ჯგუფი ინგლისმა 7 ქულით მოიგო, მეორეზე 4 ქულიანი ხორვატია გავიდა, ამდენივე დააგროვა მესამეზე გასულმა ჩეხეთმა, შოტლანდია კი 1 ქულით ბოლო პოზიციას დასჯერდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *