იყოს ჯერჯერობით უხარისხო ფეხბურთით

მოვიგეთ! განსაკუთრებით იმან გამახარა, რომ მოვიგეთ კოსოვოში, სადაც საქართველო დაბალ ღობედ მიაჩნდათ და ჩვენთან წაგებაზე კატასტროფააო, დაწერეს. არადა, ფეხბურთის ისტორიას რომ გადავხედოთ, სად საქართველო და სად კოსოვო. ვის დაჰკარგვიან.

მეორე მხრივ, ვისი ბრალია? რა თქმა უნდა, ჩვენი.

კოსოვო 1:2 საქართველო

არის ასეთი უმსხვილესი ტელეკომპანია beIN Sports. ყატარელებისაა; ოფისებით დოჰაში, მაიამიში, პარიზსა და სტამბოლში. მოკლედ, რაკი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ყველაფერს აჩვენებენ, კოსოვოს და საქართველოს თამაშსაც კი. საშინელ ფულზეა ლაპარაკი. ექსპერტებად სულ ვენგერები და გულიტები უზით. ჰოდა, პრიშტინაში ზურიკო დავითაშვილმა თამაშის მიწურულს თავით რომ შეაგდო და მოვიგეთ, ამ beIN Sports-ის წამყვანმა მთელს დედამიწას შეატყობინა, ქართველებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში 3323 დღე მოგება რა იყო არ იცოდნენ და აჰა, როგორც იქნა მიაღწიესო.

საწყენია. თავად გავიპამპულეთ თავი. 3323 დღე რა უბედურებაა? ამდენი ხნის განმავლობაში ვინმე მაჩანჩალას მაინც როგორ ვერ უნდა მოუგო, მაგრამ რა გინდა ქნა, როდესაც მაჩანჩალად თავად ჩამოყალიბდი და კოსოვარები შენთან წაგებას უკადრისობენ. არადა, ღმერთო დიდებულო, ლაპარაკია მესხის, მეტრეველის, ხურცილავას, ყიფიანის, ჩივაძის, გუცაევის და სხვა დიდი ვარსკვლავების ქვეყანაზე.

Image 60

თუმცა, ბოლოს და ბოლოს მოვიგეთ და ეს ძალიან კარგია. თან, ბიჭებს ვერ დავწამებ, რომ არ იბრძოლეს. იბრძოლეს, ნამდვილად იბრძოლეს, ჯიგარი აჩვენეს, ოღონდ ეგ არის, სუსტი გუნდია. თანდათანობით იქნებ რაღაცა გვეშველოს, მაგრამ ჯერჯერობით თამაშის ხარისხი არ ვარგა.

მოგება ვარგოდა, ფეხბურთი არა.

კოსოვოელებს შეიძლება თავი დიდ ვინმედ მიაჩნიათ, მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში, წვიმიან ბათუმშიც კარგად ვიცოდით, რომ მართალია დაგვამარცხეს, მაგრამ არაფრად ვარგოდნენ და მათთან უხარისხო ფეხბურთით გამარჯვებას საკუთარ თავს დიდ მიღწევად ვერ ჩავუთვლით. აი, თავდადებისთვის კი მადლობას ვეტყვით ოქრიაშვილს, გიორბელიძეს, კაშიას, წიტაიშვილს, გვილიას… მთელს გუნდს.

გაუგებრად ვამბობ? ანუ მოგება, თან უსაფუძვლოდ ამპარტავან მოწინააღმდეგესთან, ძალიან კარგი იყო, ხოლო თამაშის ხარისხს მომავალში უკეთესს ველით. ადრე, ჩემი ბლოგებიდან ჩვენს ფეხბურთელებს სულ ასე მივმართავდი — თქვენ ჯიგარი გვაჩვენეთ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება, მეთქი. ჰოდა, გამოჩნდა. ახლა უკვე შემდეგი ნაბიჯია გადასადგმელი.

ბერძნებთან წაგებაზე კი რა გითხრათ, აბა? ბათუმში იმხელა ტრაგედია დატრიალდა, რომ ამ პატარა ერის შვილებს არ გვეფეხბურთებოდა. თან, სტადიონზე მაყურებელი აღარ შეუშვეს. დამთრგუნველი სიჩუმე იყო, მძიმე გარემო.

ღმერთო, ნუ მიწყენ და ეს ტრაგედია სადმე დიდ მეგაპოლისში რომ მომხდარიყო, შეიძლება გვერდით უბანში ვერც გაეგოთ, მაგრამ ბათუმი ხომ პატარაა. საქართველოა პატარა.

არადა, ხალისი რომ ყოფილიყო და ტრიბუნებზე ხალხი მჯდარიყო, სხვას ყველაფერს თავი დავანებოთ, მსაჯს თამაშის ბოლოს ის პენალტი შეიძლება არც დაენიშნა… თუმცა, ვინ იცის, იქნებ დაენიშნა კიდეც. მგონი, მაინც წაუპენალტებდა.

აქ, მეორე გოლზე ხმის ამოღება არც ღირს.

Image 62

მოკლედ, იმ დღეს ბერძნებს ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტიათ, მაგრამ ჩვენ რომ გვაჯობეს, ეს ფაქტია.

ხოლო 11-14 ნოემბერს ბოლო ტურებია. საქართველო შვედებს მასპინძლობს, კოსოვო საბერძნეთში მიდის. და რა კარგი იქნება ისევ ცხრილის ფსკერზე თუ არ აღმოვჩნდებით.

ბოლოს კი ჩვენი ლოზუნგი შემოვძახოთ და ამით დავასრულოთ: ბიჭებო, თქვენ ჯიგარი გვაჩვენეთ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

ჯანდაბას, იყოს ჯერჯერობით უხარისხო ფეხბურთით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *