2021 წლის სეზონი საბურთალოსთვის წარმატებული გამოდგა. მართალია გუნდი სამეულში ვერ მოხვდა, მაგრამ საქართველოს თასი მოიგო და გაისად ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა.
დედაქალაქელთა ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ამ კლუბის აღზრდილს იური ტაბატაძეს, რომელმაც სამგურალთან ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა. საერთოდაც ტაბატაძეს მშვენიერი სეზონი გამოუვიდა. საბურთალოს მე-7 ნომერმა წელს 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც მნიშვნელოვნად დაეხმარა გუნდს.
ტაბატაძეს საბურთალოს წარმატებაზე, განვლილ სეზონზე, სამომავლო გეგმებზე და ფეხბურთში პირველ ნაბიჯებზე ვრცლად ვესაუბრეთ.
– განვლილ სეზონს როგორ შეაფასებ?
– ცალსახად დადებითად, რადგან ტიტული მოვიგეთ რაც ყველაზე მთავარი იყო. თასის აღება გაისად ევროტურნირებზე მონაწილეობის მიღებაშიც დაგვეხმარება. პირადად ჩემთვისაც კარგი სეზონი იყო, თუმცა ბევრად მეტი შემეძლო. ძალიან კარგად დავიწყე, თუმცა შემდეგ ჩავარდნებიც მქონდა და ამან ხელი შემიშალა.
– ეს წელი მართლაც კარგი გამოგივიდა. შენი მონდომების გარდა კიდევ რა დაგეხმარა, რომ კარგი სეზონი გქონოდა?
– ზამთარში მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერად გავიარეთ. მეც ისევე როგორც ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად ვიხარჯებოდი, ასევე მწვრთნელების გვერდში დგომა და საბოლოოდ შედეგიც მოვიდა.
– სეზონის კარგმა სტარტმა ალბათ თავდაჯერება შეგმატა…
– დიახ, რა თქმა უნდა. ორმაგად თავდაჯერებული გავხდი და დიდი გამოცდილება მივიღე. იმედია ეს გამოცდილება შემდგომში დამეხმარება.
– რამდენად რთული იყო თასის ფინალში მოგება?
– თასის ფინალს მეორედ ვთამაშობდი და გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა. პირველად 2019 წელს ლოკომოტივთან ვითამაშე. სამგურალთან რთული შეხვედრა იყო, თავიდან არცერთ გუნდს არ წაგვივიდა თამაში. ერთი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, შემდეგ შევაგდეთ და მატჩი სასურველ გამარჯვებამდე მივიყვანეთ.
– გოლის მომენტს როგორ გაიხსენებ?
– მახსოვს ჯგერენაიას ჰქონდა ბურთი და შუაში გავიხსენი, გიორგიმ ფლანგზე გადაიტანა თამაში, მალიმ ჩააწოდა და თავით შევაგდე. ნიკას მთელი სეზონი მაგას ვეუბნებოდი, რომ მსგავს სიტუაციაში ჩემთვის ჩაეწოდებინა, რადგან მაღალი ვარ და კარგი ნახტომი მაქვს. კარგია, რომ ყველაზე საჭირო მომენტში ჩამიწოდა. გოლის მერე მთავარი 5-10 წუთი იყო, რადგან ემოციების დროს შეცდომა არ დაგვეშვა. შემდეგ უკვე თამაში მოგებამდე მშვიდად მივიყვანეთ.
– მთავარი ფაქტორი რა იყო რის ხარჯზეც ფინალში მოიგეთ?
– ვფიქრობ კლასის ხარჯზე გავიმარჯვეთ, ისიც სათქმელია, რომ ყველამ მაქსიმალურად მოვინდომეთ. ბევრი ვიშრომეთ და ამ შრომამ თასი მოგვიტანა.
– რა გრძნობაა როცა ფინალში გადამწყვეტი გოლი გაგაქვს?
– ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა, ფეხბურთი სხვა სამყროა და გოლისას ძალიან გახარებული ვიყავი.
– ამ სეზონში საბურთალოში 2 მწვრთნელთან მოგიწია მუშაობა, ლევან კორღალიძესთან და ხვიჩა შუბითიძესთან. რამდენად კომფორტულია შენთვის მათთან თამაში?
– კორღალიძე პირველად წინა სეზონში მოვიდა ჩვენთან, მაშინ ტრავმა მქონდა და ცოტა ვითამაშე. ლევანი ყოველთვის მაქსიმალურს ითხოვს, რჩევებით მუდამ მეხმარება და მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. რაც შეეხება შუბითიძეს, მასთან თამაშითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ხვიჩამ პოზიცია შემიცვალა, უფრო შემტევი გავხდი, რა დროსაც გოლები გავიტანე.
– კორღალიძე თასის ფინალამდე რამდენიმე კვირით ადრე დაგიბრუნდათ. მართალია ადრეც იყო იგი საბურთალოში, თუმცა ალბათ მაინც რთული იქნებოდა გადამწყვეტ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გუნდში მისვლა…
– ერთად დაწყებული საქმის ერთად დამთავრება გვინდოდა, მისმა დაბრუნებამ დადებითად იმოქმედა, ეს შედეგშიც აისახა.
– დინამო ბათუმთან 1/2 ფინალურ მატჩზეც მინდა ვისუაბროთ… რის ხარჯზე მოუგეთ გეგუჩაძის გუნდს?
– ამ თამაშშიც ყველა მაქსიმალურად ვიყავით კონცენტრირებულები და მოედნის თითოეულ მეტრზე ბოლომდე ვიბრძოდით. მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ და ფინალის საგზური მოვიპოვეთ. ამ შეხვედრას ფინალზე ნაკლები დატვირთვა არ ჰქონია.
– მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლი დაინიშნა, ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს უფრო დიდი ყურადღება ექცევა. არის ეს შენთვის მოტივაცია?
– დიახ, რა თქმა უნდა. ეს არამარტო ჩემთვის, არამედ ეროვნული ლიგის ყველა ფეხბურთელისთვის დამატებითი სტიმულია. ჩემი ოცნება ნაკრების მაისურის მორგებაა და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს გავაკეთებ.
– წელს ლოკომოტივთან საკმაოდ კარგი გოლი გაიტანე, თან ისე რომ ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გურამ კაშია მოატყუე. როგორ გაიხსენებ ეპიზოდს?
– კაშიას დონის ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. მახსოვს გოჩოლეიშვილმა თავით კარგი პასი გამიკეთა, ტექნიკის და სისწრაფის ხარჯზე მცველი ჩამოვიტოვე და გავიტანე.
– ცოტა უკეთ რომ გავაცნოთ მკითხველს შენი თავი… სად და რა ასაკში დაიწყე ფეხბურთის თამაში?
– ფეხბურთზე 7 წლის ასაკში შევედი. ასეთი გუნდი იყო ოლიმპი მახარე, 5 წელი მანდ ვიარე და შემდეგ ჩემმა მწვრთნელმა გურამ ხარებავამ საბურთალოს მეორე გუნდში გადამიყვანა. გარკვეული პერიოდი იქ დავყავი, შემდეგ გიორგი დეკანოსიძემ 1 წლით დიდებთან დამაწყებინა თამაში. გარკვეული პერიოდის მერე გიორგი ჭელიძე ჩაუდგა გუნდს სათავეში, 14-15 წლის ვიყავი, ეს ის პერიოდი იყო როცა უნდა გადამეწყვიტა ფეხბურთით უნდა მეცხოვრა თუ არა და არჩევანი ცხადია ფეხბურთის სასარგებლოდ გავაკეთე. 2019 წლიდან უკვე საბურთალოს მთავარი გუნდის წევრი ვარ.
– შენი უახლოესი მიზნები რა არის?
– მინდა შემდეგ წელს მინუსები გამოვასწორო, მოვუმატო და უკეთესი სეზონი მქონდეს. ამის მერე უკვე კარიერის უცხოეთში გაგრძელებაც შეიძლება.
– გუნდის მთავარი მიზანი რა იქნება 2022 წელს?
– გვინდა ევროტურნირებზე კარგად გამოვიდეთ და მინიმუმ სამეულში მოვხვდეთ, ცხადია ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ.
– საბურთალოს გაზრდილი ხარ და საინტერესოა შენი დამოკიდებულება არ გუნდის მიმართ…
– საბურთალო ერთი დიდი ოჯახია და წარმატება ამანაც განაპირობა. მუდამ ამის ხარჯზე გაგვაქვს თავი და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ეს ყველაფერი ძალიან გვეხმარება. ჩვენი მიზანი ყოველთვის უმაღლესი იქნება.
– შენი გადმოსახედიდან რა არის დღეს საქართველოს ჩემპიონატის მთავარი პრობლემა?
– ბევრი პრობლემაა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ინფრასტრუქტურას გამოვარჩევდი. ზოგ მოედანზე ძალიან ძნელია თამაში, განსაკუთრებით შემტევი ფეხბურთელებისთვის. როცა 1 შეხებით გინდა ბურთი მიიღო და წინ წახვიდე, ამისთვის ხანდახან 3 შეხება გჭირდება, ეს ტემპზეც მოქმედებს და ცხადია თამაშის ხარისხზეც.
– შენი საფეხბურთო გემოვნება როგორია? ვის გულშემატკივრობ და საყვარელი ფეხბურთელი ვინ არის?
– 2007-08 წლების სეზონიდან მანჩესტერის გულშემატკივარი ვარ, ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად კრიშტიანუ რონალდუ მომწონს, ბავშვობაში რიკარდო კაკასაც ვგულშემატკივრობდი.
– ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად ვის მიიჩნევ?
– ყველაზე ძლიერ გუნდად ბაიერნი მოსჩანს და ვთვლი, რომ მთავარი ფავორიტები არიან. იმედია მანჩესტერის შორს წავა.