იოკიჩის ისტორიულმა სამმაგმა დუბლმა დენვერს ვერ უშველა

„ფინიქს სანზმა“ კრის პოლის და დევინ ბუკერის ბრწყინვალე თამაშის ფონზე სტუმრად 116:102 დაამარცხა „დენვერ ნაგეთსი“ და საპლეიოფო სერიაში 3:0 დაწინაურდა.

შეხვედრის სტარტის წინ, ნიკოლა იოკიჩს MVP-ის ტიტული გადასცეს და დარბაზში შეკრებილი 19 500 გულშემატკივარი იმედიანად იყო, რომ სერბული „ჯოკერის“ დახმარებით დენვერი შეწყვეტდა ფინიქსის მოგებათა სერიას.

„სანზის“ კალათბრთელებმა შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყეს, 12 წუთის განმავლობაში 77% – იანი სიზუსტით უტევდნენ მეტოქის კალათს და დიდი ანგარიშითაც გაიქცნენ წინ. იოკიჩმა მეოთხედი 7 ქულით დაასრულა, თუმცა ფინიქსმა მაინც უპრობლემოდ მოიგო პერიოდი 37:27.

მეორე მეოთხედის მიმდინარეობისას სტუმრები უმეტესად ორციფრიანი უპირატესობით იყვნენ წინ, თუმცა ტაიმის ბოლოს „დიდი გამყინვარება“ დაეწყოთ, რითაც „ნაგეთსმა“ ისარგებლა – სოლიდური გაქცევა მოაწყო და მეტოქესთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა 55:59.

მატჩის მეორე ნახევრის სტარტი საშინელი გამოუვიდა დენვერს – საწყისი 7 ტყორცნა გააფუჭეს მისმა კალათბურთელებმა და ფინიქსიმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, რაც მატჩის ბოლომდე აღარ გაუშვია ხელიდან.

სერიაში ანგარიში 3:0 გახდა ფინიქსის სასარგებლოდ. „სანზს“ ერთი მოგებაღა აკლია, რათა 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდეს დასავლეთ კონფერენციის ფინალში(0:3-დან ნბაში საპლეიოფო სერია არავის მოუტრიალებია).

მონტი უილიამსის გაწვრთნილ გუნდს პლეიოფში უკვე 6 მატჩიანი მოგებათა სერია გააჩნია და ჯერეჯრობით ნბა-ში მათი გამჩერებელი უბრალოდ არავინ ჩანს.

დენვერთან მოგებულ შეხვედრაში 27 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა ქონდა კრის პოლს, 28 ქულა დააგროვა დევინ ბუკერმა, მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა დეანდრე ეიტონმა 10 ქულა+15 მოხსნა.

„ნაგეთსის“ რიგებში ისტორიული სამმაგი დუბლი შეასრულა ნიკოლა იოკიჩმა – 32 ქულა, 20 მოხსნა (10 მეტოქის ფარზე), 10 შედეგიანი გადაცემა.

სერბ კალათბურთელს პლეიოფის სტადიაზე უკვე 6 „ტრიპლ დაბლი“ აქვს, ნიკოლამ ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ჯონ ჰავლიჩეკს გადაასწრო და ტოპ 10-ში შევიდა.

 

ნბა-ს პლეოფში შესრულებული სამმაგი დუბლები

1. მეჯიქ ჯონსოსი – 30
2. ლებრონ ჯეიმსი – 28
3. რასელ ვესტბრუკი – 12
4. ჯეისონ კიდი – 11
5. რაჟონ რონდო – 10
5. ლარი ბერდი – 10
5. დრაიმონდ გრინი – 10
8. ვილტ ჩემბერლენი – 9
9. ოსკარ რობერტსონი – 8
10. ნიკოლა იოკიჩი – 6
11. ჯონ ჰავლიჩეკი – 5

 

მიუხედავად იოკიჩის ასეთი სოლიდური სტატისტიკისა, მატჩის ანტიგმირად მაინც სერბი გახდა, ვინაიდან მან თამაშიდან 29-ჯერ ესროლა ბურთი და მხოლოდ 13 ჩააგდო.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ნიკოლამ საკუთარ თავზე აიღო წაგების პასუხისმგებლობა და გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *