ისევ ყიფიანზე… “წაგების მერე მამას ვერ ვპოულობდით”

„მამაჩემი ხშირად არ გამოხატავდა ტკივილსა და განცდას. თავის თავში იკეტებოდა. როგორ უნდოდა, რომ საქართველოს ნაკრები გაეყვანა დიდ ტურნირზე, ან თბილისის დინამო გაეყვანა ჯგუფურ ეტაპზე. და საშინლად განიცდიდა, რომ გასაღებს ვერ პოულობდა“ – გვითხრა დავით ყიფიანის ვაჟმა, გიორგი ყიფიანმა.

 

გიორგი, როგორც იცით, თბილისის ლოკომოტივის ტექნიკური დირექტორია. 33 წლის გახლავთ. 13-ის იყო, როცა მამამისი, ქართული ფეხბურთის ლეგენდა ავტოავარიაში დაიღუპა… გიორგი ყიფიანს მამის ამბები გავახსენებინეთ – როგორი იყო მწვრთნელი ყიფიანი  წაგების, ან მოგების დღეებში, როგორ გამოხატავდა და ასე შემდეგ.

 

გიორგი ყიფიანი: – მამას 100-დან 100 ბალს დაუწერდი საქმისადმი სიყვარულში. გარშემო სულ ისეთ ადამიანებს იკრებდა, რომლებსაც დისციპლინა უყვარდათ და ამ სპორტულ კოდექსს იცავდნენ. ნიჭს პლუს დისციპლინა იყო მისი მოთხოვნა, ძირითადად ტალანტებზე აკეთებდა აქცენტს და 90-იანების შუა წლებიდან 18-19 წლის ფეხბურთელებს თამამად ენდობოდა ევროტურნირებზეც კი.

…ცდილობდა, გუნდს ჭკვიანური და შემოქმედებითი ფეხბურთი ეთამაშა. რაც მახსოვს, ცუდი შედეგი არსად არ ჰქონია. სადაც მიდიოდა, ყველგან პროგრესი ჰქონდა იმ გუნდს. მახსოვს მოგებები ლევერკუზენთან, მოსკოვის ტორპედოსთან, ბოავიშტასთან, მიოლდესთან და ასევე, საქართველოს ჩემპიონობები.

…საქართველოს ნაკრებში მუშაობა განსაკუთრებული სტრესია და  ვხედავდი, როგორ განიცდიდა. დიდი ზეწოლა მოდიოდა, ზოგჯერ არარეალური მოლოდინები და მოთხოვნები. ფეხბურთელობისას ყველას რომ უყვარხარ და შემდეგ როგორც მწვრთნელი, რისკში შედიხარ, რთული პროცესია. სტადიონზე ჩემს თვალწინ უგინებიათ და მიკვირდა, რას ერჩოდნენ. ამ ყველაფერზე ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ მამას თამასა ჰქონდა აწეული და მისგან მუდამ განსაკუთრებულს ითხოვდნენ.

…წაგებული თამაშის მერე? მოგებულ თამაშამდე მამას ვერ ვპოულობდით. იმიტომ, რომ განმარტოვდებოდა და იკეტებოდა თავის თავში, საათობით მუშაობდა.

…წარსულით არ ცხოვრობდა, წინ იყურებოდა, მაგრამ ძალიან განიცდიდა ზოგიერთ ამბავს. ყველაზე მეტად კი იმაზე წყდებოდა გული, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რომ გაუცდა. ნებისმიერ ფეხბურთელს უნდა მუნდიალზე თამაში. საშინელებაა, როცა ამხელა ფორუმს ტოვებ იმ დროს, როცა პიკში ხარ. ეს ისტორია ყველამ იცის.

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *