მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მორიგი მატჩი გაიმართა. ტურნირის ფავორიტმა ინგლისის ნაკრებმა უელსის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა.
ბრიტანულ დაპირისპირებაში თუ ვინმემ კარგი და გამართული ფეხბურთი ითამაშა, ეს პირველ რიგში სწორედ საუთგეიტის შეგირდები იყვნენ. გუნდს დიდი უპირატესობა პირველივე ტაიმში ჰქონდა. მართალია გოლი ვერ გაიტანა, თუმცა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.
მეორე ტაიმში ინგლისი საქმეს შეუდგა და 3 უპასუხო ბურთი შეაგდო, სამივე საკმაოდ ეფექტური. ინგლისელებს კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა. ინგლისის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მოიგო და 1/8 ფინალში სენეგალის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტ პეიჯმა გარეთ ბეილი მეორე ნახევრის დაწყებისთანავე შეცვალა. მართალია უელსელს კარგი მატჩი არ ჰქონია, თუმცა მისი კლასიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს მაინც გასაკვირი იყო.
საუკეთესო ფეხბურთელი
დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე უდაოდ მარკუს რაშფორდი გახლდათ. მან 2 გოლი გაიტანა და ორივე შესანიშნავი იყო. მარკუსი 3 გოლით ბომბარდირობის ერთ-ერთი კანდიდატია.
უელსი 0:3 ინგლისი
გოლები: რაშფორდი (50; 68), ფოდენი (51).