„რეალმა რომ 2016 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და შემდეგ კიდევ ორჯერ ზედიზედ ასწია თსი, ჩემი დამსახურებაცაა“ – თქვა ესპანელმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა.
ლიგა სამივეჯერ ზინედინ ზიდანის მწვრთნელობისას მოიგეს, მანამდე კი მართლაც რაფა იყო გუნდში და მოხსნეს.
„დღესაც ვთვლი, რომ მაშინდელ სამწვრთნელო შტაბს არასწორად მოგვექცნენ. არ გვაცადეს. ლა ლიგაში ორი ქულით ჩამოვრჩებოდით ბარსელონას და თამაშით ნაკლები გვქონდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, რეალმა მაშინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო ჩემი შექმნილი გუნდით. თავდამსხმელი გვჭირდებოდა, რადგან ბენზემას ზოგჯერ ვერ ვიყენებდით ტრავმის გამო. მაგრამ ვერავინ ვიყიდეთ. ამან პრობლემები შეგვიქმნა. რეალში ჩემი ეტაპი გაცილებით კარგი იყო, ვიდრე ბევრს ჰგონია. თუმცა ვთანხმდები, რომ ტიტულები დამაჯერებლობა აკლდა და მეტი შეიძლებოდა, ამის მისაღწევად კი დრო არ მომეცა“ (AS).
ბენიტესმა თქვა, რომ ლივერპულში სულ ჰქონდა ნდობა ხელმძღვანელობისგან, ხოლო რეალში ეს აკლდა…და რეალის ტრანსფერები?
„კაზემირომ, კოვაჩიჩმა და ვასკესმა დადებითი ეფექტი მოიტანეს. ყველაფერს სწორად ვაკეთებდით, მაგრამ ახლოვდებოდა კლუბის პრეზიდენტის არჩევნები და შეცდომის უფლება არ გვქონდა. კასილიასსა და რამოსს წასვლა სურდათ, რონალდუც უკმაყოფილო იყო. პრობლემები საკმარისად გვქონდა“.
და ნაპოლი? გარდა ლივერპულისა და რეალისა, რაფა ხომ ნაპოლისაც წვრთნიდა.
„როცა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე საუბრობენ, სულ ერთი და იგივე სახელები გვესმის: რეალი, სიტი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ნაპოლის შეუძლია გამარჯვება. დასაკარგი არაფერი აქვთ, ჩემპიონატში ძალიან წინ არიან და შეუძლიათ სრული ძალებით ითამაშონ ევროპაში. ეს ფიზმომზადების და ფსიქოლოგიის კუთხითაც. არ ვამტკიცებ, რომ მაინცდამაინც ნაპოლი მოიგებს ლიგას, მაგრამ ეს შეუძლიათ“. (La Gazzetta dello Sport)