“ინდიანამ” გოგა ბითაძე შემადგენლობიდან გარიცხა

წუხელ, თბილისის დროით 23:59-ზე დაიხურა NBA-ს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა. ლიგის გუნდებმა არაერთი ტრანსფერი განახორციელეს და მოთამაშეები გაცვალეს ერთმანეთში.

სამწუხაროდ, ბრუკლინს, მილუოკის და ინდიანას შორის განხორციელებული სამმაგი ტრეიდის შედეგად გოგა ბითაძე ლიგის მიღმა დარჩა.

null

The Athletic-ის ინსაიდერის – შემს ჩარანიას ინფორმაციით, “ბაქსმა” ფორვარდი ჯეი კრაუდერი მიიღო, სამაგიეროდ კი დრაფტის მეორე რაუნდის 5 პიკი გასცა. “ინდიანამ” “მილუოკიდან” ჯორდან ნვორა, ჯორჯ ჰილი და სერჟ იბაკა “წაიყვანა”.

“პეისერზში” ერთბაშად ამდენი კალათბურთელის მოსვლამ ავტომატურად დაუკარგა როტაციაში ადგილი გოგა ბითაძეს, რომელიც კლუბმა შემადგენლობიდან გარიცხა.

ქართველ ცენტრს NBA-ში დაბრუნების შანსი ექნება, თუ ლიგის რომელიმე კლუბი მას თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.

null

გაცნობებთ, რომ გოგამ მიმდინარე სეზონში “ინდიანას” მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, შეზღუდულ დროში(9,6 წუთი) მისი სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: 3,3 ქულა და 2,3 მოხსნა.

შეგახსენებთ, გოგა ბითაძე 2019 წლის დრაფტზე “პეისერზმა” მე-18 ნომრად აირჩია. მან NBA-ში 170 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 4.8 ქულას, 2.8 მოხსნას და 0.8 პასს აკეთებდა. გოგას ხელფასი ამ სეზონში $4.77 მილიონია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *