ისევ ესენი ხვდებიან

წავიდა, წამოვიდა ეს კარგი და თვალსასეირო ევროპის ჩემპიონატი და ჯგუფური ტურნირის ბოლო დღის ბოლო წუთებზე გაირკვა, რომ გერმანია და ინგლისი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.

Biggest TV audiences for England World Cup matches revealed - The Irish News

მგონი, უამისოდ  ფეხბურთი აღარ გამოდის ხოლმე: თუ დიდი ტურნირია, ესენი ერთმანეთს უნდა გადაეყარონ.

სანამ ფოლკლენდის ომი მოხდებოდა, ინგლის-გერმანიის საფეხბურთო დაპირისპირება უმთავრეს საფეხბურთო ომად აღიქმებოდა ინგლისელთათვის. ეს ამბავი, ცხადია, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან იწყებოდა, როცა სადაო შეიქნა ინგლისელთა მესამე გოლი, რომელიც გვერდითი მსაჯის, ბახრამოვის მოწმობით ჩაითვალა. დღემდე ლაპარაკობენ, რომ ეს შტანგა-გოლი ჩასათვლელი არ იყო. ცხადია, ეს მკვდარი ლაპრაკია, მაგრამ ინგლსიელთა ამ სიხარულს დიდი სიმწარე მოჰყვა ოთხი წლის შემდეგ: მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც გერმანიამ სამი გოლით შემოუტრიალა თამაში ინგლისს და მსოფლიო ჩემპიონი ტურნირიდან დაითხოვა. მაშინ ეს ამბავი სათადარიგო მეკარე პიტერ ბონეტის, ალან მალერის, ბობი ჩარლტონის შეცვლას დაბრლადა.

EURO '96 semi-final highlights: England vs Germany | UEFA EURO 2020 |  UEFA.com

იქედან ორ წელიწადში მომავალმა მსოფლიო ჩემპიონმა, გერმანიამ უემბლიზე დაანგრია ინგლისი ევროპის ჩემიონატის ორმატჩიანი შეხვედრის პირველ თამაშში, მერე კი, ევროპის ჩემპიონიც გახდა. ეს ძველათ იყო, ბევრი ამხანაგურის ჩართვით და ინგლისური მედია კი, ყოველთვის უკავშირებდა ხოლმე გერმანიასთან თამაშს მეორე მსოფლიო ომს. მიანიშნებდა, ახტუნგ-ახტუნგებიანი სათაურებით, აი, ვის უნდა ვებრძოლოთო. ამ ნაკრებთა თამაშში ოდესღაც, პოლიტიკაც ძალიან მაგრად იყო გარეული, თავისი ჰაილ ჰიტლერებით და ამბებით, მაგრამ განსაკუთრებულობა მაინც იმ მსოფლიო თასიდან იწყება.

მერე კი, ინგლის-არგენტინის თამაშებმა შეიძინა განსაკუთრებული იერი და სახელი და  საერთოდ მიავიწყდათ, რომ ოდესღაც უმთავრესი შერკინება ინგლისელებისთვის, სქოთების წინააღმდეგ იყო.

არგენტინასთან ღმერთის ხელების, გენიოსის ფეხების და სიმეონე-ბექემების გაგრძელებების მიუხედავად, ინგლის-გერმანიამ დრმატულობა შეინარჩუნა და გააძლიერა.

 

England set up Germany showdown and it's time to end years of tears since  '66 cheers - Watch Live - Free Stream - Techbondhu News

1990 წელს, გერმანიამ განთქმულ პენალტებიან თამაშში დაატოვებინა მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისის კარგ გუნდს, მერე კი, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ამ ამბიდან გავიდა ექვსი წელიწადი და ინგლისის კიდევ უფრო კარგი გუნდი შინ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი შეიქნა. ფეხბურთი შინ დაბრუნდაო და რა აღარ  იმღერეს მაშინ და ამ შეჯიბრის ნახევარფინალში, გერმანიამ კვლავ პენალტებით დაატოვებინა შეჯიბრი ინგლისს და კვლავ ჩემპიონი გახდა.  მერე გარი ლინეკერმა იხუმრა, ფეხბურთი ეგ თამაშია, ოთხმოცდაათ წუთს გრძელდება და ბოლოს გერმანია იგებსო. იმ თამაშში რომ გადამწყვეტი პენალტი გააფუჭა, ის კაცი ახლა იმ ინგლისის ნაკრებს წვრთნის, რომელიც ახლა კვლავ ხვდება გერმანიას გასავარდნ თამაშში.

იმის მერე კიდევ იყო, ინგლის-გერმანიები, თუნდაც სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც გერმანიამ ინგლისი დაანგრია, ოღონდ გადამწყვეტ წუთებში ფრენკ ლამპარდს ისეთი გოლი არ ჩაუთვალეს, რომელზე ნაკლებ ჩასათვლელიც ოდესღაც ჯეფ ჰერსტს ჩაუთვალეს შორეულ წარსულში. მაშინ გერმანელები წერდნენ, აგე, სამართალი აღსრულდაო.

თამაში უემბლიზეა და გერმანული გაზეთები ახლა წერენ, უემბლი გვაწყობს, უემბლი საჩვენო ადგილიაო.  მოუგიათ იქ, მწარედაც, ამხანაგურადაც, ერთ-ერთი მწარე კი ის იყო, რომ ადრიდანვე გამოცხადდა, რომ ძველ, კოშკებიან უემბლის ანგრევენ და ახალი უნდა ააშენეონ. ინგლისელები მაინც დრამა-განცდის ხალხია და ძველი უემბლის ბოლო თამაშად, ინგლის-გერმანიის შესარჩევი მატჩი დანიშენეს, 2000 წლის სექტემბერში. დიტმარ ჰამანმა შორიდან დაბალი დაარტყა და  უემბლი გერმანიის გამარჯვებით დაიხურა. ინგლისელთა მაშინდელმა მწვრთნელმა კევინ კიგანმა ისე განიცადა, რომ თამაშის შემდეგვე გადადგა. სამ დღეში კიდევ ერთი  შესარჩევი მატჩი ჰქონდათ და ისიც არაფრად ჩააგდო. ამ ამბის გაგრძელება ისეთი იყო, რომ ინგლისმა საპასუხო მატჩი 5-1 მოუგო გერმანიას მიუნხენში.

Soccer History: The Goal That 'Never Was'

მოკლედ, ასეთი ამბებია და ახლა კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. ჯგუფში ინგლისმა სულ ორი გოლი გაიტანა,  გერმანიამ კი ბლომად, მაგრამ გერმანია არ ვარგაო, ვერაა ისეთიო. და ინგლისია ისეთი? თუმცა,  წესით, ისტორია გაგრძელდება. როგორც იტყვიან Show must go on. ფეხბურთი კი გამოიცვალა, მაგრამ არც ისე, რომ წარსულის ტკივილები სამუდამოდ დავიწყებოდეს.

მეოთხედფინალში სხვა, ბევრად საინტერესო თამაშებიცაა. მაგრამ, პენალტები, პენალტები… ინგლისი, გერმანია. და,  პენალტები?

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *