იანვარი იმითაა ყურადსაღები, რომ მიხეილ მესხი დაიბადა. ეს მოხდა 1937 წლის 12 იანვარს. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მე მისი თამაში არასდროს მინახავს.
არა, ვიტყუები, მინახავს. დიდ მოედანზე მინახავს, დინამოზე. თუ სწორად მახსოვს სპორტის სასახლეშიც, მაგრამ ვეტერანებში. აი, მესხი რომ მესხობდა, მაშინ პატარა ვიყავი.
ახლა ვფიქრობ, ათასჯერ მოყოლილი მეც გავიმეორო თუ არა. ყველამ იცის და ვითომ ღირს? თუმცა, შეიძლება რომელიმე ახალგაზრდას არ ჰქონდეს მოსმენილი და თუ შემთხვევით ჩემს ბლოგს წაიკითხავს, გაიგებს: 1969 წლის 16 ივლისს „დიდი მიშა“ ფეხბურთიდან გააცილეს. ვაკეში, იმ სტადიონზე, რომელსაც ადრე ლოკომოტივი ერქვა, ახლა კი მის სახელს ატარებს, დინამოს მონტევიდეოს ნასიონალი შეხვდა. მესხმა პირველი ტაიმი ითამაშა. მერე თანაგუნდელებმა მხრებზე შეისვეს, ტრიბუნებმა კი ოვაცია მოუწყვეს. ურუგვაელების მწვრთნელს უკითხავს, რა ხდებაო. ფეხბურთიდან მიდისო. გაკვირვებია, ეს მიდის და სხვები რჩებიანო?
ვინმე მკითხავს, რატომ არის ჩემთვის ძვირფასი ის ფეხბურთელი, რომლის თამაშიც არ მინახავს. იმიტომ, რომ მე იმ თაობის კაცი ვარ, როდესაც ფეხბურთს მარტო კი არ უყურებდნენ, ჰყვებოდნენ კიდეც. მე და ჩემს ტოლებს მამების მონათხრობი ისტორიები გვიყვარდა და მათ ოხშივარში გამოვლილებს ორმაგად გვეძვირფასებოდა ისინი, ვისაც უკვე ჩვენი თვალით ვხედავდით. ჩვენ კი ისეთებს ვხედავდით, ევროპის დიდ საფეხბურთო ქალაქებშიც ბარე ორს რომ შეშურდებოდა.
ფეხბურთელით აღტაცების მეტი რა მინახავს. მინახავს მოწიწება, აღფრთოვანება, გაოცება, გაოგნება, მაგრამ იყო ერთი გამომეტყველება, ერთი სხივი, რომელიც მარტო მესხის ხსენებაზე უდგებოდათ თვალებში. არ ვიცი სიტყვებით როგორ აღვწერო… ამას ალბათ უბრალო ხალხის სიყვარული ჰქვია.
ერთია, როდესაც ვარსკვლავი გიყვარს და მეორე, როდესაც გიყვარს ძალიან დიდი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გადის და იქ ყველაზე მეტად რაც გინდა იმას აკეთებს. გარდა იმისა, რომ თამაშს იგებს, სპექტაკლს დგამს, თან როგორს იცი? ერთ წამში გულიდან უზარმაზარ სიხარულს რომ ამოგაფრქვევინებს, ისეთს. ცენტრალურ პრესაში ნაქებ მოსკოველ მცველებს ერთი მეორის მიყოლებით გაგიბითურებს და შენც, 1960-იან წლებში მცხოვრები საბჭოთა მოქალაქე-გულშემატკივარი, ქარხნის მუშა თუ საკონსტრუქტორო ბიუროს თანამშრომელი მთლად კარგად ვერ აცნობიერებ რამ გადაგრია. ეტყობა, სახალხო გმირობა კიდევ სხვა რაღაცაა.
არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ მეხი იყო გენიოსი. ის გაიბრწყინებდა ყველგან — რეალში, მანჩესტერ იუნაიტედში, ინტერში… იმ ეპოქის ნებისმიერ დიდ გუნდში. ის თავისუფლად იქნებოდა პელეს, ეუსებიოს, დი სტეფანოს და რომელიც გინდა იმ ვარსკვლავის ღირსეული პარტნიორი.
ევროპის ჩემპიონი იყო, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, სამჯერ ბრინჯაოს პრიზიორი. ექვსჯერ „თვითონ მოსკოველებმა“ წლის 33 საუკეთესოში შეიყვანეს — თავის პოზიციაზე ბადალი არ ჰყავდა. და რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ის იყო ფეხბურთელი, რომელმაც თავისი ფინტი მოიგონა — მესხის ფინტი. მეტი მართლა რაღა გინდა?!
მიხეილ მესხი იანვარში დაიბადა. 1937 წლის 12 იანვარს. 86 წლისა გახდებოდა. ის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურაა. მე კი… მე მისი თამაში არ მინახავს, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარს.